fbpx
საზოგადოებაჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„ვასწავლოთ ბავშვებს ყოფაქცევის კულტურა“

ინტერვიუ ასოციაცია „მცოდნელის“ - სიახლეთა კვლევის ცენტრის დირექტორთან, დამსახურებულ პედაგოგთან და წიგნის „ყოფაქცევის კულტურა“ ავტორთან ლია ბედინაძესთან

პედაგოგობა ალბათ თანდაყოლილი ნიჭია, მიზანმიმართული, მოსწავლეებთან ურთიერთობისა. მიზანი კი ცოდნის გადაცემასთან ერთად ადამიანის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად ფორმირებაა.

„შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და დამოუკიდებლობა – ეს ის ფასეულობებია, რომლებიც მასწავლებელს პირველ რიგში მოეთხოვება. უმთავრესი კი  პასუხისმგებლობის, თვითშეფასების, თვითკრიტიკის, უფლება-მოვალეობისა და ზნეობრივი ჩვევების გაცნობიერების სწავლებაა, რათა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სრული ჰარმონია დამყარდეს“, – ამბობს ჩვენთან საუბარში 24-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ქალბატონი ლია (ლიანა) ბედინაძე.

„ყოფაქცევის კულტურა“ – ასე ჰქვია ამ ფასეულობებზე აგებულ წიგნების სერიას, რომელიც ქალბატონი ლიას მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად შეიქმნა. მისი საქმიანობა მხოლოდ მოსწავლეთა სწავლა-აღზრდით როდი შემოიფარგლება, იგი პედაგოგთა ასოციაცია „მცოდნელის“ – სიახლეთა კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორია, როგორც ტრენერს, ხშირად უხდება შეხვედრები პედაგოგებთან, საუბრები ბავშვთა აღზრდის მნიშვნელოვან საკითხებზე, სწავლა-სწავლების უახლეს მეთოდებზე და სხვა.

როგორ გაჩნდა იდეა დაგეწერათ წიგნი „ყოფაქცევის კულტურა“?

ეს იდეა გაჩნდა უძრაობის პერიოდში, როდესაც ახალგაზრდობის საკმაოდ დიდი ნაწილი არავითარ წესს და კანონს აღარ ემორჩილებოდა.

ავტობუსით მგზავრობისას ერთ-ერთ გაჩერებაზე მოზარდები, ხელისკვრით, საღეჭი რეზინის ბერვითა და ერთ-ერთი თანმხლები სუსტი ბიჭის მიმართ უხეში მიმართვით გართულები, ავტობუსში ისე ამოვიდნენ, თითქოს მგზავრებს ვერ ამჩნევდნენ, გადანაწილდნენ ადგილებზე და განაგრძეს ხმამაღალი ხარხარი და საუბარი, შიგადაშიგ უშვერი სიტყვებითაც ამკობდნენ ერთმანეთს. გაჩერებაზე მოხუცი ქალბატონი ამოვიდა, ჯოხზე დაეყრდნო და კარებთან დადგა; ვიფიქრე, რომელიმე მაინც დაუთმობს ადგილს-მეთქი, მაგრამ მათ ეს აზრადაც არ მოსვლიათ. იქვე ასაკოვანმა მამაკაცმა ქალს ადგილი შესთავაზა, იქნებ რომელიმე მათგანი დააფიქროს ამ მოქმედებამ და ეს ჭარმაგი კაცი მაინც დასვან-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ბიჭები თანმხლები ბიჭის დაცინვას და უაზრო სიცილ-ხარხარს განაგრძობდნენ…

„გარდატეხის ასაკი აქვთ, – გავიფიქრე, – რთული პერიოდი, საკუთარი თავის მართვა უჭირთ“, – ვცადე გულში მათი გამართლება.

