ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

„დღეში 10 ბერძნულ სიტყვას ჩემით ვსწავლობდი, დილის ლოცვების შემდეგ რვეულს საგანძურივით დავატარებდი“…

ბერძნული ენა ბავშვობიდან აინტერესებდა, მითოლოგიისა და ისტორიის წყალობით, თუმცა მისი შესწავლის საშუალება რამდენიმე წლის შემდეგღა მიეცა. საბერძნეთში წასვლამდე ბერძნულთან მისი ცხოვრების გზის გადაკვეთას პატარა სასწაულად მიიჩნევს.

შემდეგ თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში სწავლობდა. ათენის იოანე კაპოდიასტრის სახელობის ისტორიულ უნივერსიტეტში კი თეოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. ამჟამად მაგისტრატურის ბოლო კურსზეა. მისი სამაგისტრო ნაშრომია „ბიოეთიკა საქართველოში: ისტორია, აწმყო, მომავლის პერსპექტივები“. ბერძნული ენის ღრმად დაუფლებამ მთარგმნელობითი მოღვაწეობა დააწყებინა. თარგმნის თანამედროვე ბერძენ მწერლებს ქართულად, გალობს ათენის წმინდა პანტელეიმონის ტაძართან არსებულ მგალობელთა გუნდში…  – ნინო საძაგლიშვილის პერსონა.

– ყოველთვის მეუხერხულება, როდესაც ჩემთან საუბარს ინტერვიუს არქმევენ, რადგან ჯერ ისეთი არაფერი  გამიკეთებია, თუმცა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამგვარ ინტერვიუებს ვთანხმდები, არის ის, რომ თავად მეც ბევრჯერ ამმაღლებია მოტივაცია ჩემი თანატოლის გაზიარებული გამოცდილებით.

მახსოვს, 11 წლის ვიყავი, როდესაც ჩემზე სულ რაღაც ერთი წლით უფროსი ირაკლი გუნიას ინტერვიუ მოვისმინე ერთ-ერთ არხზე და პატარა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული მკვლევრის მონათხრობმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ შემდეგი რამდენიმე დღე ვიჯექი და ვფიქრობდი, რისი გაკეთება შემეძლო მე და რის შესახებ ვისურვებდი წერას თავად მე. სწორედ იმ პერიოდში დავიწყე ზაფხულობით, გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს რეფერატების წერა სხვადასხვა საკითხზე, რაც კი თავში მომივიდოდა – წაკითხული წიგნებიდან გამოტანილი დასკვნები, სხვადასხვა საინტერესო სფერო, მაგალითად, ეტრუსკები…

სახლში ხელი არასოდეს შეუშლიათ, პირიქით – ჩემს ამ საქმიანობას, რომელიც, ერთი შეხედვით, ვიღაცას არაპრაგმატულიც კი მოეჩვენებოდა, ახალისებდნენ კიდეც და საკმაოდ დიდ საშინაო ბიბლიოთეკაში, საკითხავი ლიტერატურის დიდი არჩევანი მქონდა. რასაც სახლში ვერ ვიპოვიდი, გორის საბავშვო ბიბლიოთეკაში ვეძებდი საკუთარი ხელით. ბიბლიოთეკის არაჩვეულებრივი თანამშრომლები საცავებში შესვლის ნებას მრთავდნენ, რაც კვლევის საინტერესო შეგრძნებას მიღვივებდა.

ბავშვობის წლებში პირველი მესაიდუმლე ბებია იყო. ბებიის გარდაცვალებამ მიმიყვანა ეკლესიაშიც – მეზობლისგან მოვისმინე, ახალგარდაცვლილებს ლოცვა განსაკუთრებით შეეწევაო და მომინდა, ბებო იქაც გამეხარებინა.

ის, რომ წიგნები შევიყვარე, დედის და დეიდის აბსოლუტური დამსახურებაა: თუ არ მიკითხავდნენ, შეთხზულ თუ მოსმენილ ისტორიებს მიამბობდნენ, ხოლო თუ არ მიამბობდნენ – მიკითხავდნენ.

ბერძნული სკოლაშიც გაინტერესებდათ?

