პოლიტიკასაქართველო

ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიტიკაში მიდის, გიული ალასანია – არა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

ჟორჟოლიანი შეხვედრას არ დასწრებია, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, საავტორო გადაცემის პირდაპირ ეთერში გასვლისთვის ემზადებოდა. უდუმაშვილის განცხადებით, იგი საარჩევნო კამპანიას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

„დიახ, გადავწყვიტე ეს გამოწვევა მივიღო. ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია. მაგრამ იქნება საინტერესო და ჩემი ერთადერთი მიზანია, შევქმნა ახალი კამპანია. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა, ის გავხდე. მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„მთავარი არხის“ განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი კენჭს იყრის, იგი ტელევიზიაში დარჩება.

მანამდე პარტიამ აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი დევი ჭანკვეტაძე წარადგინა. მისი კანდიდატურის შესახებ 20 აგვისტოს ფეისბუქზე ინფორმაცია ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოაქვეყნა. გენერალი უკვე ატარებდა საარჩევნო კამპანიას და ოლქში მისი ბანერებიც დღემდე გამოკრულია, თუმცა 23 სექტემბერს მაჟორიტარი დეპუტატობის ოფიციალურ წარდგენაზე დევი ჭანკოტაძე საერთოდ არ დასახელებულა კანდიდატთა შორის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად კი მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია განიხილებოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

რეგიონებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენისას გაირკვა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი მალხაზ ჯალაღონია იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, გიული ალასანიამ შეთავაზებაზე  თავად თქვა უარი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close