fbpx
პოლიტიკასაქართველო

მესტია ჩაიკეტა – მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს გაივლიან

ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიას დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, კოვიდ-19-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო ზონებში განათავსებენ.

„ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. უკვე შექმნილია რეგიონული შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს უზრუნველყოფს“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, რადგან იქ ახალი კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე ინფორმაციას ავრცელებს. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალის, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრის, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან, რაც გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, კარანტინი გაიარონ.

უწყების განმარტებით, დამატებითი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.

გარდა ამისა, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს.

შსს-ს ინფორმაციით, მათი თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.

მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოპერატიულად განახორციელა საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შედეგად უკვე მზად არის 18 სასტუმრო, 327 ოთახით, სადაც საკარანტინო სივრცეები განთავსდება.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული განთავსების ობიექტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს, სასტუმროს მეპატრონეების თანხმობით, საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ცხელი ხაზის – „144“-ის საშუალებით იდენტიფიცირებულია ტურისტების პირველი ნაკადი. სურვილიდან გამომდინარე, ტურისტების გადაყვანა უკვე დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close