მე და სკოლა  საინტერესო ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, ტიპური ფრიადოსანი არასოდეს ვყოფილვარ. ვგულისხმობ იმას, რომ მაშინაც განწყობების ადამიანი ვიყავი: შემეძლო, სტანდარტული დავალების ნაცვლად, მაგალითად, ქიმიაში, რაიმე დამეხატა. განსაკუთრებით სახასიათო თემების წერის პროცესი იყო. სასკოლო თხზულებებს წინასწარ არასოდეს ვწერდი და საკონტროლო წერის პროცესში იქმნებოდა ხოლმე. ეს მარტივი არ იყო, საკმაოდ რისკი გახლდათ, ვიდრე შემოწმებული და გარანტირებული თხზულების წერა, მაგრამ ზეპირობა არასოდეს შემეძლო. ეს ალბათ კარგიცაა და ცუდიც. მოგვიანებით, ზეპირობისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ, ენების სწავლაში პრობლემის წინაშე დამაყენა: საკუთარი მეთოდი უნდა მეპოვა, ჩემს თავზე მორგებული და, თანაც თავად ენა შემეყვარებინა თავისი ეტიმოლოგიით, ისტორიითა და სიღრმეებით.

მადლიერი ვარ ჩემი მასწავლებლების, რომლებიც ჩემს ასეთ მიდგომებს გაგებით ეკიდებოდნენ და ხელი შემიწყვეს, შემოქმედებითად მაქსიმალურად გავხსნილიყავი.

რაც შეეხება ბერძნულს, ბავშვობიდან მაინტერესებდა, მითოლოგიისა და ისტორიის წყალობით, თუმცა მისი შესწავლის საშუალება რამდენიმე წლის შემდეგღა მომეცა. ის, რომ მე ბერძნულთან მანამდე გადავიკვეთე, ვიდრე საბერძნეთში წამოსვლაზე ვიფიქრებდი, ჩემი ცხოვრების პატარა სასწაული მგონია. აი, როგორც სტივ ჯობსი, „ეფლის“ გენერალური დირექტორი  ამბობდა, ყველა წერტილი როდესმე ერთმანეთში გადაიკვეთებაო, დაახლოებით, ეგრეა – ის, რომ მე კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ მომენტში კონკრეტული ნაბიჯები (და არცთუ მარტივი!) გადავდგი ბერძნულის შესასწავლად, რაღაცისთვის იყო გამიზნული.

მახსოვს, დღეში 10 სიტყვას  ჩემით ვსწავლობდი, დილის ლოცვების შემდეგ რვეულს საგანძურივით დავატარებდი თან და ისეთი შეგრძნება მქონდა (ყოველგვარი პათეტიკის გარეშე), თითქოს პირში სიტყვების გემოს შევიგრძნობდი!

თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში სწავლობდით. რატომ ღვთისმეტყველება?

ეს გრძელი ამბავია. მერვე კლასიდან მეთერთმეტე კლასამდე ძიების ინტენსიური პერიოდი მქონდა. პროფესიები, რომლებიც ამ პერიოდში „გავიარე“, იყო: ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ფილოსოფია, და ბოლოს თეოლოგიამდე მივედი, რომელიც ამ ყველაფერს, მეტ-ნაკლებად, თავის თავში აერთიანებდა. ამ პროფესიას სტანდარტულად და კლიშეებით არასოდეს მივდგომივარ, როგორც აი, რაღაც რელიგიური ფაკულტეტი…

თეოლოგის, დიდი დოგმატიკოსის, ნიკო მაცუკას თქმით, უფერული, ნეიტრალური მოცემულობაა, რომელიც არის ყველაფერი და არ არის არაფერი, ირგებს ყველა ფერსა და ფორმას, რათა დიდი ჭეშმარიტებანი დაამოწმოს. აქ დიდი თავისუფლებაა და, თანაც, როგორც ერთ-ერთ საუბარში  ნახევრად ხუმრობით ვთქვი, ესაა ერთადერთი პროფესია, რომელსაც სიკვდილის შემდგომაც გამოიყენებ.