მოგეხსენებათ, ადამიანის გაზრდასა და აღზრდას შორის რაოდენ დიდი განსხვავებაა. იმ წუთში ამ ახალგაზრდების საქციელზე ხმა არავის ამოუღია. მინდოდა მეთქვა მათთვის, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ადამიანები საზოგადოებაში, სახლში, ქუჩაში, ტრანსპორტში, მსურდა ამეხსნა, რომ ადამიანის ყოფიერება მის ცნობიერებაზეა დამოკიდებული, რომ თავისუფლება სულაც არ ნიშნავს სხვისი უფლებების შეზღუდვას, რომ ადამიანმა თავისი ქცევა ყოველთვის უნდა აკონტროლოს და მართოს, რომ სცოდნოდათ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ის-ის იყო ამ ყველაფრის თქმა გადავწყვიტე, რომ ავტობუსი გაჩერდა, ბიჭები წამოცვივდნენ და ისევ ისეთი სიცილ-ხარხარით უკანა კარიდან ჩავიდნენ.

ამ შემთხვევამ ჩემი იდეაც დაბადა, ვიფიქრე: თუ ასე გაგრძელდა და თვალს დავხუჭავთ ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ნანახი და მოსმენილი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს ისეთ სამყაროში გავიღვიძებთ, რომელშიც სიტყვა „ზრდილობა“ და „აღზრდა“ სულაც არ იქნება საჭირო, ხოლო მსგავსი უმსგავსოების გამოსააშკარავებლად ხმას არავინ ამოიღებს. მიმაჩნია, რომ ადამიანის პირველი პასუხისმგებლობა საკუთარი სათქმელის თქმაა, ყველაფერი, რასაც წერ, დროიდან გამომდინარეა და სწორედ იმ დრომ განაპირობა ამ წიგნის შექმნა.

როგორ მუშაობდით წიგნზე?

საინტერესო იყო წიგნზე მუშაობა. არსებობს სათქმელის, განცდების, ემოციის გამოსახატავად სიტყვები, შეგონებები, ჩანახატები, ბრძნული გამონათქვამები… არსებობს კანონები, წესები, რომლებსაც ძალით თავს ვერავის მოახვევ, მაგრამ არსებობს ეთიკა, ზნეობა, რომელიც ადამიანებს სხვა სულიერი არსებებისგან განასხვავებს. ეს და კიდევ მრავალი საკითხია ამ წიგნებში თავმოყრილი.

აღზრდა ოჯახიდან უნდა მომდინარეობდეს, სკოლა კი ცოდნასთან ერთად მოსწავლის სრულყოფილებისთვის მის ქცევას უნდა აკონტროლებდეს და მშობელთან ერთად უხსნიდეს, ასწავლიდეს, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელია ემოციები, სიყვარული, სიძულვილი, ერთგულება, ღალატი, მეგობრობა, მტრობა, სიკეთე და ბოროტება. ეს ყველაფერი ადრეული ასაკიდანვე უნდა შეისწავლოს პატარამ და ვფიქრობ, დასმულ კითხვაზე: „რატომ?“ – რომელიც ბავშვებს ხშირად უჩნდებათ, გააზრებულად და გასაგებად გავეცი პასუხი.

რა გზა გაიარა ყოფაქცევის კულტურამ?

ნაშრომი „ყოფაქცევის კულტურა“, რომელიც თავდაპირველად დღიურების სახით მქონდა ჩაფიქრებული, ერთ დღეს განათლების სამინისტროს მეთოდურ კაბინეტში განსახილველად წარვადგინე, მასთან ერთად მეთოდური სახელმძღვანელოც – „ვასწავლოთ ყოფაქცევის კულტურა“ – მასწავლებლებისთვის. იდეა მომიწონეს და მირჩიეს, მოსწავლის წიგნი დამხმარე სახელმძღვანელოდ გარდამექმნა. გარკვეული ინსტანციების გავლის შემდეგ, როგორც საჭირო სიახლედ მიჩნეულს, განათლების სამინისტრომ წიგნს დამხმარე სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭა. ამ და სხვა ნაშრომებით ვმონაწილეობდი წიგნების გამოფენაზე, სადაც მასწავლებლები მათ დიდი ინტერესით ეცნობოდნენ. „ყოფაქცევის კულტურა“ არაერთხელ მონაწილეობდა განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კონფერენციაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამერიკის საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელშიც ამიერკავკასიის სამი ქვეყნიდან მოწვეული მასწავლებლები მონაწილეობდნენ. ეს იყო IREX-ის პროგრამა რომელიც აშშ-ის ეგიდით ჩატარდა. კონფერენციაზე წიგნმა მოწონება დაიმსახურა.

