მსოფლიოპოლიტიკასაქართველო

როგორ იხსენებს ნიკოლა სარკოზი აგვისტოს ომს თავის მემუარებში – დიპლომატიური კულისები

24 ივლისს აგვისტოს ომის დოკუმენტურ ლიტერატურას შეემატა 13 გვერდი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის 500-გვერდიანი მემუარიდან „ქარიშხლების ეპოქა“.

წიგნი კოვიდით გამოწვეული ორთვიანი იზოლაციის პერიოდში დაიწერა. ბევრი სხვა დასავლელი დიპლომატისა თუ პოლიტიკოსისგან განსხვავებით, აგვისტოს ომის დროს სარკოზი პირადად ატარებდა მოლაპარაკებებს პუტინთან, ამიტომ  ქართველი მკითხველისათვის  ამ ცამეტიოდე გვერდის შინაარსის გაცნობა განსაკუთრებით საინტერესოა.

ომის დაწყება და პუტინის სამგზის უარყოფა – „нет, нет, нет!“

საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ 8 აგვისტოს ჩინეთში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე შეიტყობს: „ახალი მოკალათებული ვიყავი სტადიონზე, (…) როცა გაფითრებული და ანერვიულებული ჟან-დავიდ ლევიტი, ჩემი მთავარი დიპლომატიური მრჩეველი, მომიახლოვდა: „ეს წუთია გავიგე ძალზე ცუდი ამბავი. რუსული არმია საქართველოს საზღვარს კვეთს. ისეთი პირი უჩანს, რომ ქვეყნის დაპყრობას აპირებენ“. (…) ვლადიმირ პუტინი ჩემგან ოციოდ მეტრზე იჯდა. იმწამსვე მასთან მივედი, რათა გამეგო, რა ხდებოდა. ვთხოვე, რომ 48 საათი მაინც მოეცა, რათა სიტუაცია დაგვეწყნარებინა, მაგრამ მისგან ცივი უარი მივიღე – «нет, нет, нет!» ადგილი, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, ნამდვილად არ იყო მორგებული ასეთი საუბრისათვის. ამას გარდა, არ მინდოდა საჯარო სკანდალი მომეწყო. რისკი იყო, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. ასე რომ, დავბრუნდი ჩემს ადგილზე და დავტკბი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით. იმ დღეს დილით ჩასული ვიყავი ჩინეთში და ცერემონიის დამთავრების შემდეგ უკან, საფრანგეთში უნდა დავბრუნებულიყავი“.

ამის შემდეგ სარკოზი იხსენებს, რომ უაღრესად დაქანცულმა, თვითმფრინავში მოისმინა თავისი გუნდის შემაჯამებელი ანგარიში.

„სამწუხაროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენი შიში მართლდება“, – ეს იყო ჟან-დავიდ ლევიტის კომენტარი. ამ შუაღამეს ვერაფერს მოიმოქმედებდა კაცი… ჩვენს თვითმფრინავს ტულონისკენ ჰქონდა აღებული გეზი, რათა ვიქენდი კარლასთან ერთად გამეტარებინა შავ კონცხზე. (…) მეორე დღეს დილის ვარჯიშიდან დაბრუნებულმა შევიტყვე, რომ ჟან-დავიდ ლევიტს (რომელიც პარიზში იმყოფებოდა) უკვე ორჯერ ჰქონდა დარეკილი. ამბები სულ უფრო და უფრო უარესდებოდა: რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე იყო და უარესი – აგრძელებდა თბილისისკენ სვლას. ყველა შოკში იყო. გადავწყვიტე რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან დარეკვა“.

სარკოზი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია დიპლომატებში: „ნაწილი თვლიდა, რომ უნდა მესაუბრა პრემიერ-მინისტრ პუტინთან, ადამიანთან, რომელიც რეალურად იღებდა გადაწყვეტილებებს, ხოლო ნაწილი კი ფიქრობდა, რომ უნდა დამეცვა პროტოკოლი და პრეზიდენტთან დამერეკა. მეც იმ აზრის ვიყავი, რომ მედვედევის უგულებელყოფა მას სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდებდა. ამასთან, ვიცოდი, რომ პუტინი თუ მოინდომებდა, ყოველთვის შეძლებდა მოლაპარაკებებში ჩართვას“.

