fbpx
იტალიასაზოგადოება

„ნიღბების რეჟიმი“ იტალიაში, დიდი ალბათობით, 31 აგვისტომდე გაგრძელდება

დისკოთეკები ჯერჯერობით არ გაიხსნება

იტალიაში ნიღბის, როგორც ინივიდუალური დაცვის საშუალების, გამოყენების ვალდებულება, დიდი ალბათობით, 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი – სავარაუდოდ, ეს დამცავი ზომა, სხვებთან ერთად, მთავრობის ახალ, აგვისტოს დეკრეტში შევა, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ზომებს განსაზღვრავს. ნიღბის ტარების ვალდებულების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა უკვე ხვალაც იქნას მიღებული.

ამჟამად იტალიაში სამედიცინო ნიღბის ტარება სავალდებულოა დახურული ტიპის საზოგადოებრივ ადგილებში, აგრეთვე, იმ ღია საზოგადოებრივ სივრცეებშიც, სადაც ერთმეტრიანი დისტანციის დაცვის შესაძლებლობა არ არსებობს.

„დემოკრატიული დიალექტიკა, თუნდაც მკაცრი, ქვეყანას უფრო აძლიერებს ამ რთულ სავალ გზაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ დღეს სენატში გამოსვლისას, რომლის დროსაც სენატორებს გააცნო ინფორმაცია მთავრობის მიერ დამტკიცებული ზომების შესახებ კორონავირუსისგან სანიტარიულ დაცვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მსოფლიოში ახლა შესაძლოა ყველაზე რთული სიტუაციაა კორონავირუსის გავრცელების მხრივ, 700 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და ევროკავშირში არსებული მდგომარეობაც ჯერ შორს არის დაწყნარებისგან.

იტალიაში ამ დროისთვის სიტუაცია უკეთესია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში, ევროკავშირის ხელისუფლებების მონაცემით, იტალიაში 100 ათას მოსახლეზე 5,2 ინფიცირებულია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირში, – განაცხადა სპერანცამ.

მისივე თქმით, აგვისტოს დეკრეტით გათვალისწინებულია საგამოფენო სივრცეების და საკრუიზო გემების მუშაობის განახლება, თუმცა დისკოთეკები ისევ დაკეტილი დარჩება.

იტალიის ჯანდაცვის უმაღლესმა ინსტიტუტმა (ISS) და ჯანდაცვის სამინისტრომ დაასრულეს საოქტომბროდ  ვირუსის წინააღმდეგ ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების ხანგრძლივი სამუშაო. გუშინ ეს დოკუმენტი სამეცნერო-ტექნიკურ კომიტეტს გადაეგზავნა, შემდეგ კი რეგიონებში გაიგზავნება. „ეს იყო პარლამენტის მოთხოვნა და მოხარული ვარ, რომ დღეს ამაზე პასუხის საშუალება მაქვს“, – განაცხადა სპერანცამ.

რაც შეეხება სტატისტიკას: კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა – გასულ 24 საათში იტალიაში ინფიცირების 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (სულ – 249 204), გარდაიცვალა 6 ადამიანი (ჯამში – 35 187), გამოჯანმრთელებულია 201 323 პაციენტი. მძიმე პაციენტების რაოდენობა გუშინდელთან შედარებით ერთით გაიზარდა და ამჟამად 42-ს შეადგენს.  ამის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, „ანსა“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 12 რეგიონში, 27 ივლისი – 2 აგვისტოს პერიოდში, ინფიცირების ინდექსი Rt 1-ზე მაღალი იყო, მათ შორის, ყველაზე მაღალი – სიცილიაზე – 1,62, ავტონომიურ პროვინცია ბოლცანოში – 1,43, ტრენტოსა და ვენეტოში, ორივეგან – 1,28, კამპანიაში – 1,25, ტოსკანაში – 1,2, ლიგურიაში – 1,16, მარკეში –  1,13, აპულიაში – 1,1, ლაციოში – 1,08, ლომბარდიაში – 1,04, ემილია რომანიაში – 1,01.

3 რეგიონში ინფიცრების ინდექსი Rt 0-ის ტოლია: ბაზილიკატაში, კალაბრიასა და მოლიზეში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close