fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალია: საგანგებო მდგომარეობა 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივდება

იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა უმრავლესობის მოთხოვნას საგანგებო მდგომარეობის 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივების თაობაზე: კენჭისყრისას 157-მა სენატორმა თქვა „დიახ“, 125-მა – „არა“, 3-მა კი თავი შეიკავა. ამის შესახებ „ანსა“ წერს

პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს თქმით, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება აუცილებელი იყო, რადგან, სამეცნიერო ტექნიკური კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი ისევ განაგრძობს ცირკულირებას. ამასთან, კონტემ შეშფოთება გამოთქვა მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო.

პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა საკითხთან დაკავშირებით, არის თუ არა გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური: მისი თქმით, რადგან კონსტიტუციაში არ არის მუხლი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, ეს არ ნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და გახანგრძლივება უკანონოა. კონტეს ინფორმაციით, იტალიაში 2014 წლის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა 154-ჯერ იყო შემოღებული და 84-ჯერ – გახანგრძლივებული.

პრემიერმა ოპოზიციას და სახელისუფლებო პარტიებს დაახლოებისკენ მოუწოდა.

„ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ პრეზიდენტ მატარელას მიმართა და თქვა, რომ „გაოგნებულია საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებით“. სალვინის განცხადებით, ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება სკამების შენარჩუნებისთვის სჭირდება.

რაც შეეხება დღევანდელ სტატისტიკას: გუშინდელთან შედარებით მონაცემები მცირედით გაუარესდა. ჩატარებული 48 180 ტესტის შედეგად ახალი კორონავირუსით ინფიცირების 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდ-19-ის დიაგნოზით. მთლიანობაში მსხვერპლთა რიცხვმა 35123-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ –  246488-ს. ამ დროისთვის ვირუსის მატარებელ აქტიურ პაციენტთა რიცხვი ქვეყანაში 12 609-ს შედაგენს, რაც 28-ით მეტია გუშინდელთან შედარებით. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 40 მძიმე პაციენტს მკურნალობენ (5-ით ნაკლებს, ვიდრე გუშინ).

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close