საზოგადოებასაქართველო

შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივს მიაგებენ

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ შინდისში არსებულ მემორიალთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ. იმ ადგილზე, სადაც 12 წლის წინ 17 სამხედრო გმირულად დაეცა, მოსახლეობას ყვავილები მიაქვს. ადგილზე იმყოფებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.

მემორიალთან დაღუპული სამხედროების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები ჩავიდნენ. შინდისის მემორიალთან მივიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აგრეთვე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან ერთად. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

„შინდისის ბრძოლა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში გამორჩეული, შთამბეჭდავი გმირობისა და თავგანწირვის ისტორიაა. … ეს არის გმირობის მაგალითი, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდოს. ამ 17-მა ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა და გმირობა. მადლობას ვუხდი მათ და ქედს ვიხრი მათ წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

17 ქართველი გმირი 12 წლის წინათ, 11 აგვისტოს სოფელ შინდისში დაიღუპა, როდესაც საქართველოს მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულს რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეული დაესხა თავს. რუსული საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი სამხედრო მოკლეს.

მათ გმირულ თავგანწირვაზე და ტრაგიკულ ისტორიაზე რეჟისორმა დიტო ცინცაძემ ფილმი გადაიღო – „შინდისი“, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის პრიზის, საუკეთესო რეჟისურისთვის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close