საქართველოში კორონავირუსის მსხვერპლთა ასაკი გაახალგაზრდავდა – 32-ე გარდაცვლილი 57 წლის იყო
კოვიდ-19-ით დღეს 4 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მამაკაცი და ერთი ქალი
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
ამასთან, ტიკარაძის თქმით, ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.
„57 წლის მამაკაცი გარდაიცვალა თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მასაც აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, რომ არის გაახალგაზრდავებული სიკვდილიანობა“, – განაცხადა მინისტრმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განმარტებით, პაციენტის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი გახდა ის, რომ მას თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ჰქონდა და დიალიზზე იმყოფებოდა, აგრეთვე ჰქონდა დიაბეტი, პაციენტის მდგომარეობა პნევმონიით გართულდა კოვიდის ფონზე; მამაკაცი კლინიკაში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, ბოლო 2 დღეს მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩენა ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ კიდევ 3 პაციენტსაც ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებოდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, ბათუმში დღეს გარდაცვლილ 65 წლის მამაკაცს შაქრიანი დიაბეტი, 70 წლის მამაკაცს კი ინსულტი ჰქონდა.
58 წლის ქალს კი, რომელიც კორონავირუსით დღეს გამთენიისას გარდაიცვალა თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში, გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა, – ამის შესახებ კლინიკის მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქალი კლინიკაში 25 სექტემბერს ცხელების ცენტრიდან შეიყვანეს, მას აღენიშნებოდა პნევმონია, გულისა და სუნთქვის უკმარისობა.
საქართველოში 27-28 სექტემბრის 24 საათში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 148 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება.
კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში ორი პაციენტი აჭარაში, ორი კი თბილისში გარდაიცვალა.
ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2054-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 32 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 13 პაციენტი – 20-იდან 28 სექტემბრამდე პერიოდში.
კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე რთულ რეგიონად კვლავაც აჭარა რჩება. დღემდე რეგიონში 2100-ზე მეტი ინფიცირებული იყო რეგისტრირებული, მათ დღეს კლინიკურად გამოჯანმრთელებული პაციენტები გამოაკლდებიან.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გამოჯანმრთელების კრიტერიუმების შესაბამისად, ბათუმში 400-ზე მეტი პირი კლინიკებსა და კოვიდ-სასტუმროებს დღეს დღის ბოლოს დატოვებს. მისი თქმით, საუბარია კლინიკურად გამოჯანმრთელებულ ადამიანებზე.
„დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კოვიდ-სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და ამის შესაბამისად დღეს დღის ბოლომდე გვეყოლება 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი, რომელიც როგორც ჰოსპიტლებიდან, ასევე კოვიდ-სასტუმროებიდან ბინაზე გაეწერება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული, მაგრამ სრულად კონტროლირებადია.
1tv.ge-ს მასალების მიხედვით
კომენტარები