იტალიასაზოგადოება

იტალიაში მყინვარის ჩამოშლის საშიშროების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო

იტალიის ვალე დ’აოსტას რეგიონში მდებარე ქალაქ კურმაიორის მერმა მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციის განკარგულება გასცა. ამის მიზეზი ალპების უმაღლეს მთის მასივ მონბლანზე არსებული მყინვარის ჩამოშლის საშიშროებაა, რის შესახებაც გეოლოგებმა ადგილობრივი ხელისუფლება გააფრთხილეს.

სპეციალისტებმა, რომლებიც მთის მასივზე განლაგებულ 184 მყინვარს მუდმივად აკვირდებიან, ზღვის დონიდან 2600-2800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე 500 ათასი კუბური მეტრის მოცულობის ყინულის საფარის მოძრაობა შენიშნეს. მათი თქმით, აღნიშნული მასის მცირე ნაწილის მოწყვეტაც კი მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მთიდან უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე მისაღწევად მას სულ რაღაც 2 წუთი დასჭირდება.

მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა სახიფათო ზონიდან 75 ადამიანი გაიყვანა, მათ შორის, 15 ადგილობრივი მაცხოვრებელი და რამდენიმე ათეული ტურისტი. ჩაიკეტა მთის ძირში არსებული ხეობის მახლობლად გამავალი გზებიც. ქალაქის მერის, სტეფანო მიზეროჩის განცხადებით, მოსახლეობის სწრაფი ევაკუაცია მათივე უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი. კურმაიორში საგანგებო მდგომარეობა კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს.

მობლანის მთის მასივი, რომელიც იტალიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზეა გადაჭიმული, 4 ათას მყინვარს მოიცავს. ბოლო დროს, კლიმატის ცვლილების პარალელურად, იქ ყინულმა დნობა საგანგაშო ტემპით დაიწყო, რის გამოც უზარმაზარი კრისტალური მასის ჩამოშლის რისკი არაერთხელ შეიქმნა. ბოლოდროინდელი მოვლენაც უჩვეულოდ თბილი ამინდის შედეგია.

მეცნიერთა მიერ მოპოვებული მონაცემებით, 1850 წლის შემდეგ ალპების მთათა სისტემის ყინულის საფარის ზომა საშუალოდ 30-40 პროცენტით შემცირდა. მკვლევართა ვარაუდით, თუ ატმოსფეროში მავნე აირების კონცენტრაცია კვლავ სწრაფად განაგრძობს მატებას, მყინვართა უმეტესობა 2050 წლისთვის ნახევრად დადნება.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close