საზოგადოება

ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ

„აირჩიე, პირბადიანი მონობა თუ ღირსეული თავისუფლება“ – ბანერს ამ ტექსტით სრულიად შემთხვევით წავაწყდი პარლამენტის წინ. იქ რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი და კორონავირუსის არსებობა-არარსებობაზე კამათობდა. ყური მოვკარი, როგორ მოითხოვდა ანაფორიანი ადამიანი ყველა ინფიცირებულის ვინაობის გასაჯაროებას – ამბობდა, რომ მხოლოდ ცნობილ სახეებს იყენებენ ჩვენს მოსატყუებლად. 

ამ ინციდენტმა რამდენიმე დღით ადრე ნანახი პოსტი გამახსენა – თაკო ჩარკვიანის დაინფიცირების შემდეგ, ჩემი ერთი ნაცნობი მის ვიდეოს აზიარებდა, კითხვით: „ესეც კორონამაფიაა?“ პასუხებს შორის, ასეთებიც იყო:

ასე, შემთხვევით, შეთქმულების თეორისტები აღმოვაჩინე, თანაც ქვეყანაში, რომელიც პანდემიის პირველ ტალღას შედარებით წარმატებით გაუმკლავდა. გადაწყვეტილი ამბავი იყო, იმ ბანერთან უნდა დავბრუნებულიყავი – აქცია ჩემი თვალით უნდა მენახა.

ვნახე კიდეც. პარლამენტის წინ, დაახლოებით, 200 ადამიანი შეიკრიბა, მათ თან დასამახსოვრებელი პლაკატები, ჯვრები და ხატები ჰქონდათ. მშობლებს შვილები ახლდნენ, ხატებს – სასულერო პირი, რომელმაც ჯერ საკმეველი დაანთო, შემდეგ პარაკლისი აღავლინა და ნაკურთხი წყალიც ჩამოარიგა. პირბადე არავის ჰკეთებია, არც სოციალური დისტანცია იყო დაცული, განსაკუთრებით, „მამაო ჩვენოს“ კომუნალური წარმოთქმის დროს.

აქცია სპონტანური არ ყოფილა – ჩემგან განსხვავებით, დამსწრე საზოგადოებამ ზუსტად იცოდა, რისთვის მოდიოდა.

„მე ხონიდან ჩამოვედი სპეციალურად“, – მითხრა ქალმა, რომელმაც აქციის შესახებ ინტერნეტიდან შეიტყო. – „კიდევ ჩამოვალ, როცა საჭირო გახდება.“

ინტერნეტი. რა თქმა უნდა, შეთქმულების თეორია ინტერნეტში უნდა მეძებნა. მივაგენი კიდეც ჯგუფს „კორონა მაფია“ – აქ ის 6 ათასამდე ადამიანი პოსტავს, რომელსაც ვირუსი გამოგონილი ბოროტება ჰგონია.

მაინც, რისი სჯერათ ამ ადამიანებს?

ისტორიას აქციის მონაწილეები ასე ჰყვებიან: ჯერ კიდევ 2017 წელს, ბილ გეითსმა ყველა სახელმწიფოს წინასწარ დაინფიცირებული PCR ტესტები მიჰყიდა, რომლებითაც ახლა ვირუსს ავრცელებენ. გარდა ამისა,  PCR ტესტები ჰიპოფიზსაც აზიანებს და ჩვენს ტვინს 5G ანტენის სიგნალისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 5G ანტენას, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან კარანტინისას დაამონტაჟეს, ნოემბერში ჩაგვირთავენ, მანამდე კი თერმოსკრინინგითა და ულტრაიისფერი დასხივებით გვამზადებენ, რომ უკეთ გაგვაკონტროლონ. ამის სანაცვლოდ, სახელმწიფო იანვარში 5 მილიონ დოლარს მიიღებს. ერთადერთი, რაც მანამდე ევალება, იანვრამდე ქვეყნის „გაწითლებაა.“

შეთქმულების ამ თეორიის უკან ბილ გეითსი, კლინტონების ოჯახი და მარკ ცუკერბერგი დგანან. ონლიან სწავლებაც მათი დიდი გეგმის ნაწილია – სულ ცოტა ხანში დაზომბირებულ, დასკანერებულ და უსწავლელ ახალგაზრდებს გამოზრდიან. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ PCR ტესტებს გადარჩენილებს ბოლოს ვაქცინა მოგვიღებს, რომელიც ჩვენს გენეტიკას შეცვლის.

„ქართულ მედიასივრცეში კორონავირუსის და მიკროჩიპების კონსპირაცია 25 მარტს საიტმა fact2.ge-მ გამოაქვეყნა,“ – ვკითხულობთ 2 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში, – „რუსული წყაროებიდან კონსპირაცია გაავრცელეს yandex.rux-filescont.ws,  fondsk.ruoko-planet.subusiness-gazeta.ruzavtra.rusvpressa.rulivejournal.com, AfterShock. 19 მარტს მსგავსი შინაარსის ვიდეო იუთუბ არხზე Winde Changer-მაც ატვირთა სათაურით „Билл Гейтс. Микрочипы для борьбы с коронавирусом?“

კონსპირატორებს საშიში პროგნოზები აქვთ: სულ მალე დაგვჩიპავენ, ჩვენს საზოგადოებას კი სძინავს.

„200 ადამიანს დაგვცინებენ, მეტნი უნდა გამოვიდეთ“, – ასე გამოხატა თავისი გულისტკივილი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მისმა თანამოსაუბრემ კი მითხრა, რომ გადაკეტილ რუსთაველს და ათასობით მომიტინგეს ელოდა.

გაკვირვება და იმედგაცრუება ვირტუალურ სივრცეშიც შეინიშნება: ჯგუფშიც და აქციაზეც გაჩნდა კითხვები, სად არიან პატრიოტული პოლიტიკური ძალები, ანდა რატომ სურს გადარჩენა უმცირესობას.

„ისინი ქვეყნის პატრიოტები არ არიან, არჩევნებისთვის ემზადებიან!“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გამოსვლისას და ხაზი გაუსვა, რომ მათთან ერთად არცერთი პოლიტიკური ძალა არ დამდგარა.

დღეს ანტიკორონისტები, როგორც ისინი თავის თავს უწოდებენ, ვირტუალური სივრცეში უფრო ჩანან, ვიდრე რეალურში, თუმცა იქაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას აგრძელებენ და, შეგნებულად თუ გაუზრებლად, რუსული პროპაგანდის წისქვილზე ასხამენ ძალიან ბევრ ნავთს.

„ღვთისმშობლის წილხვედრს არ გვჭირდება არავის წინამძღოლობა, რადგან ქრისტე გვყავს წინამძღოლად“. ცოტა საეჭვოა, ქრისტე კაშპიროვსკის ვიდეოებს უყურებდეს.

throughthenews.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close