საზოგადოებასაქართველო

ვინ არიან პაციენტი და კლინიკის ოპერატორი ცნობილი აუდიოჩანაწერიდან, რომელთა დიალოგმაც სოცქსელი გაამხიარულა

ორი დღეა სოციალური ქსელი ცნობილმა აუდიოჩანაწერმა მოიცვა, სადაც პაციენტს რევმატოლოგთან ჩაწერა სურს, ოპერატორი კი მას ნოემბერში სთავაზობს ჩაწერას.

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა ოპერატორ ირმა ზვერიაშვილს, რომელიც რეალურ ისტორიას გვიამბობს.

„ზოგადად ჩაწერა წინასწარ ხდება არა მხოლოდ პროფილის ექიმებთან, არამედ თერაპევტებთანაც და თან ძალიან ბევრი პაციენტია. 2-3 კვირის მერე თავისუფლდება ადგილი. არის პროფილის ექიმები, რომლებთანაც ოქტომბერში ჩაეწერნენ და დეკემბერის ბოლოს აქვთ მხოლოდ ადგილი.

უშუალოდ ეს ზარი განხორციელდა 18 ოქტომბერს და მე ვწერ 10 ნოემბერს, პაციენტი მეუბნება, რომ ამ წლის? ამ დროს სიცილი ვერ შევიკავე, მაგრამ არ მაქვს უფლება, რომ პაციენტის ნათქვამზე გავიცინო და ვპასუხობ: დიახ, რა თქმა უნდათქო, აი იქ უკვე ვიღაცის სიცილი რომ გავიგე, თავი ვეღარ შევიკავე. გაუჩერებელი სიცილი იყო. მითხრა, მაინც ჩამწერე რა იცი რა ხდებაო, თუ მე ვერ მოვალ ჩემი შთამომავლობა მოვაო. ამის მერე სტანდარტული ტექსტით დავემშვიდობე, ვუსურვე ჯანმრთელობა.

ნამდვილად არ ველოდი, ეს ზარი თუ ასე გავრცელდებოდა, რადგან მეგობრებში არ გამივრცელებია, უბრალოდ, სამსახურის ჯგუფში ჩავაგდე გოგოებისთვის, რომ პოზიტივი შემეტანა, რადგან ძალიან ბევრი მძიმე ზარიც ხორციელდება. მეთქი გოგოებო გაიხალისეთ დღე, როცა ცუდი ზარი გექნებათ“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ირმა ზვერიაშვილი.

გქონდათ თუ არა თავად პაციენტთან კომუნიკაცია?

გუშინ, სოციალური ქსელის მეშვეობით გვქონდა კომუნიკაცია. დადებითი ემოციით მომწერა, გამარჯობა ირმა ბარაქა შენს პოზიტივსო. მე ბოდიშიც მოვუხადე, ასე რო გავრცელდა ეს ჩანაწერი. მან მითხრა, რომ იმდენად დადებითი წამოვიდა ხალხისგან, რო არაფერს არ ვამბობო. ეს იყო ჩვენი კომუნიკაცია. ძალიან დადებითი პიროვნებაა.

რაც შეეხება პაციენტს აუდიოჩანაწერიდან: როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ის რეჟისორი შალვა შენგელი გახლავთ. ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობს.

ის ჩვენთან დიალოგში მცირე კომენტარით შემოიფარგლა. „ძალიან კარგი ადამიანია ირმა… ჩანაწერი ჩემი ნებართვის გარეშე გავრცელდა“, – გვითხრა მან.

შალვა შენგელმა „პრაიმტაიმს“ უფლება მისცა, რომ მისი ვინაობა და ფოტო გასაჯაროებულიყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close