მსოფლიოქართველები უცხოეთში

ისრაელში გარდაიცვალა ქართველი ებრაელი, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი ავთანდილ წიწუაშვილი (იცხაკ ილანი)

მისი გარდაცვალების მიზეზი კოვიდ-19 გახდა

ისრაელში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ქართველი ებრაელი, სურამში დაბადებული ავთანდილ წიწუაშვილი (იცხაკ ილანი), რომელიც 1973 წლიდან ისრაელში ცხოვრობდა. იგი ისრაელის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი იყო (საერთო უსაფრთხოების სამსახურის (შაბაკი) უფროსის მოადგილე) და დიდი როლი შეასრულა არაერთი ჯაშუშის და საშიში ტერორისტის გამოვლენასა და გაუვნებელყოფაში. იცხაკ ილანს „ისრაელის გმირს“ უწოდებენ ისრაელის სახელმწიფოს მტრების  წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, რითაც მან ათასობით თანამემამულის სიცოცხლე იხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, 64 წლის იცხაკ ილანის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა. ილანმა, რომელიც ოჯახთან ერთად აშდოდში ცხოვრობდა, ერთი წლის წინ ფილტვის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და მისთვის კოვიდინფექცია საბედისწერო აღმოჩნდა.

მედიის ცნობით, გარდაცვალებამდე ილანს WhatsApp-ით მიმოწერა ჰქონდა შაბაკის ყოფილ უფროსთან იუვალ დისკინთან, სადაც წერდა, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაშია კოვიდ-19-ით ინფიცირების გამო.

„ძალიან ვიტანჯებოდი მთელი ღამე. ვთხოვ, რომ ხელოვნურ კომაში შემიყვანონ. თუ ვერ გამოვედი კომიდან, იცოდე, რომ შენ მიმართ კარგად ვიყავი განწყობილი“, – მისწერა ილანმა დისკინს ბოლო შეტყობინებაში.

იცხაკ ილანი აშდოდში დაკრძალეს. კორონავირუსის პანდემიის გამო მის დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

„ისრაელის გმირი, დაე, მუდამ გვახსოვდეს იგი, როგორც ნაციის ერთ-ერთი დამცველი“, – წერს ფეისბუქში რან რაჰავი, ისრაელის ყველზე დიდი PR კომპანია Ran Rahav Communications and Public Relations-ის უფროსი და ილანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისრაელის ცენტრალური პრესის გამოხმაურებას აქვეყნებს.

~

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს იცხაკ ილანის გარდაცვალებათან დაკავშირებით.

„საქართველოს საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველ ებრაელთა თემის ღვაწლმოსილი წევრის, ისრაელის საზოგადო მოღვაწის იცხაკ ილანის (ავთო წიწუაშვილის) გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ორივე სამშობლოს დიდი ადამიანის დაკარგვას, რომელმაც 30 წელზე მეტი ისრაელის უშიშროების სააგენტოს უფროსის მოადგილედ იმსახურა და ღირსეულად იარა კარიერულ საფეხურებზე – სურამიდან „შაბაკის“ ხელმძღვანელამდე. სიამაყით ვიხსენებთ, რომ იცხაკ ილანის პირველი წარმატებები სამეცნიერო სარბიელზე თბილისის კომაროვის სახელობის მათემატიკური სკოლიდან დაიწყო“, – წერია საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

nostal.ge მწუხარებას გამოხატავს ავთანდილ წიწუაშვილის (იცხაკ ილანი) ნაადრევი გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს.

ამ ინტერვიუში, რომელიც 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, იცხაკ ილანი თავად საუბრობს საკუთარ ბიოგრაფიასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო საკითხზე:

სურამში დაბადებული ქართველი ებრაელი, რომელმაც რუსი ჯაშუშები და ცნობილი ტერორისტები გაანადგურა

ნინო ლურსმანაშვილი

იცხაკ ილანის ბოლო ოფიციალური მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close