საზოგადოებასაქართველო

მოხუცთა ჰოსპისში მცხოვრებ დავით სოკოლოვს 22 წლის შემდეგ სახლი აჩუქეს – ვინ არის მჩუქებელი? (ვიდეო)

ერთ-ერთი პირველი ქართველი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი, რომლის განუმეორებელი ხმა 35 წლის განმავლობაში ტელევიზორიდან თითოეულ ბინაში ყოველდღიურად ისმოდა, 1998 წლიდან ბინას ელოდება.

1991 წელს, სამოქალაქო ომის დროს მისი სახლი, რომელიც პირველი სკოლის უკან, შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობდა, დაიწვა და, როგორც დაზარალებულს, საკომპენსაციო თანხა ეკუთვნოდა.

ამ თანხის სანაცვლოდ დავით სოკოლოვმა ბინის აშენება მოითხოვა, თანხმობაც მიიღო, რომ 135 კვ. მეტრის ფართს მისცემდენ, მაგრამ სახლი, რომელშიც ბინა უნდა მიეღო, არ აშენდა.

მას შემდეგ ყველა მერთან ცდილობდა შეხვედრას, რომ ან ბინით დაეკმაყოფილებინათ, ან თანხა მიეცათ. წლებია ის ხან ხანდაზმულთა პანსიონში და ხან მოხუცთა ჰოსპისში ცხოვრობს.

„2006 წელს გიგი უგულავასთან ჩავეწერე მიღებაზე, მაგრამ თავისი ხელით ამომშალა სიიდან. მერე კი საერთოდ გააუქმა მიღების დღე.

დავით ნარმანიასაც მრავალჯერ მივმართე და 5-ჯერ მაინც შევხვდი. მასთან გაგზავნილ წერილებზე პასუხს იურიდიული სამსახურიდან მწერდნენ, რომ ჩემი წერილი მათ არ ეკუთვნოდათ“, – იხსენებს  ჟურნალი „სარკესთან“ ინტერვიუში დავით სოკოლოვი.

დღეს გავრცელდა სასიხარულო ინფორმაცია, რომ დავით სოკოლოვს, რომელიც 20 წელზე მეტია ბინას ელოდებოდა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სახლი აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ავრცელებს.

„დავით სოკოლოვმა მთხოვა ამ ვიდეოს გადაღება და ატვირთვა.

სხვა ვერაფრით გადავუხდი ადამიანებს იმ მადლიერებას რასაც ვგრძნობ და ასე მაინც ვეტყვიო💖

ყველას დიდი მადლობა ჩემგანაც, ვისაც გახსოვთ ბატონი დათო და ვინც სულ ცოტათი მაინც წუხდებით მის გამო“, – წერს მაკა რაზმაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მიერ გავრცელებულ ამ ვიდეოს ბევრი კომენტარი მოჰყვა. ერთს გაგაცნობთ მხოლოდ: „მაკა, მადლად გეყოფა ამ ადამიანის გვერდით დგომა… ბატონი დავითი, ნაოჭებში გახვეული ადამიანობა!“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი Eka Saralidze.

.მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close