თქვნს სკოლაში მოეწყო წიგნის აპრობაცია (გამოცდა)?

წიგნის გამოცდა 24-ე სკოლაში მოეწყო. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ დროს სკოლაში ინოვაციურ კაბინეტს ინგლისური ენის პედაგოგი ელენე გოგოლაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩემთან ერთად „ყოფაქცევის კულტურის“ მეთოდიკის სახელმძღვანელოს პრეზენტაციით წარდგა კონფერენციაზე. წიგნის შესახებ, როგორც ერთ-ერთ საინტერესო ინოვაციურ შემოთავაზებაზე, ჟურნალ „მასწავლებელში“ გამოქვეყნდა სტატია. სკოლის დირექცია ყოველთვის გვერდში გვედგა და კვლევას ყოველ წელს თვალს ადევნებდა. მოგეხსენებათ, რომ ეს სახელმძღვანელო სამ წიგნადაა დონეების მიხედვით შექმნილი, რა თქმა უნდა, ასაკობრივი თავისებურებებით გათვლილი. განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლლებისთვის მეორე, მესამე და მეოთხე-მეხუთე კლასებში. ერთ -ერთი წიგნის რედაქტორი გია მურღულიაა, რომელიც მაშინ 24–ე საჯარო სკოლის დირექტორი იყო.

 

ბავშვებმა როგორ მიიღეს წიგნი?

ბავშვებმა ძალიან დიდი ხალისით მიიღეს წიგნი. უხარიათ მასში მუშაობა, კითხულობენ ინფორმაციას, მოთხრობებს, ლექსებს, ეცნობიან ქცევის ეტიკეტს, ბრძენთა გამონათქვამებს ზნეობის შესახებ, ამონარიდებს საღვთო წიგნიდან, ბავშვთა საყოველთაო დეკლარაციიდან, სწავლობენ და იმახსოვრებენ ეტიკეტს; პასუხობენ დასმულ კითხვებს, ხატავენ, აფერადებენ, წერენ, აფიქსირებენ საკუთარ აზრს წაკითხულის ირგვლივ, გამოაქვთ დასკვნა. დამრიგებლის საათზე კი გაკვეთილთან მისადაგებულ თემაზე მსჯელობენ, კამათობენ, თამაშობენ როლურ თამაშებს თემიდან გამომდინარე და ა.შ.

მაგალითად, კლასგარეშე ლიტერატურაში ვასწავლიდით მოთხრობას „მატარებელი გადაარჩინა“. „ყოფაქცევის კულტურაში“ არის ზუსტად შესატყვისი თემა – „რა არის გმირობა“? ისე აიტაცეს ბავშვბმა ეს თემა, რომ ხალისით დაიწყეს მსჯელობა, მოიპოვეს მასალები ქართველი გმირების შესახებ, ერთმანეთთან დააკავშირეს წარსულის და ახლანდელი გმირების სახელები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გმირობა მარტო ბრძოლით არ მოდის, გმირი შეიძლება გახდე შრომით, ადამიანებთან ურთიერთობით, სწავლით, სიკეთით და ა. შ.

როგორ ხდება შეფასება?

ბავშვები შესრულებული სამუშაოს შესახებ ახდენენ თვითშეფასებას, შესრულებული ნახატის გამოფენის შემდეგ ადარებენ თავიანთ ნამუშევარს და გამოთქვამენ საკუთარ აზრს. მათ მასწავლებელი სიტყვიერადაც აფასებს.