ათენის უნივერსიტეტში განაგრძეთ სწავლა, სადაც ბაკალავრიატი დაამთავრეთ. ათენი და პირველი შთაბეჭდილება...

ათენმა სრულიად სხვა რეალობისა და სხვა გამოწვევების წინაშე დამაყენა. ბევრს ჰგონია, რომ სტიპენდიანტი სტუდენტობა ყველა პრობლემის ავტომატურად მოხსნას გულისხმობს, რაც ასე ნამდვილად არაა. ეს კომფორტის ზონიდან დიდი გასვლაა, რომელიც ნამდვილად ღირს. აქ გავიარე ის, რასაც 10-15 წელს ვერ გავივლიდი, ისევ ისე რომ გამეგრძელებინა ცხოვრება: სახლი – ეკლესია – ბიბლიოთეკა.

ეს ისტორიული უნივერსიტეტია, რომელიც მრავალ ცნობილ მოღვაწეს დაუმთავრებია, მათ შორის, წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელს. უნივერსიტეტი ცნობილი ბერძენი საზოგადო მოღვაწის, იოანე კაპოდისტრიასის სახელს ატარებს და 1837 წელსაა დაარსებული. სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა ფაკულტეტების გვერდით, თანაბარი უფლებებით ფუნქციონირებს თეოლოგიის ფაკულტეტი და მნიშვნელოვანი სამეცნიერო საქმიანობითაა დაკავებული.

ათენის უნივერსიტეტზე ადრეც მისაუბრია, ამიტომ მის შიდა სტრუქტურასა და პროგრამებზე საუბრით აღარ დაგღლით, მხოლოდ ზოგადად ვიტყვი, რომ მადლობელი ვარ ყოველი პედაგოგისა და აქაური მეგობრის, ქართველი სტუდენტებისთვის რომ თანადგომისა და პატივისცემის მეტი არაფერი უჩვენებიათ!

ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ბერძნული ენა გაინტერესებდათ და უფრო ღრმად დასაუფლებლად წახვედით ათენში, როცა ბევრი ინგლისურისა და გერმანულისკენ ილტვის…

ყველა ენას პატივს ვცემ, მათ შორის, ინგლისურსაც (გერმანულთან არანაირი კონტაქტი არ მქონია და ვერაფერს ვიტყვი), მაგრამ ჩემთვის ეს უფრო მედიატორი, ცოტათი ტექნიკური ენაა. რაც შეეხება ბერძნულს, აქაც ჩემმა დამოკიდებულებამ ზეპირობისადმი ითამაშა როლი: ბერძნული არ მოითხოვს ზეპირობას, ის აზრობრივი ენაა, შეგიძლია, ეტიმოლოგიით ისე ითამაშო, როგორც კუბებით და საინტერესო კონსტრუქციები ააგო. ვისაც ლინგვისტიკა ცოტათი მაინც იტაცებს, ის გამიგებს. ეს – ისე, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ენის როლზე კულტურაში, რელიგიასა და ისტორიაში.

გაინტერესებთ პატროლოგია, წმინდა მამათა მემკვიდრეობა და წყაროებზე მუშაობა. რამდენად დაგეხმარათ ათენში სწავლა ამ განხრით მუშაობის ჩაღრმავებაში?

საბოლოოდ, მაგისტრატურის მიმართულებად ეთიკა და ბიოეთიკა ავირჩიე, რომელიც მრავალშრიანი კვლევის საშუალებას იძლევა და მამათა სწავლებებთან კვეთაში განსაკუთრებით საინტერესოა.
კონკრეტული წმინდა მამის გამოყოფა თუ დამჭირდა, ნილოს სინელსა და სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს გამოვყოფდი თავისი ღრმა სულიერ-ფსიქოლოგიური ასპექტებით. პიროვნულად  ძალიან მიყვარს ბასილი დიდი. თანამედროვე მამებიდან დიდი ნუგეშია მამა ემილიანე სიმონ-პეტრელი და უკვე წმინდანად შერაცხული მამა პორფირი კავსოკალიველი მამა პაისთან ერთად.

თარგმნით თანამედროვე ბერძნულ მწერლობას. რომელ პოეტს გამოარჩევდით?