საქართველოს ალზასი და ლორენი, სარკოზი ორ ცეცხლს შუა და როგორ ითხოვდა ბუში რუსების დასჯას

საბოლოოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა კრემლში, რუს კოლეგასთან დარეკვა გადაწყვიტა, ვინაიდან მედვედევთან „დარეკვა მხოლოდ სარგებელს თუ მოიტანდა, ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე. მე მას უპრობლემოდ დავუკავშირდი. მდგომარეობა აბსოლუტურად მიუღებელი იყო, თუმცა გულახდილი უნდა ვიყო და ვაღიარო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დასაძაბავად“, – წერს სარკოზი და იქვე აღნიშნავს:

„უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ისეთივე მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც ალზასს და ლორენს (იგივე ელზასი და ლოთარინგია – რედ.) – ჩვენთვის, ამიტომაც ეს ძალზე ფაქიზი თემა გახლდათ. სააკაშვილს უნდოდა თავისი თანამემამულეების ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა. სანამ მედვედევს დაველაპარაკებოდი, მე შევიმუშავე სამპუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანიც იყო 8 აგვისტომდელი სტატუს კვოს დაბრუნება. მედვედევმა, მისთვის დამახასიათებელი გულთბილობით, ყურადღებით მომისმინა, თუმცა არანაირი ვალდებულება არ უკისრია. ამასობაში რუსეთის ძალები საქართველოს ტერიტორიაზე წინ მიიწევდნენ. 11 აგვისტოს ისინი უკვე თბილისიდან 25 კმ-ზე იყვნენ. მე უკვე ყველაზე საშინელი სცენარი წარმომედგინა – სააკაშვილის ჩამოგდება და მის მაგივრად თბილისში პრორუსული მთავრობის ხელდასხმა კრემლის მიერ. ჯორჯ ბუშმა დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩემს გეგმას მხარს უჭერდა, თუმცა, ამასთან ერთად, რუსების დასჯას მოითხოვდა. ეს დასჯა (საბედნიეროდ) არ გულისხმობდა სამხედრო ინტერვენციას. მე ორ ცეცხლს შორის აღმოვჩნდი: რუსები თვლიდნენ, რომ ქართველების მხარეს ვიყავი, ხოლო ამერიკელები და ევროპელების ნაწილი კი თვლიდნენ, რომ რუსების მიმართ ძალზე შემრიგებლური ვიყავი. რეალურად კი მე გაწონასწორებული პოზიცია მეკავა“. სარკოზი წერს, რომ ამის შემდეგ კიდევ ორჯერ ესაუბრა დმიტრი მედვედევს:

„ბუნდოვნად ვგრძნობდი, რომ ის ხვდებოდა, რასაც დაუღალავად ვუხსნიდი – რომ მათ ძალიან ღრმად შეტოპეს და ეს რუსეთის რეპუტაციას დიდ დაღს დაასვამდა. მიუხედავად იმისა, რომ მედვედევი არაფერს მეუბნებოდა, ვგრძნობდი, რომ ის უფრო და უფრო ნაკლებად ებღაუჭებოდა საკუთარ ოფიციალურ საწყის პოზიციას. მე ვიცოდი, რომ ის არ იყო ის პიროვნება, რომელიც კრემლში გადაწყვეტილებას იღებდა, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ პუტინის ნდობით სარგებლობდა. მოკლედ, გადავწყვიტე მისი ამ მერყეობით მესარგებლა და „ვა ბანკზე“ წავედი – შევთავაზე მოსკოვში ჩასვლა, რათა უფრო სიღრმისეული მოლაპარაკებები გაგვეგრძელებინა. გამგზავრებამდე მხოლოდ ერთი პირობა წავუყენე: „მე ჩამოვალ, ოღონდ როცა ჩემი თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვება, დაველოდები ოფიციალურ განცხადებას რუსეთის ჯარის გაჩერების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მოსკოვში ფეხდაუდგმელად უკან გავბრუნდები“. მე ეს გარანტია მჭირდებოდა, რადგან ჩემი გუნდის ნაწილი შიშობდა, რომ შეიძლება მოსკოვში დაგებულ მახეში აღმოვჩენილიყავით – რუსებს დრო მოეგოთ და ჩვენი ჩასვლისთვის უკვე დამთავრებული ჰქონოდათ თავიანთი საქმე“.

