საზოგადოებასაქართველო

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე გუშინ, 23 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რომელიც მან დაახლოებით ერთი საათის წინ გააკეთა, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. განსაკუთრებით მძიმეა ორის მდგომარეობა, რომლებსაც შინაგანი სისხლდენა განუვითარდათ და სასწრაფო ოპერაციაზე შეიყვანეს.

„გუშინ ავარიის ადგილიდან გადმოიყვანეს სამი ქალი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული, ორი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით. აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფო წესით შეიყვანეს საოპერაციო ბლოკში, სადაც მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. … ამ ეტაპზე სამივე მათგანთან სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებია. … ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტური გზით. [პაციენტების] საშულო ასაკი 25 წელია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შსს შატილის გზაზე მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close