fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალია: კალაბრიის პრეზიდენტი იოლე სანტელი გარდაიცვალა

კალაბრიის რეგიონის 51 წლის პრეზიდენტი იოლე სანტელი (იტ. Jole Santelli) დღეს, 15 ოქტომბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი მისმა დამ დილით აღმოაჩინა გარდაცვლილი საკუთარ სახლში, კოზენცაში. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

იოლე სანტელი დიდი ხნის განმავლობაში იყო ავად სიმსივნით. გუშინ იგი კოზენცაში პოლიტიკურ შეხვედრებში მონაწილეობდა. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცბად დამძიმდა.

იოლე სანტელი კალაბრიის რეგიონის პრეზიდენტი 2020 წლის 15 თებერვალს გახდა. მანამდე იგი „ფორცა იტალიას“ თავმჯდომარის (სილვიო ბერლუსკონი) მოადგილის პოსტს იკავებდა, რომლის წევრიც 1994 წლიდან იყო. პირველად სანტელი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში 2001 წლის არჩევნების შედეგად მოხვდა.

სილვიო ბერლუსკონი იოლე სანტელისთან ერთად, 2020 წლის 23 იანვარი, Ansa

იურიდიული განათლება მან რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში მიიღო და შემდეგ ადვოკატის პრაქტიკას ეწეოდა. თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში იოლე სანტელი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე 2001-2006 წლებში (ბერლუსკონის მთავრობაში), აგრეთვე, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე 2013 წელს, ენრიკო ლეტას მთავრობაში.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც იოლე სანტელის გარდაცვალებას „სამწუხარო დანაკარგი“ უწოდა მთელი კალაბრიისთვის და ყველა ინსტიტუციისთვის და მის ოჯახს მიუსამძიმრა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close