პოლიტიკასაქართველო

იწარმოება თუ არა საქართველოში „ნოვიჩოკი“ – ქიმიკოსი რუსეთის ბრალდებას პასუხობს

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული. „შემაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტის მსხვერპლი გახდა“, – აცხადებენ გერმანიის მთავრობაში. თავის მხრივ, განცხადება გააკეთა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იური შვიტკინმა, რომელმაც რუსეთის დუმაში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამ ნივთიერებას საქართველო და აშშ აწარმოებენ.

„გამორიცხულია, საქართველოში ქიმიური წარმოება საერთოდ არ გვაქვს“, – ასე გამოეხმაურა ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ელიზბარ ელიზბარაშვილი რუსეთის დუმაში გაკეთებულ განცხადებას.

სპეციალისტის თქმით, „ნოვიჩოკის“ რეალური ფორმულა არავინ იცის და ის, სავარაუდოდ, ბევრი სხვადასხვა ქიმიური შენაერთისგან შედგება.

„საქართველოში იწარმოება მხოლოდ სასუქები, მანგანუმი და ოქრო. სხვა არაფერი. ლუგარის ცენტრს რომ ებრძვიან, დიდი ალბათობით, ამას უკავშირდება. ჯერ ერთი „ნოვიჩოკის“ რეალური ფორმულა არავინ იცის, იმდენად გასაიდუმლოებულია. ერთი ნივთიერება არ იქნება, მანდ იქნება ბევრის ნაკრები. ვიმეორებ, საქართველოში ამის წარმოება გამორიცხულია. ზოგადად, ასეთი ტიპის ტოქსიკური ნივთიერებები მასიურად არსად არაფერში იწარმოება, თუ ეს არ არ არის ქიმიური იარაღი“, – განცხადა ელიზბარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ნოვიჩოკი“ საბჭოთა კავშირში 1970-80-იან წლებში შეიქმნა და ყველაზე მომაკვდინებელ ნივთიერებად არის მიჩნეული.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისის ბორტზე შეუძლოდ გახდა, 22 აგვისტოს კი იგი გერმანიაში, ბერლინის კლინიკა „შარიტეში“  გადაიყვანეს სამკურნალოდ.

გერმანელმა ექიმებმა დაადასტურეს თავდაპირველი ეჭვი, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლულია. მათივე თქმით, ამჟამად ალექსეი ნავალნის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამ დროისთვის იგი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მძიმე მოწამვლამ ხანგრძლივი ზეგავლენა იქონიოს მის ჯანმრთელობაზე, რუს ოპოზიციონერს კლინიკაში დიდხანს მოუწევს დარჩენა. ამასთან, მათი თქმით, ფერმენტ ქოლინესტერაზას აქტივობა თანდათანობით აღდგება.

ოფიციალურმა ბერლინმა მოუწოდა რუსეთის მთვრობას, გააკეთოს განმარტებები და გამოიძიოს ოპოზიციონერის მოწამვლის ისტორია. რუსეთის ელჩი ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა და თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა გადაჭრით დაგმეს ნავალნის მოწამვლის ფაქტი.

გერმანია ევროკავშირში თავის პარტნიორებთან და ნატოსთან ერთად იმსჯელებს „თანაზომიერ ერთობლივ რეაქციაზე“.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close