მედიცინამსოფლიო

რამდენ ხანს რჩება ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულები და შეიძლება თუ SARS-CoV-2-ით ხელმეორედ დაინფიცირება?

როდესაც წლის დასაწყისში გაირკვა, რომ ჩინეთში წარმოქმნილი დაავადების გამომწვევი მიზეზი ახალი კორონავირუსი იყო, ქვეყანაში მზარდი ეპიდემიის შესახებ მეცნიერთა შეშფოთება ლამის სასოწარკვეთილებამ ჩაანაცვლა. როგორც წესი, ამ ვირუსის ოჯახის წარმომადგენლები პაციენტებში ძლიერ იმუნიტეტს არ ტოვებენ: გამოჯანმრთელებიდან უკვე ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგ იმავე ინფექციის დაბრუნება მარტივად შეიძლება. 

თუმცა რაც უფრო მეტს ვიგებთ ახალი კორონავირუსის შესახებ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ Sars-Cov-2 თავისი წინამორბედებისგან ძალიან განსხვავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს იმედი, გამოჯანმრთელებულ პაციენტებში იმუნური დაცვა გაცილებით გრძელვადიანი იყოს, შესაძლოა სამუდამოც კი.

ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია. ძირითადი კითხვები, რომლებზეც ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიაა დამოკიდებული, უპასუხოდ რჩება. რა გაიგეს მეცნიერებმა Covid-19-ის იმუნიტეტის შესახებ პანდემიის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში და ვირუსის მკვლევართა თუ ვაქცინების შემქმნელთა უმეტესობა რატომ არის ოპტიმისტურად განწყობილი? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი BBC-მ გასცა.

საერთოდ რა არის იმუნიტეტი? 

იმუნიტეტი არის ორგანიზმის უნარი, ინფექციას წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნიტეტი ადამიანს კონკრეტული დაავადებისგან მისი პათოგენის (ვირუსი, ბაქტერია ან სოკო) განეიტრალებით იცავს. იმუნიტეტი არსებობს თანდაყოლილი (ეს საშუალებას გვაძლევს  დაავადებებს ზოგადად ვებრძოლოთ) და შეძენილი, რომელიც დაბადების შემდეგ ყალიბდება (ამა თუ იმ კონკრეტული ინფექციის გადატანის შედეგად და მხოლოდ მისგან იცავს).

ნებისმიერი დაავადების გამომწვევ ვირუსთან პირველი შეხებისას ჩვენი სხეული მასთან ბრძოლის სტრატეგიას შეიმუშავებს, მორიგ შეხვედრაზე კი მას ეფექტიან წინააღმდეგობას უწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სხეულს შეუძლია დაიმახსოვროს და გადატანილი დაავადებები გარკვეული პერიოდის შემდეგ ამოიცნოს. ხშირად მეცნიერები ამ ფენომენს „იმუნურ მეხსიერებას“ უწოდებენ, რადგან ის ინახავს მოგონებებს იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩვეულებრივი მეხსიერებიდან დიდი ხნის წაშლილია.

მაგალითად, თქვენ არც კი გახსოვთ, ადრეულ ბავშვობაში გქონდათ თუ არა ჩუტყვავილა ან გაგიკეთეს თუ არა „ბცჟ“-ს ვაქცინა, მაგრამ თქვენს იმუნიტეტს ეს არ დავიწყნია და საშუალებას არ გაძლევთ, ჩუტყვავილას ვირუსით ან კოხის ჩხირებით დაავადდეთ.

რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი?

იმუნური მეხსიერების ხანგრძლივობა  დაავადებაზეა დამოკიდებული. ჩუტყვავილა, ყბაყურა ან წითელა ყველაზე ხშირად სამუდამო იმუნიტეტს ტოვებს, თუმცა ეს გამონაკლისია და არა – წესი. A ჰეპატიტის ან ყვითელი ცხელების ვაქცინაცია კი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული.

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, პაციენტს სტაბილურ იმუნიტეტს სეზონური გრიპიც უყალიბებს. თუმცა ეს ეხება ვირუსის მხოლოდ იმავე ტიპს (შტამი), რომელიც ადამიანმა უკვე გადაიტანა.

ამავდროულად, გრიპი მუტაციას სწრაფად განიცდის. ასე რომ, რამდენიმე თვეში ადამიანი შეიძლება ისევ დაინფიცირდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ვინაიდან პაციენტს ნაწილობრივ  წინა ინფექციიდან დარჩენილი ანტისხეულები იცავენ.

ყველა ავადმყოფს ერთნაირი ანტისხეულები აქვს?

სულაც არ არის აუცილებელი. Covid-19-ით დაავადებულთა სისხლში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეულების 250-ზე მეტი სახეობა, რომლებიც პაციენტების ორგანიზმმა ინფექციის შეჩერების მიზნით გამოიმუშავა. 28 მათგანი დაავადებას ყველაზე ეფექტიანად გაუმკლავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი გაანეიტრალა.

გამოჯანმრთელების შემდეგ რა ხდება?