პედაგოგებს, რომლებიც „ყოფაქცევის კულტურას“ ირჩევენ, როგორც დამხმარე ლიტერატურას, ალბათ მეთოდოლოგიური დახმარება სჭირდებათ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, შექმნილი მაქვს მეთოდური სახელმძღვანელო, რომელშიც ახსნილია, როგორ ჩაატაროს მასწავლებელმა საუბრები, შეხვედრები, ინტერაქტიული გაკვეთილები, დებატები, როლური თამაშები, მოთხრობის გაგრძელება, როგორ შექმნან ახალი ამბავი, გადააკეთონ თავიანთი გემოვნებით და განმარტონ, რატომ სურთ, რომ ასე დასრულდეს და სხვ.

როგორია ასოციაციმცოდნელიროლი ყოფაქცევის კულტურის სწვლების პოპულარიზაციასა და განვითარებაში?

ასოციაცია „მცოდნელი“, რომელსაც 15-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, გახდა კარნეგის საბჭოს წევრი ორგანიზაცია. კარნეგის საბჭოს კავშირი აქვს სხვადასხვა ქვეყანასთან, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოფაქცევის კულტურის სწვლების ხელშეწყობაა. მისი პრეზიდენტი გახლავთ ამჟამად აშშ-ში მოღვაწე ქ-ნი მეგი ქურდაძე, მე კი ორგანიზაციას საქართველოში ვხელმძღვანელობ.

ასოციაცია „მცოდნელი“ არის სიახლეთა კვლევის ცენტრი და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს (ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ). ვზრუნავთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და ვატარებთ ტრენინგებს, შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და კონფერენციებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე და სწავლების მეთოდებზე. ეწყობა უფასო ტრენინგები დაწყებითი საფეხურის დამრიგებლებისთვის კლასის საათის წარმატებით ჩატარებასა და „ყოფაქცევის კულტურის“ სწავლებაზე. აღსანიშნავია, რომ წელიწადში ერთხელ ორგანიზაცია ატარებს კონფერენციას ეთიკის სწავლების შესახებ, სადაც პედაგოგები კოლეგებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. კლასის დამრიგებლები კლასის საათზე ან კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურასთან მიმართებაში იყენებენ წიგნს „ყოფაქცევის კულტურა“. ასოციაცია ასევე თითქმის ყოველ წელს აცხადებს კონკურსს – საუკეთესოდ შევსებული წიგნის, საუკეთესო ნახატის, მოთხრობის თუ ლექსის გამოსავლენად, გამარჯვებულ მასწავლებელსა და მოსწავლეს სერტიფიკატით, პრიზებით და ა. შ. აჯილდოებს.

ამ წიგნებით უკვე თაობებს ასწავლეთ თქვენს სკოლაში, რა შეგიძლიათ თქვათ შედეგზე?

შედეგი თვალსაჩინოა – ეს გრძელვადიანი პროექტი წლებია მიმდინარეობს სკოლაში და მეამაყება, რომ ჩემი და იმ კლასების მოსწავლეები, რომლებიც მას იყენებდნენ, წარმატებულები და ზნეობრივად ამაღლებულები არიან. კლასებში, სადაც „ყოფაქცევის კულტურა“ ისწავლეს, არსად დაფიქსირებულა ძალადობისა თუ ბულინგის ფაქტები. განსაკუთრებით აღსანიშნავის მათი ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მშობლების აზრი და მათი შეფასება. ისინი ხშირად მოდიან და მადლობას მიხდიან გაწეული მუშაობის გამო, რა თქმა უნდა, ეს სიამაყით მავსებს.