მოლაპარაკებები მოსკოვში, პუტინი კბილის გაუსაძლისი ტკივილით და გაფიცხებული სარკოზი

ნიკოლა სარკოზი წერს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გარისკა, ენდო მედვედევს და გაემგზავრა მოსკოვისკენ. ეს პეკინიდან დაბრუნებიდან მესამე დღეს მოხდა. სარკოზის თვითმფრინავი მოსკოვში ჯდება, ბორტზე დაძაბულობაა. სარკოზი იხსენებს, რომ მის გუნდში ყველა გრძნობდა სიტუაციის სერიოზულობას: „ჩემი პატარა დელეგაციის ყველა წევრი მოღუშული და სიტყვაძუნწი იყო“.

„თვითმფრინავის დაჯდომამდე ათი წუთით ადრე მივიღე ოფიციალური ცნობა, რომ მოსკოვმა თავის ტანკებს გაჩერება უბრძანა. ამოვისუნთქე – ვიზიტი კარგად იწყებოდა, თუმცა ტანკების გაჩერება არ იყო საკმარისი – ახლა საჭირო იყო, რომ მათ უკან დაეხიათ! (…) ჩემს თავს ვეკითხებოდი, რამდენად სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება, თუმცა ასეთი კითხვების დასმის დრო აღარ იყო… საჭირო იყო ენერგიულად მუშაობა და მე ვიცოდი, რომ არავინ იყო მზად, საკუთარი ავტორიტეტი შეელახა. პრეზიდენტი მედვედევი და რუსეთის „მუდმივი“ საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ჩვენ გველოდებოდნენ“.

მისვლისთანავე სარკოზი მედვედევმა გვერდზე გაიყვანა და ჰკითხა, საუზმეზე ვლადიმირ პუტინის შემოერთების წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდა.

„პირიქით, მოხარულიც ვიქნები, რომ ის თავიდანვე ვნახო“, – ვუპასუხე მე. პუტინის დასწრება აჩვენებდა, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ რუსები ამ საქმეს. ისიც კი ვიფიქრე, რომ პუტინის დასწრება საქმეს გააადვილებდა – არანაირი იმედი არ მქონდა, რომ რუსი გენერლები პრეზიდენტ მედვედევის ბრძანებას დაემორჩილებოდნენ, რასაც ვერ იტყვი რუსეთის პრემიერ-მინისტრზე. ამასობაში ვლადიმირ პუტინიც გამოჩნდა ოდნავ შესიებული ლოყით. „კბილის გაუსაძლისი ტკივილი მაქვს. კბილის ექიმისგან ამ წუთას გამოვედი. საშინელ ხასიათზე ვარ“, – მითხრა მან მისალმებისთანავე. ამ სიტყვების გაგონებისას მივხვდი, რომ ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოასწავებდა. ამის შემდეგ ჩვენ პატარა მაგიდას შემოვუსხედით. სულ ოთხნი – ჟან-დავიდ ლევიტი, მე და რუსეთის ორი ლიდერი. პარალელურად, მეზობელ ოთახში, ერთად საუზმობდნენ სერგეი ლავროვი, ბერნარ კუშნერი (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2007-2010 წლებში), მედვედევის მარჯვენა ხელი სერგეი პრიხოდკო და ჩემი მრჩეველი დემიან ლორასი. საუზმე წარმოუდგენლად ცუდად დაიწყო. პუტინმა გააბა გრძელი მონოლოგი. ის გაშმაგებული იყო. სულ ცოტა, თხუთმეტი წუთის განმავლობაში სიტყვა არ ჩააგდებინა არავის. ეს იყო საბრალდებო სიტყვა სააკაშვილის პოლიტიკის, მეთოდების, პიროვნების წინააღმდეგ. ის იმდენად იყო წყობილებიდან გამოსული, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელის ხსენებისას პირჯვარსაც კი იწერდა“.

