ვირუსს ტვინი არ აქვს, ტვინი ჩვენ გვაქვს, ვირუსის ჭკუაში მოტყუებას შევძლებთ – ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალჩინოსნების განცხადებით, Covid-19 სასტიკია თავისი სიმარტივით, მაგრამ არსებობს უამრავი რამ, რაც მისი ჭკუაში მოტყუებისთვის შეიძლება გაკეთდეს.
„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რის გაკეთებას ცდილობს ვირუსი, ვირუსს ტვინი არ აქვს. ტვინი ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა.
მისი თქმით, ვირუსი მარტივი ბიოლოგიური ორგანიზმია, რომელსაც ადამიანის უჯრედში შესვლა და უჯრედისთვის უფრო მეტი ვირუსის გავრცელების დავალება შეუძლია.
თავის მხრივ, კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ვირუსის მიზანია რეპროდუქცია, თუმცა ბევრი ადამიანის მოკვლას მიზნად არ ისახავს, რადგან ვერ შეძლებს სხვა ადამიანზე გადასვლას, თუ თავის მეპატრონეს მოკლავს.
„ბევრი რამ არის, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია იმ ინსტრუმენტებით, რომელიც ახლა გვაქვს. ეს მოიცავს სოციალურ დისტანცირებას, კონტაქტის გამოვლენას, ინფიცირებულ პირთა კარანტინში მოთავსებას, პირბადის გამოყენებას და ხელების ჰიგიენას. თუ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, ვირუსის ჭკუაში მოტყუებას შევძლებთ. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საკუთარი როლი აქვს გადამცემი ჯაჭვის გაწყვეტაში“, – აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.
imedinews.ge
კომენტარები