ეკონომიკაიტალია

ვენეციაში პირველად რაბების სისტემა MOSE-მ ქალაქი წყალდიდობისგან წარმატებით დაიცვა

წყლის დონემ 130 სმ-მდე მოიმატა, თუმცა სან მარკოს მოედანი არ დაიტბორა

ვენეცია მოქცევის შედეგად დატბორვისგან რაბების სისტემა Mose-მ დღეს პირველად დაიცვა. ამის შესახებ „ანსა“ წერს. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

78 ყვითელი ბარიერისგან შემდგარი დამცავი სისტემა ვენეციის ლაგუნის შესასვლელში ზღვის ფსკერიდან ამოიმართა, როცა ძლიერი ქარისა და წვიმისგან გამოწვეული მოქცევა დაიწყო.

Venice, Italy, 03 October 2020. ANSA

ქალაქის ხელისუფლების პროგნოზით, მოქცევის დონე 130 სმ-ს მიაღწევდა (გაცილებით ნაკლები დამანგრეველ, რეკორდულ 187 სმ-თან შედარებით, რომელმაც ვენეციაში კატასტროფული შედეგები გამოიწვია გასული წლის ნოემბერში).

მოსალოდნელი პიკი შუადღის შემდეგ მალე დადგა, თუმცა წმინდა მარკოზის მოედანი, ვენეციის ის ადგილი, რომელიც წყალდიდობებისგან ერთ-ერთი პირველი ზარალდება ხოლმე, მშრალი დარჩა.

„ბაზილიკა მშრალია, მშრალი! და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია“, – უთხრა „ანსას“ კარლო ალბერტო ტესერინმა, სან მარკოს პირველმა პროკურატორმა ვენეციაში. მისი თქმით, სისტემამ გამართულად იმუშავა, 90 სმ მოქცევის შემთხვევაში მოედანზე უკვე წყალია ხოლმე, ამჯერად კი სან მარკო წყალს არ დაუტბორავს, რადგან Mose-მ დაიცვა.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტები დღეს ყველა მონაცემს აგროვებდნენ, რათა სისტემის აგება ზუსტად დასრულდეს.

წყალდიდობისგან დამცავი სისტემა Mose (აკრონიმი იტალიურიდან – Modulo Sperimentale Elettromeccanico, ექსპერიმენტული ელექტრომექანიკური მოდული) ტექნიკური პროექტია, რომელიც მიმართული ვენეციისა და ვენეციის ლაგუნის სხვა დასახლებული პუნქტების წყალდიდობებისა და დატბორვისგან დასაცავად. ეს არის მობილური ბარიერებისგან შემდგარი ინტეგრირებული დაცვის სისტემა, რომელიც ახდენს ვენეციის ლაგუნის იზოლირებას ადრიატიკის ზღვისგან, როდესაც მოქცევისას წყლის დონე ნორმალურ ნიშნულს (110 სმ) აღემატება და შესაძლოა 3 მეტრსაც მიაღწიოს. პროექტის სამუშაოები დაიწყო 2003 წელს ლიდოს, მალამოკოს და კიოჯის სრუტეებში, რომლებიც ლაგუნას ზღვასთან აერთებენ და რომელთა საშუალებითაც დასახლებულ პუნქტებში წყალი შედის უამინდობის და ჭარბი ნალექების დროს.

Mose-ს ღირებულება რამდენიმე მილიარდი ევროა, ის 2011 წელს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, თუმცა კორუფციისა და თანხების გადამეტებული ხარჯვის გამო პროექტის განხორციელება შეფერხდა.

მიმდინარე წლის ივლისში რაბების სისტემა  გამოცადეს და ინჟინრებმა დაასკვნეს, რომ Mose უამინდობის დროს გამოსაყენებლად მზადაა.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: ნამდვილი აპოკალიფსი ვენეციაში: წყლის დონე – 187 სმ, ორი ადამიანი დაიღუპა (ფოტოები და ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close