ქართველმა ექიმებმა აფხაზეთიდან გადმოყვანილი ახალშობილი სიკვდილს გადაარჩინეს
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 12 დღის ჩვილი ქართველმა ექიებმა სიკვდილის გადაარჩინეს. ახალშობილი ბიჭუნა, თანდაყოლილი ანომალიის გამო, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. პატარას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად უკვე თავის მშობლებთან იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ექიმობა რომ ყველაზე ჰუმანური პროფესიაა და რეალურად ერთეულთა ხვედრია, ჩემი ყოველდღიური რუტინა ამ აქსიომას მიმყარებს, თუმცა არის პროფესიონალიზმსა და ვალდებულებაზე გაცილებით მეტი, რასაც ღვთისნიერება, კეთილშობილება და ფილანტროპობა ჰქვია, ასეთ საოცარ ადამიანებზე დგას ეს სამყარო…
ოკუპირებული აფხაზეთიდან 12 დღის პატარა კაცუნას, რომელსაც თანდაყოლილი ანომალია აღმოაჩნდა და უმძიმეს მდგომარეობაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა.
სხვადასხვა გარემოებების გამო პატარა პაციენტი მარტო, მშობლებისა და თანმხლები პირის გარეშე უნდა წამოგვეყვანა.
ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად ჩვენთან ერთად უყოყმანოდ გაიზიარა ბატონმა ივანე ჩხაიძემ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ჩვენმა გაჭირვების ტალკვესმა.
ურთულესი ოპერაცია ოქროსხელება ბრწყინვალე ქირურგმა, ბატონმა ზვიად ბულისკერიამ ვირტუოზულად შეასრულა და უკვე პოსტოპერაციული პერიოდიდან გაწერამდე ჩვენი კაცუნა განუმეორებელი ნინო სოლომონიას აქტიური პატრონაჟის ქვეშ გადავიდა, რომელმაც უდიდესი ენერგია და სიყვარული ჩააქსოვა, რომ სამკვირიანი ბრძოლა გამარჯვებით დასრულებულიყო და ასეც დასრულდა.
დღეს გამოჯანმრთელებული პატარა მშობლებს დაუბრუნდა, რომლებიც უსაზღვროდ ემადლიერებიან საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ჯანდაცვას და ამ საოცარ და მართლაც ღვთისნიერ ექიმებს; Ivane Chkhaidze, ზვიად ბულისკერია, Nino Solomonia, მადლობას გიხდით და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ეს არის ქართული მედიცინის მორიგი წარმატება და კიდევ ერთი ნაჩუქარი სიცოცხლე“, – წერს ქეთევან ბაკარაძე.
კომენტარები