ანტისხეულები სისხლში რჩება  და ინფექციასთან ხელახალი  შეხების შემთხვევაში ისინი ორგანიზმში პატრულირებას განაგრძობენ. სწორედ ამიტომ, მათი აღმოჩენა გამოჯანმრთელებულ პაციენტებში კვირების, თვეებისა და წლების შემდეგაც კი შესაძლებელია.B ლიმფოციტების ნაწილი ეგრეთ წოდებულ მეხსიერების უჯრედებად გარდაიქმნება. ინფექციასთან ხელახალი შეხების შემთხვევაში ისინი აქტიურდებიან და სწრაფ იმუნურ პასუხს უზრუნველყოფენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი  ხელახალი ინფიცირებისგან დაცულია. იმუნური პასუხის ძალა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და, პირველ რიგში, გადატანილი დაავადების სიმძიმესა და გამოჯანმრთელებიდან გასულ პერიოდზე.როგორც წესი, დაავადება რაც უფრო მძიმედ ვითარდება, ხელმეორედ ინფიცირებისგან დაცვა მით უფრო ძლიერი იქნება. ხოლო გამოჯანმრთელებიდან რაც მეტი დრო გავიდა, იმუნური პასუხი მით უფრო ნაკლებ შედეგიანი იქნება.

ახალი კორონავირუსისგან იმუნიტეტს მხოლოდ ანტისხეულები აყალიბებს?

რა თქმა უნდა, არა. ანტისხეულების გარდა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობენ სხვა აგენტები, მათ შორის, ეგრეთ წოდებული T- უჯრედები (ან T- ლიმფოციტები), რომლებიც იმუნური მეხსიერების ფორმირებაში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, უახლესი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, T-უჯრედები გაცილებით მნიშვნელოვან როლსაც კი ასრულებენ Covid-19-ისგან იმუნური დაცვის მიმართულებით, ვიდრე ანტისხეულები. ამის მიზეზი არის ის, რომ T- ლიმფოციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით მეტია.

ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ახსნა იმისა, თუ რატომ მიმდინარეობს ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში დაავადება მძიმე ფორმით, სხვასთან კი Covid-19-მა შეიძლება სიმპტომი საერთოდ არ გამოიწვიოს. შესაძლოა ზოგიერთი ჩვენგანი ნაწილობრივ დაცულია იმ იმუნიტეტით, რომელიც ადრე გადატანილი დაავადებისგან შემოგვრჩა.

ამ ფენომენს ჯვარედინი იმუნიტეტი ეწოდება და ზოგიერთი მონაცემით, ასეთი არასპეციფიკური T- უჯრედები თითქმის ყოველ მესამე ადამიანს აქვს. „ჯვარედინი“ ანტისხეულები კი, რომლებიც ახალი კორონავირუსისგან ნაწილობრივ გვიცავს, დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს აღენიშნება.

ბოლოს და ბოლოს შესაძლებელია თუ არა Covid-19-ით ხელმეორედ ინფიცირება?

ჯერჯერობით, კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების სარწმუნო შემთხვევა ცნობილი არ არის. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ამის ალბათობა არც თუ ისე მაღალია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ Covid-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტთა უმრავლესობის სისხლში სპეციფიკური ანტისხეულები გვხვდება. ეს ეხება მათაც, ვინც ახალი კორონავირუსი სრულიად უსიმპტომოდ გადაიტანა.

ისევე, როგორც მრავალი სხვა ვირუსული დაავადების შემთხვევაში, ანტისხეულების კონცენტრაცია უფრო მაღალია იმ ადამიანებში, რომლებმაც ვირუსი მძიმე ფორმით გადაიტანეს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მისი მაჩვენებელი ნახევრდება სამი თვის შემდეგ,ზოგჯერ კი – რამდენიმე კვირის შემდეგაც კი.

Sars-Cov-2 მხოლოდ შვიდი თვის წინ აღმოაჩინეს, ამიტომაც მეცნიერები თავს იკავებენ იმის პროგნოზირებისგან, თუ რამდენ ხანს გრძელდება შეძენილი იმუნიტეტი და შესაძლებელია თუ არა ხელახლა დაინფიცირება, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება უფრო კარგად შესწავლილი მისი წინამორბედების – SARS-ისა (ატიპური პნევმონია) და MERS-ის (ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი) მაგალითზე შეიძლება.

2002-2003 წლებში, SARS-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლში სპეციფიკური ანტისხეულები საშუალოდ ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდა (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერთიდან სამ წლამდე). თუმცა იმ ადამიანებს, რომლებმაც ატიპური პნევმონია განსაკუთრებით მძიმე ფორმით გადაიტანეს, ანტისხეულები 12 წლის შემდეგაც კი აღმოაჩნდათ.

ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომისგან (MERS) გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა კი (ამ დაავადების შედეგად, საშუალოდ, ყოველი მესამე ინფიცირებული გარდაიცვალა) ანტისხეულები, სულ ცოტა, 34 თვის განმავლობაში შეინარჩუნეს. იმის გათვალისწინებით, რომ მეცნიერებმა ჯერ არ იციან, Covid-19-ის წინააღმდეგ იმუნური დაცვა რამდენ ხანს გრძელდება, ზემოხსენებული ფაქტები უკვე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. რაც უფრო მეტხანს არ ეცოდინებათ მკვლევრებს ამ კითხვაზე პასუხი, მით უფრო სავარაუდოა, რომ რეინფიცირება შეუძლებელია.

წყარო: imedinews.ge 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close