საზოგადოებასაქართველო

ორდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მეწყერში მოყოლილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს (ვიდეო)

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ისინი სტიქიის დროს დაკარგულ ბიჭს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მეწყერში მოყოლილი მეათეკლასელი ბიჭის სამძებრო სამუშაოებში გუშინ, 3 ოქტომბერს მეხანძრეები ჩაერთვნენ. ძებნა წყლის ჭავლით მიმდინარეობდა ფერდობის იმ ნაწილზე, საიდანაც მიწის მასა თითქმის გაიტანეს.

ტრაგედიის ადგილზე ასზე მეტი მაშველი და მძიმე ტექნიკა მუშაობდა. ბიჭის ცხედარი დღეს ნაშუადღეს იპოვეს.

წინა დღით, 2 ოქტომბერს იპოვეს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპული მოზარდის დედ-მამის ცხედრები.

სტიქიამ აჭარაში ექვსი ადამიანი იმსხვერპლა. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილმა მეწყერმა თედორაძეების სახლი ხევში ჩაიტანა, რა დროსაც სახლში მყოფი ოჯახის სამივე წევრი დაიღუპა. მეწყერმა იმსხვერპლა აგრეთვე სოფლის გზაზე მიმავალი ავტომობილის ორი მგზავრიც.

იმავე ღამით ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე ადიდებულმა მდინარე მეჯინისწყალმა ავტომობილი წაიღო. მაშველებმა ავტომობილი იპოვეს, მძღოლი – ჯერ ვერა.

პირველ ოქტომბერს, ღამით აჭარაში სტიქიური მოვლენები ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 200-მდე მეწყრული კერა გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 200 მაშველი-მეხანძრე. ისინი თითქმის 48 საათის განმავლობაში აწარმოებდნენ სამძებრო-გაწმენდით სამუშაოებს.

თედორაძეების ოჯახის მეოთხე წევრი – მეექვსეკლასელი გოგონა გადარჩა, საბედნიეროდ, იგი ტრაგედიის დროს შუახევში ნათესავთან იმყოფებოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გოგონას, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფო სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.

„ყველაფერს გავაკეთებთ, მას ექნება აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა სახელმწიფოსგან და თითოეული ჩვენგანის მხრიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close