ამბობენ, რომ არსებობენ რთული ბავშვებ, თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

რა თქმა უნდა, არსებობენ რთული ბავშვები, ზოგი ზედმეტად წყნარია და თავის გამოჩენა არ უყვარს, ზოგი გაწონასწორებული და ბეჯითია, ზოგი რთულია – ჰიპერაქტიური, მაგრამ მასწავლებელი ყველასთან უნდა პოულობდეს სულის გასაღებს. ჩემი მუშაობის განმავლობაში ამ მხრივ პრობლემა არასდროს მქონია. მახსოვს ერთი ცელქი ბიჭუნა, რომელმაც ცხარე ცრემლებით იტირა იმის გამო, რომ თანაკლასელმა გოგონამ მისი წიგნიდან „ყოფაქცევის კულტურა“ ფურცელი ამოხია, არასდროს დამავიწყდება მისი მოქმედება, ფურცელს რომ დაეძებდა და როცა იპოვა დაჭმუჭნული, გასწორებას შეუდგა და წიგნში ფრთხილად ჩადო. როცა ნაწერში ჩავიხედე, არც გამკვირვებია მისი ქცევა, მას ხომ თავისი ნაფიქრ-ნააზრევი ჰქონდა სამშობლოს თემაზე. ახლა გიორგი დიდი ბიჭია, საკმაოდ სერიოზული და თავდაჭერილი. კიდევ ბევრი შემთხვევა შეიძლება გავიხსენო…

წიგნში ერთ –ერთი თემა, რომელიც ძალიან მომეწონა, არის „მშვიდობის ვარსკვლავი“…

„წარმოიდგინე: ღამეა, წევხარ ჰამაკში, უყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. უცებ გაგიჩნდა სურვილი ვარსკვლავეთში მოგზაურობისა. ერთ-ერთმა ციმციმა ვარსკვლავმა შეგნიშნა, აგიტაცა, წაგიყვანა ვარსკვლავეთში და გამოგზაურა. იქ კი საოცარი სიმშვიდე დაგხვდა. მალე ვარსკვლავებმა მშვიდობის ვარსკვლავის ტიტული მოგანიჭეს და გითხრეს: „გადახედე დედამიწას, რას ხედავ მასზე? რას ფიქრობ? რას განიცდი, ჩვენო ციმციმავ? აქაც ისეთივე სიმშვიდეა, როგორც ვარსკვლავეთში? რას ურჩევ ადამიანებს ვარსკვლავეთიდან? ველი შენს მეგობრულ რჩევას“.

ამის შემდეგ ბავშვი წერს, რომ დედამიწაზე ხედავს მშვენიერ ბუნებას, მაგრამ ვიღაც მას დაუნდობლად ჩეხავს, ხედავს სიღარიბეს, შიმშილს, ფუფუნებაში მყოფთ, ხედავს ძალადობას, ჩაგვრას, მხიარულებას მკვლელობას და ძალადობას.

ამ ყველაფრის შესახებ ბავშვი თავის აზრს გადმოსცემს წერილობით, ხატვით, კომიქსით, ბოლოს კი ეცნობა ამონარიდებს „ხმაური თავხედთ წესია“, „როცა ზრდილობა დუმს, უზრდელობა ქუხს და ხმაურობს“, „მსოფლიო ებრძვის ხმაურს“! ამ ყველაფრის გაცნობისა და წარმოდგენის შემდეგ ბავშვებისაგან მოდის უამრავი ცხოვრებისეული სიმართლე, მათი განცდები ნანახისა და განცდილის შესახებ, რაც დედამიწაზე ხდება ან თუნდაც მის ირგვლივ… ისინი ჰყვებიან, მსჯელობენ იმაზე, რასაც განიცდიან მშვიდობის ვარსკვლავის ამპლუაში. ასე რომ, საინტერესო გაკვეთილები გამოდის, რა თქმა უნდა, ხალასი, ბუნებრივი, მართალი, ბავშვები სწავლობენ სიმართლის თქმას, მზრუნველობას დაჩაგრულის მიმართ და მსჯელობენ, როგორ შეცვალონ ის, რაც არ მოსწონთ.

თქვენი ნაშრომის ძალიან კარგი შეფასებაა ისიც, რომ იაკობ გოგებაშვილის მედალი დაიმსახურეთ.

მასწავლებელი ყოველთვის უნდა იმაღლებდეს ცოდნის დონეს, ეძებდეს სიახლეებს, ეცნობოდეს მასწავლებლის ინსტრუქციებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდეს თანამედროვე საგანმანათლებლო სწავლების რიტმს.