პუტინის მონოლოგმა და პირჯვრის წერამ სარკოზიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:

„ბოლოს, არც მეტი, არც ნაკლები, და ასეთი რამ მითხრა: „მის მიერ ჩადენილი დანაშაული იმდენად დიდია, რომ ის ვერ დარჩება იმ ადგილას, სადაცაა“. მთელი ამ ტირადის განმავლობაში დმიტრი მედვედევს სიტყვა არ დაუძრავს. მე დიდი აუღელვებლობით არ გამოვირჩევი და ამ ყველაფერმა მოთმინება დამაკარგვინა. ძლივს შევაწყვეტინე სიტყვა და, წყობილებიდან გამოსულმა, ვუთხარი: „დღეს 11 აგვისტოა. მე შავი კონცხი იმიტომ არ დავტოვე, რომ ავიტანო გაეროს წევრი ქვეყნის მეთაურის მიმართ შენი ლანძღვა. მე აქ ჩემმა კეთილმა ნებამ ჩამომიყვანა, რათა თქვენ დაგეხმაროთ, რომ ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მონახოთ. სიტუაციიდან, რომლიდანაც ყველა წაგებული გამოვა და, პირველ რიგში, შენ. შენ არაფრის გაგება არ გინდა? ძალიან კარგი – მე უკან ვბრუნდები“.

სარკოზი წერს, რომ გაფიცხებული წამოხტა, სკამზე გადაკიდებული პიჯაკი აიღო და კარისკენ გაეშურა.

„კი, მაგრამ სად მიდიხარ?“ – მომესმა პუტინის შეწუხებული ხმა. მე აქ არაფერი მესაქმება. მე სიტყვას ვერ ვამბობ, შენ არაფრის გაგონება არ გსურს. ასე რომ, მე პრესას შევატყობინებ, რომ ჩემი მისია სრული ფიასკოთი დასრულდა“. პუტინი წამოდგა და ამჯერად უფრო თავაზიანი ტონით მთხოვა დარჩენა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, რაზეც მე მივანიშნე, რომ მოლაპარაკებები ჯერ არც დაწყებულა, თუმცა მაგიდასთან იმედმოცემული დავბრუნდი. პუტინმა გააგრძელა:

„ერთი კითხვა მაქვს შენთან: როცა შენმა მეგობარმა ბუშმა ჩამოახრჩო სადამ ჰუსეინი, შენ თითი არ გაგინძრევია. და როცა მე გეუბნები, რომ სააკაშვილი გასაგდებია, მზად ხარ, ადგე და წახვიდე. რითაა გამოწვეული შენი ეს ორმაგი სტანდარტი?”. „აა, აი, თურმე რა ყოფილა შენი ცხოვრების ოცნება, დაამთავრო ისე, როგორც ბუშმა, რომელიც მსოფლიოს ორ მესამედს ეზიზღება“, – ვუპასუხე მე, – „არ ვიცოდი, რომ ეს იყო შენი ცხოვრების მიზანი!“

სარკოზის მიხედვით, ამ სიტყვებზე პუტინმა გადაიხარხარა და გულწრფელად უპასუხა – „ჩაგეთვალა!“ როგორც იქნა, დაიწყეს წყნარად საუბარი.

„კბილის ტკივილმა თითქოს გაუარა, ყოველ შემთხვევაში, ეს მას აღარ აწუხებდა. როგორც იქნა, მე დავინახე ჩემს წინ მჯდომი წყნარი და საქმიანი ადამიანი, ისეთი, როგორსაც მე ვაფასებდი. (…) შევეცადე მისთვის ამეხსნა, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ კატასტროფის მომტანი იყო. რა ავტორიტეტს შეიძენდა რუსეთი ოთხმილიონიანი ქვეყნის განადგურებით? (…) ჩვენი საუბარი ისე გაგრძელდა ოთხი საათი, რომ ერთხელაც არ მოგვიწია ხმის ამაღლება, თუმცა ვერანაირი გამოსავალი ვერ ვნახეთ“.

უკვე საკმაოდ გადაღლილები იყვნენ და სარკოზიმ შესვენება ითხოვა. მისი თქმით, სამშვიდობო გეგმის მონახაზის გაკეთება სურდა.

6-პუნქტიანი გეგმა, თბილისი წყვდიადში, სარკოზი პუტინისთვის მიცემულ პირობას ასრულებს

მოქმედება ჯერ კიდევ მოსკოვში ხდება. სარკოზი თავის გუნდთან ერთად განცალკევდა და ექვსპუნქტიანი სამოქმედო გეგმა ჩამოწერა.

