მსოფლიოპოლიტიკასაბერძნეთი

თურქული სამხედრო გემი ბერძნული ფრეგატის დაზიანებას შეეცადა – კრიზისი ისევ მწვავე ფაზაშია

ემანუელ მაკრონი საბერძნეთის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ბერძნული მედიისთვის ცნობილი გახდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის გუშინდელი ვიდეომიმართვის მიზეზი, რომლის შესახებაც ვწერდით.

გავრცელებული ინფორმაციით, 12 აგვისტოს, შუადღეს თურქული სამხედრო გემი, სავარაუდოდ, Kemal Reis-ი („ქემალ რეისი“) შეეცადა, სახიფათო მანევრის განხორციელებით დაეზიანებინა ბერძნული ფრეგატი Λήμνος („ლიმნოსი“). მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და თავად თურქული ხომალდი დაზარალდა.

როგორც ჩანს, მიცოტაკისი ამ შემთხვევამ ააღელვა და მისი სატელევიზიო მიმართვაც ამ ფაქტმა განაპირობა. საგულისხმოა, რომ მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდა ევროკავშირი საკითხის განხილვას საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომლის მოწვევასაც საბერძნეთი 2 დღის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა.

საბერძნეთისადმი თავისი მხარდაჭერა გამოხატა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც წუხელ, გვიან ღამით თავის Twitter-ზე ორი განცხადება გამოაქვეყნა ბერძნულ ენაზე.

„სიტუაცია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში შემაშფოთებელია. ნავთობის მოძიებასთან დაკავშირებით თურქეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაძაბულობას იწვევს… გადავწყვიტე დროებით გავაძლიერო საფრანგეთის სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში…“, – წერს მაკრონი განცხადებებში.

ამასობაში თურქული საკვლევი გემი Oruc Reis-ი („ორუჩ რეისი“) ღია ზღვაში ცურვას განაგრძობს. გუშინ გემი სადავო შელფს გაეცალა და თურქეთის სანაპიროსაკენ გაემართა, მაგრამ დღეს ისევ შეიცვალა გეზი და უკან დაბრუნდა.

მდგომარეობა კვლავ კრიზისულია.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close