იტალიელმა ექიმებმა კორონავირუსის 3-წუთიანი ტესტი შექმნეს
პასუხი ფეხმძიმობის ტესტივითაა: 2 ზოლი - დადებითი, ერთი - უარყოფითი
იტალიის ფარმაცევტული კომპანიის და სანიოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შექმნეს ახალი ექსპრეს-ტესტი კორონავირუსით ინფიცირების დასადგენად. ამის შესახებ La Stampa იუწყება.
ტესტის ჩატარებისთვის და პასუხის მისაღებად სულ 3 წუთია საჭირო. მისი ავტორები ამტკიცებენ, რომ ტესტის საიმედოობა 100%-ს უახლოვდება. ის მთლიანად იტალიელების შექმნილია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, როდესაც ყოველდღიურად ადამიანთა დიდი ნაკადის მართვაა საჭირო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით – მაგ. სკოლებში, სადაც სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება, საავადმყოფოებში ან იმ სექტორებში, რომლებიც ამჟამად ადამიანთა დიდი ნაკადებისთვის დახურულია (მაგ., კონცერტები და სპორტული ღონისძიებები).
ტესტი ასე მუშაობს: ბამბის ტამპონის საშუალებით ადამიანს უღებენ ნერწყვის სინჯს, ტამპონს ათავსებენ ტესტზე და 3 წუთის შემდეგ, 3 რეაგენტის ერთობლივი გამოყენების წყალობით, ცნობილი ხდება პასუხი – SARS-CoV-2-ზე დადებითია თუ უარყოფითი. პასუხი ფეხმძიმობის ტესტს ჰგავს: 2 ზოლი – დადებითი, ერთი – უარყოფითი.
Daily Tampon-ის კიდევ ერთი უპირატესობა მისი დაბალი ფასია – ის იმ ტესტებზე ორჯერ და კიდევ უფრო მეტად იაფია, რომლებსაც ამჟამად იყენებენ; რაც შეეხება საიმედოობას, მისი ერთ-ერთი შემქმნელი მასიმო ბიფი ამბობს, რომ ტესტის პასუხის სიზუსტე 100%-მდეა.
ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლის, სტეფანია მანის (Stefania Magni) თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შემოწმება გაიარეს, დანადგარები შეიძინეს და შეუძლიათ წელიწადში 20 მლნ ასეთი ტესტი აწარმოონ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები