საზოგადოებასაქართველო

გაუჩინარების მეხუთე დღე: ახალი დეტალები – თამარ ბაჩალიაშვილის დედა ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს

დაკარგული 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი თავის ფეისბუქში დღეს პოსტს აქვეყნებს და თანამემამულეებს დახმარებას სთხოვს.

„მთელი საქართველოს მასშტაბით გთხოვთ!!! ვისაც მოსვლა შეგიძლიათ თეთრიწყაროს რაიონში მოგვეხმაროთ თამარ ბაჩალიაშვილის მოძებნაში, რომელიც უკვე მე-5 დღეა არ ჩანს. ვისაც არა თქვენი მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერეთ, რამეთუ, ვფიქრობ, რომ არის შანსი უკვე აღარ იმყოფებოდეს თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორიაზე. გთხოვთ გულთან მიიტანოთ დედის ვედრება და ნუ დაგეზარებათ გავრცელება. ღმერთი იყოს ყველას მფარველი. წინასწარ გიხდით მადლობას“.

თამარ ბაჩალიაშვილის ხუთდღიანი ძებნა ჯერჯერობით უშედეგოდ გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს, ასამდე პოლიციელია ჩართული.

გაჩნდა ვერსია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. დაკარგული 23 წლის გოგოს დედამ თეონა თამაზაშვილმა „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა განათლება საფრანგეთში კიბერუსაფრთხოების დარგში მიიღო. დედა იმასაც ამბობს, რომ დღემდე არ იცოდა, მისი შვილის სად მუშაობდა.

გაუჩინარებიდან 2 დღით ადრე თამარი სამსახურიდან წამოვიდა, რამდენიმე დღის წინ კი ოჯახს გოგონას დირექტორმა დაურეკა. შპს „ზეგის“ ხელმძღვანელს itar.ge  დაუკავშირდა, თუმცა კონკრეტულად არ უთხრეს, რა დავალებას ასრულებდა 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი, ან რას საქმიანობს კომპანია.

დაკარგულის ოჯახის წევრებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართსეს. ისინი გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ და სამძებრო სამუშაოებში დამხმარე ძალის ჩართვას ითხოვენ.

„სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობთო“, – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

აქციის მონაწილეებთან გამომძიებელი მივიდა. მან აქციის მონაწილეებთან, მათ შორის, დაკარგულის დედასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საძიებო სამუშაოებში უკვე ჩართულია დრონები, დილიდან ვერტმფრენებიც ჩაერთო, მყვინთავები ჩავიდნენ ტბებში და გოგონას იქაც ეძებენ.

„ვამოწმებთ ყველაფერს ოპერატიურად. ვაკეთებთ ყველაფერს. დამატებითი ძალები ჩართულია, ეს არ ხდება რაიონისა და რეგიონის დონეზე, ჩართულია მთელი სამინისტრო, ყველა შესაბამისი სამსახური, თუნდაც უმნიშვნელო ვერსიასაც ვამოწმებთ“, – განაცხადა გამომძიებელმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 18 ივლისს, დილის 11 საათზე ავტომანქანით გავიდა. ის ვერცხლისფერი „ჰიუნდაით“ გადაადგილდებოდა.

12 საათზე მანქანა მარნეულში დაფიქსირდა, შემდეგ კი – თეთრიწყაროს სოფელ ხიხანში. მისი კვალი უკვე სოფელ გოლთეთში იკარგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close