საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ერთი სახლში მკურნალობდა
გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა
საქართველოში გასულ 24 საათში COVID-19-ით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
გუშინ გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია. იგი მცხეთის ცხელების ცენტრში 29 ივლისს შეიყვანეს და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ექიმების განცხადებით, ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა ჰქონდა, ვირუსმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ 87 წლის ქალი „ლილოს“ ინფიცირებული პაციენტების ჯგუფიდან იყო.
კორონავირუსის გამო გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კი, 65 წლამდე ასაკის ქალი, სახლში მკურნალობდა. მას კორონავირუსი 19 აგვისტოს დაუდასტურდა. ამის შესახებ მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქოემოციური სფერო. …მას უვლიდა მისი და, ასევე, კოვიდინფიცირებული“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, პაციენტებს მეთვალყურეობას მათი კლინიკა უწევდა და პირადად მას დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია გარდაცვლილის დასთან.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, გუშინ გარდაცვლილი ეს ქალბატონი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა, რუსუდან ტომარაძე. თავად კალათბურთელის თქმით, დედამისს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც კოვიდ-19-მა გაამწვავა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პაციენტის გარდაცვალების შემდეგ მისი და, რომელიც უვლიდა, სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დილანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 260 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 23-ის მძიმე, დანარჩენების კი – საშუალო და მსუბუქი.
მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული 25 აგვისტოს მონაცემები ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1429
მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1150
გარდაცვლილი – 19
კარანტინის რეჟიმში – 6018
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.
კომენტარები