„ამ გეგმის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უნდა დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია. რუსული ჯარი რჩებოდა მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამგვარად, საქართველოს ტერიტორიის 90% (სინამდვილეში საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიის 80%-ს – ლ. ო.) გათავისუფლდებოდა. ეს არ იყო იდეალური გამოსავალი, მაგრამ ეს ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ქვეყნის სრული ოკუპაცია. პუტინი დამთანხმდა, ასევე რომ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების მომავალი სტატუსი უნდა განსაზღვრულიყო ჟენევაში რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ფორმატში. (…) ამგვარად, შევძელით კატასტროფული სცენარის თავიდან აცილება“.

ახლა საფრანგეთის პრეზიდენტს ქართველები უნდა დაერწმუნებინა. სარკოზის თვითმფრინავი თბილისში საღამოს 10 საათზე დაჯდა. საქართველოს დედაქალაქში უკუნი სიბნელე სუფევდა.

„ქვეყანაში ომი მიდიოდა და ოკუპანტის ტანკები აეროპორტიდან 25 კმ-ის მოშორებით იდგნენ. (…) არასდროს აქამდე ასე ახლოს არ ვყოფილვარ ფრონტის წინა ხაზთან. ქალაქში ცხოვრების ნიშანი არ იგრძნობოდა – გარშემო ყველაფერი წყვდიადს მოეცვა. (…) ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის სასახლე. (…) სასახლე ქალაქის ამაღლებაზე იყო განთავსებული და შენობა ძალზე აგრესიულად იყო განათებული, რაც უცნაურ კონტრასტს ქმნიდა წყვდიადით მოცულ დანარჩენ ქალაქთან. იქ იგრძნობოდა დიდი ეგზალტაცია, რომელიც ისტერიაში გადადიოდა. ქვეყნის ლიდერებს აქ, ძალაუფლების ამ უკანასკნელ კუნძულზე, შეგროვილი ჰყავდათ ყველაზე შემართული მომხრეები. უკანასკნელ კუნძულზე, რომლის ბოლომდე დაცვისთვისაც ისინი სრულ მზაობას გამოხატავდნენ“.

პრეზიდენტი სარკოზი და მისი დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტში შედიან.

„სააკაშვილის კაბინეტში გულწრფელი და ემოციური დახვედრა მომიწყვეს. იქვე იყვნენ ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, რომლებიც იქ ყოფნით გამოხატავდნენ თანადგომას. ერთ-ერთ კუთხეში დავინახე ორი კაცი, რომელიც განცალკევებულად იდგა. მათ ეტყობოდათ, რომ ქართველები არ იყვნენ. ვიკითხე, ვინ იყვნენ ისინი და იქ რას აკეთებდნენ. ამიხსნეს, რომ ეს ორი ადამიანი სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მათ იმწამსვე დაეტოვებინათ ოთახი. მე მსურდა საქართველოს ლიდერებთან პირისპირ, უცხო მოწმეების გარეშე საუბარი“.

სანამ 6-პუნქტიან შეთანხმებაზე დაიწყებდნენ საუბარს, სააკაშვილმა სარკოზის პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან სიტყვით გამოსვლა შესთავაზა; სარკოზი წერს, რომ პრეზიდენტის სასახლეში ღია ფანჯარაში ხალხის სკანდირების ხმა ისმოდა (სავარაუდოდ ისინი ამ დროს უკვე პარლამენტის შენობაში იყვნენ). სარკოზი წერს, რომ სააკაშვილის შეთავაზება საკმაოდ მაცდური იყო, მაგრამ ის კრემლში მიცემულ სიტყვას ვერ გატეხდა.

„დიდი ენთუზიაზმით გამსჭვალულმა სააკაშვილმა შემდეგი სიტყვებით მომმართა: „150 ათასი კაცია შეგროვილი სასახლის გარშემო. ისინი შენს სახელს სკანდირებენ. ტრიბუნა და მიკროფონები უკვე მზადაა. შენ მათ უნდა დაელაპარაკო“. სააკაშვილმა გააღო ორმაგი ფანჯარა და ქუჩიდან შემოსულმა ხმაურმა შეავსო ოთახი. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინადადება ძალზე მაცდური იყო, იძულებული ვიყავი, კატეგორიული უარი მეთქვა – მე როგორც პუტინისათვის, ისე მედვედევისთვის სიტყვა მქონდა მიცემული, რომ თუ რუსეთის ჯარი გავიდოდა, მე ერთ სიტყვას არ ვიტყოდი მათ წინააღმდეგ. არადა გარეთ უკიდურესად ეგზალტირებული ხალხის მასა ჩემგან სხვას არაფერს მოითხოვდა, თუ არა რუსების მკაცრად დაგმობას. მე მესმოდა, რა თქმა უნდა, ქართველების, მაგრამ იმ წამსვე, როცა გამოვიდოდი შუამავლის როლიდან და მხარე გავხდებოდი, დავკარგავდი ყველა იმ პრეროგატივას, რომელიც მიუკერძოებელი მომლაპარაკებლის სტატუსმა მომანიჭა“.

