fbpx
საზოგადოებასაქართველო

ამოცნობილია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 13 პირის ნეშტი

1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ მათი ახლობლები ამოცნობილია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართულნი. პლატფორმა მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, ამ 13 ადამიანის ნეშტი მოძიებულ იქნა 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს.

„მსოფლიო გამოცდილების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტიფიცირება წჯსკ-ს მიერ მრავალდარგობრივი მეცნიერული პროცესის მეშვეობით განხორციელდა“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ოჯახებს შეატყობინა მათი ახლობლების ამოცნობის შესახებ.

„ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობაში 14 აგვისტოს შედგება, სადაც ოჯახებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა მათი ახლობლების ხვედრის გასარკვევად. ამ პროცესის განმავლობაში, ასევე, გაგრძელდება ოჯახებისთვის ფსიქოლოგიური და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის აღმოჩენა, რათა მათ შეძლონ გარდაცვლილი ახლობლების ამოცნობით გამოწვეულ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამოცნობილთა გამოსამშვიდობებელი ცერემონია 15 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში შედგება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანახმად, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით დაკარგულად ითვლება 2352 ადამიანი, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირი.

კომიტეტის ინფორმაციით, 2013 წლის შემდგომ სულ ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, აქედან 191 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს, გრძელდება მუშაობა კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დასადგენად.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close