პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის განცხადება თურქეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით (ვიდეო)
უკვე რამდენიმე დღეა ბერძნული საზოგადოების მღელვარებას იწვევს თურქეთის აგრესიული ქმედებები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რომელიც საბერძნეთის სუვერენულ უფლებებს ლახავს. შექმნილ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით რამდენიმე საათის წინ სატელევიზიო განცხადება გააკეთა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.
პრემიერმა თავიდანვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თურქეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა ადასტურებს, რომ მას არ გააჩნია იურიდიული არგუმენტები, რომელთა მეშვეობითაც თავისი პრეტენზიების სამართლიანობას დაასაბუთებდა. მიცოტაკისმა არ დამალა კრიზისულ რეგიონში საბერძნეთის მიერ სამხედრო ფლოტის გაგზავნის ფაქტი, რაც ანკარის ანალოგიური ქმედების მიმართ ადეკვატურ პასუხს წარმოადგენდა. პრემიერის თქმით, ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებას სათანადო პასუხი გაეცემა.
საბერძნეთის მთავრობის ხელმძღვანელი შეეხო იმ დიპლომატიურ ნაბიჯებს, რომელთაც ხელისუფლება კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით დგამს. კერძოდ, საბერძნეთის მოთხოვნით, პარასკევს, 14 აგვისტოს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც ბერძნულ-თურქული უთანხმოების ასპექტებს განიხილავენ. იმავე დღეს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში შეხვდება თავის ამერიკელ კოლეგას, მაიკ პომპეოს.
ამასობაში თურქული სამეცნიერო-საკვლევი გემი „ორუჩ რეისი“ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, საბერძნეთის კუთვნილ შელფში გადაადგილებას განაგრძობს. გემს 10 თურქული სამხედრო ხომალდი იცავს. მას ჯერ არ დაუწყია ზღვაში კვლევითი სამუშაოები, ამავე დროს, გეზი შეიცვალა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, თურქეთის ნაპირებისკენ გაემართა. მართალია, ამჟამად „ორუჩ რეისი“ თანდათანობით სცილდება ბერძნულ შელფს, მაგრამ გამორიცხული არაა, გეზი კვიპროსის ნაპირებისკენ აიღოს. ასეთ შემთხვევაში კრიზისში შესაძლოა ამ პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს ჩართვაც მოხდეს.
საბერძნეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ყურადღებით აკვირდება თურქული მხარის მოქმედებებს. 11 აგვისტოს, გვიან ღამით გაიმართა თავდაცვის საბჭოს თათბირი თავდაცვის მინისტრის, ნიკოს პანაიოტოპულოს ხელმძღვანელობით.
საგულისხმოა, რომ თურქეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Anadolu-მ გამოაქვეყნა ვიდეო ბერძნული სუბტიტრებით, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტი ამბობს: „მოდით, ხმელთაშუა ზღვის ყველა ქვეყანა გავერთიანდეთ და ვიპოვოთ მისაღები ფორმულა, რომელიც დაიცავს ყველას უფლებებს“.
იმედია, პოლიტიკოსები საბოოლოდ გონიერებას გამოიჩენენ და კრიზისი შეთანხმებით დასრულდება.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები