fbpx
იტალიაკრიმინალიპოლიტიკა

იტალია: მატეო სალვინი შესაძლოა მიგრანტთა გემის უკანონო ბლოკირებისთვის გაასამართლონ

სენატმა ყოფილ შს მინისტრს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა

იტალიის სენატმა 30 ივლისს მხარი დაუჭირა ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერისა და შს მინისტრის, მატეო სალვინისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას, რის შედეგადაც შესაძლებელია სალვინის გასამართლება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

2019 წლის აგვისტოში 164 მიგრანტი კუნძულ ლამპედუზასთან ახლოს ესპანურ გემ Open Arms-ზე 19 დღის განმავლობაში დააყოვნეს. სიცილიის პროკურორი სალვინის მიგრანტების გემის უკანონოდ ბლოკირებაში სდებს ბრალს, რისთვისაც კანონმდებლობით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული.

საქმე ისაა, რომ მატეო სალვინიმ, რომელიც მაშინ იტალიის შს მინისტრი იყო, გემს მიგრანტების გადასხმა და პორტის დატოვება აუკრძალა.

სალვინის თქმით, იტალიაში მიგრანტების შემოშვების კონტროლი მაშინ სამთავრობო პოლიტიკის ნაწილი იყო.

„იტალიის დაცვა დანაშაული არ არის, მე ამით ვამაყობ და ახლაც იმავეს გავაკეთებდი და მომავალშიც იმავეს გავაკეთებ“, – განაცხადა პარტია „ლიგის“ლიდერმა.

გემის ბლოკადამ მაშინდელ კოალიციურ მთავრობაში სერიოზული დაპირისპირებები გამოიწვია, თუმცა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს კოალიციიური მთავრობის წევრმა პარტიებმა, უკლებლივ,  სალვინისთვის იმუნიტეტის შეჩერებას დაუჭირეს მხარი.

ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების ლიდერები ხელისუფლებას მართლმსაჯულების პოლიტიზებაში ადანაშაულებენ. „იტალიის ძმების“ ლიდერი ჯორჯა მელონი სენატის გადაწყვეტილებას „სახიფათო პრეცედენტს“ უწოდებს, ხოლო „ფორცა, იტალიას“ თავმჯდომარე სილვიო ბერლუსკონი მიიჩნევს, რომ სენატორები გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკური მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ.

Open Arms-ის დოსიე ახლა პალერმოში დაბრუნდა, რომლის პროკურტურაც საქმეს იძიებდა. პროკურორმა ფრანჩესკო ლო ვოიმ უნდა მოითხოვოს ყოფილი შს მინისტრისთვის ბრალის წარდგენა, შემდეგ კი სასამართლო წინასწარ მოსმენას ჩანიშნავს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close