ლუჩანო პავაროტის „სავიზიტო ბარათის“ ქართველი შემსრულებელი – „ნიჭიერის“ აღმოჩენა (ვიდეო)
21 წლის მარიამ ნადიბაიძე „ნიჭიერის“ მეცხრე სეზონის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მისმა ხმამ და ვოკალურმა მონაცემებმა ისე აღაფრთოვანა ჟიური, რომ ანრი ჯოხაძემ „ოქროს ღილაკით“ დააჯილდოვა.
მარიამმა საკონკურსოდ შეარჩია მსოფლიოში მამაკაცი-ტენორის ყველაზე პოპულარული პარტია „Nessun dorma“. ჯაკომო პუჩინის „ტურანდოტის“ ეს არია განსაკუთრებით მას შემდეგ გაჰიტდა, რაც ლუჩანო პავაროტიმ 1990 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე შეასრულა.
შემდგომ ამ არიას მომღერლის „სავიზიტო ბარათსაც“ უწოდებდნენ. იგივე არია უკვე „სამი ტენორის“ (The Three Tenor), ლუჩანო პავაროტის, პლასიდო დომინგოსა და ხოსე კარერასის შესრულებით შევიდა გინესის წიგნში, როგორც ყველაზე „გაყიდვადი“ მელოდია მუსიკის მთელი ისტორიის განმავლობაში.
ქალები მამაკაცის პარტიას ძალიან იშვიათად ასრულებენ, მით უმეტეს, ასეთი ლეგენდარული ტენორების ნამღერის შემდეგ, სასცენო დებიუტისთვის „Nessun dorma“-ს შესრულება დიდ გამბედაობას და განსაკუთრებულ ვოკალურ მონაცემებს მოითხოვს.
მარიამ ნადიბაიძემ გაბედა და დიდ სცენაზე სწორედ ეს არია შეასრულა.
კომენტარები