„საქართველოს პრეზიდენტი უკანასკნელად შეეცდება ჩემს გადარწმუნებას“, – იხსენებს სარკოზი და ასე აღწერს სააკაშვილთან დიალოგს:

„შენ რომ მათ სიტყვით არ მიმართო, ისინი აქ ყველაფერს დაანგრევენ“. „რაც უნდათ, ის დაანგრიონ. მე სიტყვა მივეცი რუსებს და მას არ დავარღვევ. რუსეთის ტანკებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ ტერიტორია – ჩემი აზრით, ესაა ერთადერთი, რაც ამ წუთასაა მნიშვნელოვანი“.

კრემლის ყურები და ცივი ომის აჩრდილი თბილისში, სარკოზის „ან – ან“ და სააკაშვილისთვის მიუღებელი პუნქტი

როგორც სარკოზი წერს, იცოდა, რომ რუსები გულმოდგინედ ადევნებდნენ თვალს, რას იტყოდა სახალხოდ თუ პირად საუბრებში. ის მიანიშნებს, რომ მისი თბილისში საუბრები შესაძლოა ისმინებოდა კიდეც:

„ერთი წუთითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ რუსებს გააჩნდათ საკმარისი ტექნოლოგიური თუ ადამიანური რესურსი, რათა ზედმიწევნით სცოდნოდათ, თუ რა ხდებოდა თბილისში. მოკლედ, უკვე შუაღამე იყო დამდგარი, როცა საგნობრივი საუბარი დავიწყეთ. მე შევეცადე ამეხსნა, რომ ან საქართველო მიიღებდა ჩემს გეგმას, ან თბილისი რუსების ხელში აღმოჩნდებოდა და ეს იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული“.

სარკოზის ახსოვს, რომ სააკაშვილისთვის მიუღებელი იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომავალი სტატუსი საერთაშორისო დისკუსიის საგანი უნდა გამხდარიყო. იგი დღესაც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მხრიდან ეს შეცდომა იყო, რადგან, სარკოზის აზრით, ეს მოლაპარაკებები გახდებოდა გარანტია, რომ არსებულ მდგომარეობას – რუსების მიერ საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპირებას – არ მისცემოდა იურიდიული სტატუსი.

„ღამის პირველ საათზე დავურეკე მედვედევს და ვთხოვე, რომ ეს პუნქტი ამოეღოთ. ეს, მით უმეტეს, ადვილი იყო რადგან რუსეთის ჯარი ისევ რჩებოდა ამ ტერიტორიებზე. საპასუხოდ მედვედევმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადამიხადა. აშკარა იყო, რომ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. ქართული სისტემა ბევრად უფრო გამჭვირვალე იყო კრემლის ყურებისათვის, ვიდრე ეს ჩემს მასპინძლებს წარმოედგინათ!“

სარკოზის გაუკვირდა, რომ მედვედევი დათანხმდა მის წინადადებას. ბრძანებაც კი გასცა, რომ სამხედრო ძალებს უკან დაეხიათო.

„ეს იყო სრულიად მოულოდნელი წარმატება. დილის სამ საათზე პარლამენტის ეზოში პრესკონფერენცია ჩავატარე. (…) თუმცა საქმე არ გახლდათ სრულად მოგვარებული. პირველ რიგში, მე უნდა დამერწმუნებინა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ საქმე საუკეთესო გარიგებასთან გვქონდა. და ყველა ამ აზრის არ იყო – აღმოსავლეთი ევროპა მზად იყო, რუსების წინააღმდეგ მუშტი-კრივში ჩაბმულიყო და მათ სულაც არ აშინებდათ ცივი ომის აჩრდილი. ცივი ომის აღორძინება კი იყო ის, რისი თავიდან არიდებაც მე ნებისმიერ ფასად მინდოდა“.

