იტალიასაზოგადოება

ჯუზეპე კონტე აპირებს, იტალიაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3,5 თვით გაახანგრძლივოს (ვიდეო)

იტალიის მთავრობა ქვეყნის პარლამენტს მიმართავს წინადადებით, კიდევ 3,5 თვით გახანგრძლივდეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გუშინ, პირველ სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ვადა 15 ოქტომბერს იწურება.

იტალიაში ეპიდემია „კონტროლქვეშაა“, თუმცა არსებული სიტუაცია „მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვს როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პირველ ოქტომბერს, საღამოს გამოცხადებული მონაცემების თანახმად, რომელსაც „ანსა“ აქვეყნებს, ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 24 ადამიანი გარდაიცვალა (წინა დღეს – 19) და კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რაოდენობამ 35 918-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელებულთა მთლიანი რაოდენობა 228 844-ს შეადგენს – ბოლო ერთ დღეში ეს მაჩვენებელი 1140-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ  2548-ით მოიმატა (წინა დღეს – 1851-ით; ჩატარდა 118236 ტესტი, 13 ათასით მეტი, ვიდრე 30 სექტემბერს). ბოლოს ასეთი მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე წლის აპრილში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი მოქმედებდა. შედეგად, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 317 409-ს შეადგენს.

ამ დროისთვის იტალიაში აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 52 647-ს აღწევს (+1384 ბოლო 24 სთ-ში). მათგან კრიტიკულად მძიმეა 291 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით ნელა იზრდება. ექიმები ამ ფაქტს უკავშირებენ იმას, რომ ინფიცირებულთა საშუალო ასაკი შემცირდა – ახალი ინფიცირებულების უმეტესობა ახალგაზრდები ან საშუალო ასაკის ადამიანები არიან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close