კი, თარგმანი მცდელობაა ორ კულტურას შორის ხიდის გადებისა. რელიგიური თარგმანებიდან სწორედ ახლა გამოვა ერთი პატარა და კოპწია წიგნი – „ფილტრით და უფილტროდ“, რომელიც ქართველი მკითხველისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.

ლიტერატურულ თარგმანებზე თუ ვისაუბრებთ, გავიხსენებდი მარიოს ხაკასის, ანტონის სამარაკისის, კონსტანტინე ხაძოპულოსის, გიორგოს დროსინისის შემოქმედებას. მათი ნაწილი დაბეჭდილა კიდეც.
ბოლოს ვთარგმნე ახალგარდაცვლილი კატერინა ანგელაკი რუკის, თანამედროვე პოეტი ქალის რამდენიმე ლექსი.

ერთი თარგმანი

კატერინა ანგელაკი რუკი (1939-2020)

იარა

ვარსკვლავის ნაცვლად ნაიარევი დაჰკაშკაშებდა ჩემს დაბადებას.
ტკივილებმა, ჯერაც თონთლო სხეულზე ნაწვნევმა,
დასაბამის უკუნეთში გადამტყორცნეს.
ვფორთხავდი არარაში, ციცქნა თითებით
სიკვდილს ვებღაუჭებოდი, შავ-ბნელად მბრწყინავი თამაში.
არც მახსოვს, როგორ მოხდა, რომ იარებიდან გავიფურჩქნე,
როგორ ვისწავლე, ჩირქსა და დელგმაში შემემაგრებინა თავი
და ჩემსავე ფართოდ გახელილ თვალებში
და იქ, სადაც დედაჩემს ეგონა, რომ როგორც წყალზე მოტივტივე ფოთოლს,
სიკვდლის დინება ფეხუვალად წამიყოლებდა,
უეცრად მნახა, წყვდიადიდან გამოვდიოდი.
ვინ უწყის, რა გარიგებანი დაიდო იმ ღამეს,
რა მივეცი, რა მივიღე, რას მოვაკლდი,
რას შევპირდი ცხოვრებას, თავის მსახურად რომ დავეტოვებინე.
ჭიდილი. ზავი. ქადილი,
ჯერ-არს ვმადლობდე ყოფის სისხლიანი ძღვენისათვის თუ შურს ვძიობდე?
ზე-ვიხედვიდე,
განმაწესეს მე საიდანაც თუ მზერას ვხრიდე შენდობის თხოვნის მდაბალ ფესვებთან?
და რა შენდობა, რა ბრალისთვის, ან რა სიმძიმისთვის
ესოდენ ბეჭდაუდებლისთვის, რომ ვიდრე დავიძვროდი
უკვე მაცამტვერებდა? ან იქნებ სულ სხვა ტვირთი ამეკიდებინა
და კოჭლა-კოჭლა მივუყვებოდი დასასრულისკენ?

ვიცხოვრე და თამაშს მოვყევი
ნდობით ვეყრდნობოდი ბერკეტებს
და ავუყვებოდი კიბეებს
ოცნების სხვენზე ვალაგებდი
მივიწყებულ მანეკენებს. ფლორენციას ვუწოდებდი
ჩემს ჯადოსნურ ქალაქს, დახვეწილი ბანოვანებითა და ცილინდრიანი ბატონებით.
კარის გვერდით სამზარეულოს ქვაბურა იყო
იჩქეფებდა ხოლმე და ელვასავით გამოკრთებოდა
ჩემი უჩინარი გმირების თავზე.
ქვემოდან ქვეყნის ცხელი ოხშივარი დიოდა
სამზარეულო სურნელებებით, ნაცნობი ხმაურით
შინაური ხმებით: „რომელი საათია? კარტოფილი გათალე?“
სამზარეულო და ჩემი ქაღალდის წარმოსახვა…
…მაინც, როდის აღიბეჭდებიან ქალაქები?

ათენის წმინდა პანტელეიმონის ტაძართან არსებულ ქართლ მგალობელთა გუნდში გალობთ…

გააგრძელე კითხვა აქ: kvira.ge

ავტორი: თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close