ისტორია

როგორ გადაიღეს 70-იანი წლების საქართველოში ამერიკული იოგურთის რეკლამა (ვიდეო)

ვიდეორგოლი სახელწოდებით „In Soviet Georgia“ მიიჩნევა პირველ ამერიკულ რეკლამად, რომელიც საქართველოში გადაიღეს. ამ ამბავს 1976 წელს The New York Times-მა ვრცელი სტატიაც მიუძღვნა. ავტორი ამბობდა, 70-იან წლებში საქართველოში რომ ამერიკულ სააგენტოს რეკლამა გადაეღო, მყარი საფუძველი უნდა ჰქონოდაო. სააგენტო Martseller-ი კი, როგორც ჩანს, სწორედ ასეთი იყო. როდესაც Dannon Yogurt-მა კამპანია დაუკვეთა, მოცემულობა ასეთი იყო – მისი დისტრიბუციის არეალს მისისიპის მდინარის მარჯვენა სანაპირო წარმოადგენდა და მათ იოგურთს მხოლოდ ოთხიდან ერთი ოჯახი მიირთმევდა.

სააგენტოს დავალება სამომხმარებლო ბაზრის გაზრდა იყო. Martseller-ის კვლევამ აჩვენა, რომ საბჭოთა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ქალები და მამაკაცები „იოგურთს“ (მაწონს) ძალიან დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ და რძის ამ პროდუქტის ტრადიცია უკვე 4000 წელს მოითვლიდა. დააკვირდნენ იმასაც, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი 100 წელს იყო გადაცილებული. ამდენად, პროდუქტი მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყო. ამდენად, აქ გადაღებული Dannon-ის რეკლამა იქნებოდა უტყუარი დასტური, რომ მათი იოგურთი ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.

„ფოლკლორის ეს დოზა დრამატულობას მატებს ჩვენს განაცხადს. ის შეიძლება დაგვეხმაროს გავზარდოთ ცნობადობა იმ სეგმენტში, რომელიც აქამდე არ გვყოლია“, – განაცხადა სააგენტოს შემოქმედებითმა დირექტორმა პიტერ ლუბალინმა.

The New York Times-ის ცნობით, საბჭოთა მთავრობამ სიხარულით მისცა თანხმობა რეკლამის საქართველოში გადაღებას – ის ხომ ხაზს გაუსვამდა, როგორ ხანდაზმულ ასაკამდე ცხოვრობდნენ საბჭოელები.

გადაღებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში სააგენტოს პროდიუსერი არლინ ჰოფმანი ჩამოსულა, რომელიც რეკლამაში გადასაღებად მონაწილეებს ეძებდა. 30-წამიანი ვიდეორგოლისთვის ის ესაუბრებოდა 80-90 წელს გადაცილებულ ხალხს, რომლებიც კვლავაც მხნედ გრძნობდნენ თავს და ყანებში მუშაობდნენ. რეკლამის ბოლო ეპიზოდში ბაგრატ ტაბაღუა და დედამისი ვარდოა. რეკლამის გადაღებისას ბაგრატი 89 წლის ყოფილა, ვარდო – 114-ის.

პროექტის ბიუჯეტმა $41 500 შეადგინა. სააგენტოს განზრახული ჰქონდა, რეკლამა აღმოსავლეთისა და შუა დასავლეთის 70 ბაზრის მასშტაბით გაევრცელებინა, სატელევიზიო პრაიმ-ტაიმის დროს. სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი მილტონ სატონი იმედოვნებდა, რომ საქართველოში გადაღებული ეს რეკლამა ახალი სეგმენტის დაინტერესებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close