პარიზის მეტროს კედლებზე ქუთაისელი პატარა მხატვრების ნამუშევრები განთავსდა.
ილუსტრაციები „ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის“ მოსწავლეებმა ზღაპრების კრებულისთვის „გვრიტისთვის“ შექმნეს. დღეიდან საფრანგეთში ქუთაისელი მოსწავლეების ნამუშევრების ნახვას მილიონობით ადამიანი შეძლებს. ქართული ზღაპრები პარიზში გამომცემლობა „მედუზამ“ გამოსცა, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობასა თუ ფესტივალზე წარადგენს.
„ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამოცდილება იყო ამ პროექტზე მუშაობა. გვიხარია, რომ ფრანგი მკითხველი ქართულ ხალხურ ზღაპრებს გაეცნობა და თან ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეთა მიერ მხატვრულად გააზრებულ პერსონაჟებს აღმოაჩენს. 2019 წელს ვიყავით პარიზში, სადაც ქართულ-ფრანგული ურთიერთობების თემაზე მოვაწყვეთ გამოფენა და სწორედ აქ გავიცანით გამომცემლობის წარმომადგენლები, სადაც ასეთი არაჩვეულებრივი შემოთავაზება მივიღეთ“, – ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალია პატარიძე.
საფრანგეთის მეტროს კომერციული დირექტორი დამიან დურანი კი სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო, პარიზის მეტროს თუ წაჰყვებით მომდევნო დღეებში, ოცნებებიც შეგხვდებათ. ბოლო რამდენიმე დღეა გამოცემა „მედუზამ“ საქართველოში გასეირნების შთამბეჭდავი ფორმატი შემოგვთავაზა, ეს ნამდვილი მოსაწვევია მოგზაურობაზე.
მაია გიორხელიძის წიგნები გთავაზობთ გასაოცარ პერსონაჟებს, რომლებსაც დიდი მორალური ღირებულება აქვთ. იპოვეთ ეს პოსტერები დერეფანში და გაიარეთ ბრძენიი მელას წინ, გაიცანით მტრედი ჩიპი და მისი ერთგული მეგობარი ჭიანჭველა, ასევე, სხვა პერსონაჟები, რომლებსაც ბევრი აქვთ გასაზიარებელი“, – აღნიშნა დურანმა.
imedinews.ge
კომენტარები