ბათუმის საკონდიტრო „დონას“კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა უკავშირდება – ჩაიკეტება თუ არა საკურორტო ქალაქი?
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ბათუმში კონცენტრირებულია მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა ადგილას.
„მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 26 – აჭარაში, კერძოდ, ბათუმში. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, შვიდი – ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
80 მოქალაქეს, რომლებსაც „დონასთან“ ჰქინდათ შეხება, PCR-ტესტი გუშინ ჩაუტარეს, მათი პასუხები დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 23 ინფიცირებულს შორის, ძირითადად, საკონდიტროს თანამშრომლები არიან.
„38 ახალი შემთხვევიდან 22 არის დაკავშირებული ე.წ. კაფე „დონას“ კლასტერთან, ალბათ ბევრი ხართ ნამყოფი ბათუმში, მიკროეპიდაფეთქება გვაქვს. 22 შემთხვევა იყო გუშინ და პლუს ერთი წინა დღეს, სულ 23 შემთხვევაა დაკავშირებული „დონასთან“. ძირითადად, დაინფიცირებული არიან თანამშრომლები. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია „დონას“ გარეთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, უკვე მიმართეს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო დღეებში კაფე „დონაში“ იმყოფებოდნენ, ბათუმში განთავსებულ კარვებში ნებაყოფლობითი ტესტირება ჩაიტარონ.
1tv.ge-ს მიხედვით
კომენტარები