ევროპელი პარტნიორების დარწმუნება, აგვისტოს პარადოქსი და სააკაშვილის ორმაგი შეცდომა

1-ლი სექტემბრისათვის საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსით მოიწვია ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომა ბრიუსელში, სადაც, ანგელა მერკელის დახმარებით, დაარწმუნა აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები. ასევე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ქართულ-რუსული ფრონტის ხაზზე ევროპული სადამკვირვებლო მისია უნდა განლაგებულიყო. ამის შემდეგ სარკოზი კიდევ ჩადის მოსკოვში, რათა კიდევ ერთხელ მოითხოვოს რუსული ჯარის დაბრუნება 7 აგვისტომდელ პოზიციებზე:

„8 სექტემბერს მედვედევთან შეხვედრისას მოვითხოვე ჯარის გასვლის ზუსტი და სავალდებულო გრაფიკი. მინისტრ ლავროვთან ერთი შეტაკების შედეგად, რომელიც ძალზე აგრესიული იყო, მივაღწიე შეთანხმებას, რომ ევროპელი დამკვირვებლების განთავსებიდან ორი კვირის თავზე რუსეთის ჯარი დატოვებდა ახლად ოკუპირებულ ტერიტორიას. 2008 წლის დასასრულს ნათელი იყო, რომ საქართველომ მოახერხა გადაერჩინა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რუსეთის ჯარები რჩებოდნენ მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც ისინი კონფლიქტამდეც იყვნენ განთავსებული. ევროპამ შეძლო შეენარჩუნებინა ერთიანობა და დარჩენილიყო დასაწყისიდან დასრულებამდე ამ კრიზისის მოგვარების ერთადერთ ორგანიზატორად“.

სარკოზი ამბობს, რომ აგვისტოს ომის მოლაპარაკებებმა მასა და პუტინს შორის ნდობა გაამტკიცა. ის ასევე წერს, რომ მისი მტკიცე სურვილი იყო, კონფლიქტის მოგვარება ამერიკელების გარეშე, ვინაიდან:

„ამერიკელები, გადაიყვანდნენ რა ამ კონფლიქტს ამერიკულ-რუსულ დაპირისპირებაში, მხოლოდ გაამწვავებდნენ სიტუაციას, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელები მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და ამის გამო ჯორჯ ბუშის დიდი მადლობელი ვარ. პარადოქსია, მაგრამ ამ გამოცდილების შემდეგ საოცრად გაიზარდა ნდობის დონე ჩემსა და რუსეთის ლიდერებს შორის. პუტინმა სიტყვა არ დაარღვია. (…) ამიერიდან ჩვენ შეგვეძლო მათთვის სრული ნდობა გამოგვეცხადებინა“.

რაც შეეხება სააკაშვილს, სარკოზი „ქარიშხლების ეპოქაში“ მის მიმართ ამბივალენტური გრძნობების შესახებ წერს:

„ჩემი აზრი მის შესახებ არაერთგვაროვანია. ეს იყო ღირსეული ადამიანი, მომავლის ნათელი ხედვით. სხვათა შორის, ის ერთ-ერთი იმ პოლიგლოტთაგანია, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მაგრამ იგი ორმაგად შეცდა. პირველ რიგში – ის მწარედ შეცდა, როცა წარმოიდგინა, რომ ამერიკელები მისი გულისთვის ომში ჩაერთვებოდნენ. ამას გარდა, მან ეს დაპირება ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისგან მოისმინა. ის რომ კარგად დაფიქრებულიყო, მიხვდებოდა, რომ ეს ცარიელი სიტყვები იყო… ორი ასეთი შეცდომა კი მეტისმეტია“.

აგვისტოს ომის შესახებ 13 გვერდი ნიკოლა სარკოზის 500-გვერდიანი მემუარიდან ასე სრულდება:

„ეს იყო პირველი ჭეშმარიტი ქარიშხალი, რომელიც მე, როგორც ევროგაერთიანების თავმჯდომარემ, ვიწვნიე და ბედნიერი ვიყავი მასში მოპოვებული დიპლომატიური გამარჯვებით. ეს იყო კარგი მაგალითი იმისა, რომ როცა ევროპას გააჩნდა ნება, მას ბევრი რამის გაკეთება შეეძლო!“

radiotavisupleba.ge (შემოკლებული ვერსია)

სრული ვერსიის სანახავად გადადით ლინკზე: https://www.radiotavisupleba.ge/a/30766139.html

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close