მსოფლიოპოლიტიკა

იცნობდეთ – აგვისტოს ომის „გმირი“ ბერძენი ჟურნალისტი

რამდენიმე დღის წინ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე, საქართველომ კიდევ ერთხელ გაიხსენა ომში დაღუპული გმირები და ის მძიმე დღეები, რომლებიც ქვეყანამ და მისმა მოსახლეობამ გადაიტანა. ისტორიული მეხსიერება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და მისი დანიშნულებაა, ჩვენმა მოქალაქეებმა არ დაივიწყონ – ვინაა მტერი და ვინ მოყვარე, რათა ყველას თავის დროზე შესაბამისად მიეზღოს.

ამავე დროს, 2008 წლის ომი დღემდე გრძელდება და მთავარი ბრძოლა საინფორმაციო სივრცეში მიმდინარეობს. კრემლის პროპაგანდისტული მანქანა დღემდე ცდილობს გაამართლოს საკუთარი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და ამ მიზნის მისაღწევად მრავალფეროვან საშუალებებს იყენებს. მოსკოვის „საინფორმაციო ჯარის“ ერთ-ერთი „ჯარისკაცი“ კი ბერძენი ჟურნალისტი დიმიტრის ლიაცოსია, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან წამლავდა ბერძნულ საინფორმაციო სივრცეს კრემლის პროპაგანდით და ამ თვალსაზრისით თავის რუს კოლეგებსაც კი სჯობნიდა.

ამ მცირე შესავლის შემდეგ ფაქტებზე გადავიდეთ: ომის დღეებში დიმიტრის ლიაცოსი საბერძნეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის (ΕΡΤ) კორესპონდენტი იყო მოსკოვში და აგვისტოს ომის შესახებ სიუჟეტებს ამზადებდა. მან არ ისურვა თბილისში ჩამოსვლა და ომის დღეებში ვლადიკავკაზში გაემგზავრა. როდესაც ΕΡΤ-ის წამყვანები მას რუსული ჯარის მიერ გორის აღებაზე ან თბილისის მიმართულებით მათ გადაადილებაზე ეკითხებოდნენ, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად იგი აცხადებდა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რა ხდებოდა იმჟამად გორში, რომ ვლადიკავკაზი სავსე იყო ცხინვალიდან ლტოლვილებით და რომ ქართველები ოსების გენოციდს ახორციელებდნენ.

ამავე დროს, ლიაცოსი ბერძნულ ელექტრონულ პრესაშიც იმეორებდა რუსული პროპაგანდის დებულებებს. საკმარისია მაგალითად მოვიყვანოთ მისი რამდენიმე სტატიის სათაური: „ამერიკის მხარდაჭერით [საქართველო] მიწასთან ასწორებს სამხრეთ ოსეთს. ამერიკელების მიერ გაწვრთნილი და ნატოს მიერ შეიარაღებული, ხმელეთიდან და ცაში შეიჭრა პატარა ეთნოსის ტერიტორიაზე, თესავს საშინელებასა და სიკვდილს“. https://rb.gy/vnzzv1  (10/08/2008). „ლტოლვილები, 35 000 ადამიანი. დიდი კატასტროფა ოსეთში“ https://rb.gy/7bjngd (12/08/2020). „კავკასიაში კონფლიქტის გაღვივებამ შეაჩერა შეტევა ირანზე. რუსული წყაროების თანახმად, ამჟამად განადგურებულ ქართულ ბაზებზე უნდა განლაგებულიყო აშშ-ის რაკეტები, რომლებიც თეირანისკენ იქნებოდა  მიმართული“ https://rb.gy/oflhtb (23/08/2020).

ლიაცოსის დაინტერესება აგვისტოს ომით 2008 წელს არ დამთავრებულა. რამდენიმე წლის წინათ, ომის მორიგ წლისთავზე ბერძნულ ელექტრონულ მედიაში გამოჩნდა მისი სტატია, რომელშიც წერს, რომ „როიტერის“ ცნობილი ფოტო, გორში დაბომბვის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი მის ძმას ხელში რომ ჰყავს აყვანილი, სინამდვილეში ყალბია! ასეთი რამ რუსებსაც კი არ დაუწერიათ! დღეს ეს სტატია ინტერნეტში აღარ იძებნება, რაც გასაგებიცაა: ასეთი სიცრუის მტკიცება ინტერნეტსივრცეში დიდხანს არ დარჩებოდა.

საგულისხმოა, რომ დიმიტრის ლიაცოსის რეპორტაჟებმა ბერძნული საზოგადოებრივი მაუწყებელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და ის მალე სამსახურიდან გაათავისუფლეს. საინტერესოა, რომ 2018 წლის გაზაფხულზე ლიაცოსი სამსახურიდან გაათავისუფლა კვიპროსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც, სადაც მან 26 წელი იმუშავა. ამჯერად იგი შეეცადა რუსეთის გამართლებას დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საკითხში. ლიაცოსის თქმით, რუსეთს ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და რომ ეს იყო ბრიტანული პროვოკაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ბრიტანელების ყურადღების გადატანა ბრექსიტისგან, ასევე, „ქალაქ ტელფორდში 1500 არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმისგან, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო“. https://rb.gy/emeoiw

დღეს დიმიტრის ლიაცოსი რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ბერძნულენოვან განყოფილებაში მუშაობს, საიდანაც რუსული „საინფორმაციო ჯარის მებრძოლის“ მოვალეობის შესრულებას ისევ აგრძელებს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close