ბევრი შემხვედრია ასაკოვანი მასწავლებელი ახალგაზრდული შემართებით, სიახლეების მაძიებელი და პირიქით, ახალგაზრდა მასწავლებელი – დაცლილი და ინერტული. ჩემი აზრი ასეთია: მასწავლებელთ ყოველთვის ახალგაზრდული ენერგიით, ოღონდ მოტივირებული, ფხიზელი უნდა იდგეს ცოდნის სადარაჯოზე.

წლის საუკეთესო პედაგოგის წოდებაც ალბათ ამიტომაც დავიმსახურე… ასევე საამაყოა იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებისაგან იაკობ გოგებაშვილის ღირსების მედალი წიგნისათვის „ყოფაქცევის კულტურა“.

ბევრმა მოსწავლემ თქვენი წიგნი ყოფაქცევის კულტურადაიმეგობრა. არის თქვენთვის ყველაზე მნივნელოვანი?

ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი საქმიანობა ოჯახთან ერთად, ბავშვებისა და მშობლების დამოკიდებულება და შეფასებები. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ერთ დღეს, სკოლიდან სახლში მიმავალს, დერეფანში ხანდაზმული ქალბატონი შემხვდა, მადლობა მინდა გადაგიხადოთო, მითხრა. დავაკვირდი, იქნებ მეცნოს-მეთქი, მაგრამ ვერ აღვიდგინე. „მე თქვენ არ მიცნობთ, თქვენ ჩემი შვილიშვილის სულში ჩაიხედეთ, ჩემი ქალიშვილი და სიძე ემიგრაციაში არიან, შვილიშვილს მე ვზრდი, თქვენი წიგნი დაიმეგობრა, მისი ჩანაწერები შემთხვევით წავიკითხე, მანამდე მასთან საერთო ენა ვერ გამოვნახე, ვერ ვიმორჩილებდი, გამირბოდა და ხშირად ჯიუტობდა. ამ წიგნის დახმარებით კი გავიგე, რას ფიქრობს და რას ოცნებობს, ჩანაწერებიდან ამოვიცანი მისი ხასიათი და ბუნება! ამისთვის გიხდით დიდ მადლობას. თქვენ შვილიშვილი დამიბრუნეთ, მის მიმართ აღზრდის ტაქტიკა შევცვალე და ყველაფერი გამოსწორდაო. აღმოჩნდა, რომ ეს მოსწავლე ჩვენი სკოლის მეოთხეკლასელი გახლდათ. იმ კლასში წიგნი დამრიგებლის საათზე აპრობაციის მიზნით გვქონდა შეტანილი.

დაბოლოს, მოკლედ, ერთი ფრაზით ამ წიგნებს თავად როგორ შეაფასებთ, როგორც ავტორი?

„ყოფაქცევის კულტურის“ სერიის, როგორც დამხმარე კლასგარეშე ლიტერატურის, ღირებულება არის ის, რომ აღზარდოს პიროვნება ზნეობრივად ამაღლებული, მოტივირებული და კულტურული. ზნეობის 32 თემა, რომელიც წიგნშია განხილული, მიწოდებული, ასაკობრივი თავისებურებების მიხედვითაა გათვლილი. ის არის სულიერი საზრდო, რომელიც დაეხმარება ოჯახსა და სკოლას, აზიაროს მოსწავლე ეთიკის, ზნეობის ნორმებს, რომელიც საზოგადოებაში მას კულტურულ პიროვნებად აქცევს. ერთად აღვზარდოთ ღირსეული თაობა.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

P. S. „ყოფაქცევის კულტურის“ სერიის წიგნების შეძენა შესაძლებელია ასოციაციაში „მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი“, მისამართზე: ბაქოს ქ. #1, თბილისი, საქართველო; ტელეფონი: 599 400021; ელფოსტა: [email protected]

წიგნების შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ: https://www.mtsodneli.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close