გერმანიის მიმართულებით შესაძლოა ჩარტერული ფრენა დაინიშნოს
რას ამბობს სტუდენტთა საპროტესტო აქციის პასუხად ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გერმანიის მიმართულებით შესაძლოა ჩარტერული ფრენა დაინიშნოს.
როგორც თურნავამ აღნიშნა, მიუნხენის აეროპორტზე შეზღუდვა მოხსნილია და, ყველაზე გვიან, რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება.
„გერმანიის მიმართულება არის ყველაზე პირველი, სადაც ჩვენ აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს. თქვენ უკვე იცით, რომ „ლუფთჰანზასთან“ არის მიღწეული შეთანხმება და, ყველაზე გვიან, 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს. პრაქტიკულად, წინა კვირას ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტზე მოიხსნა შეზღუდვა და შეუძლია, ნებისმიერ დროს აღადგინოს. ჩვენ შევეხმიანებით, თუკი არის შესაძლებლობა, რომ უკვე ივლისში დაიწყონ ფრენები, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და მზად ვართ. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დამატებით ჩარტერიც განვიხილოთ, რათა თუნდაც ჩვენმა სტუდენტებმა შეძლონ დროულად ჩასვლა. თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, სწავლა ევროპაში იწყება სექტემბრის განმავლობაში, მათ სწავლისთვის ჩასვლა არ უგვიანდებათ. მოვუწოდებ, რომ გამოიყენონ დარჩენილი დრო, იმოგზაურონ საქართველოში. მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
დღეს სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართეს, დაინიშნოს ივლისში რეგულარული ფრენები გერმანიაში, რომლებსაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შეასრულებს.
ახალგაზრდების თქმით, ისინი გერმანიაში ე.წ. სამთვიან საზაფხულო-სამუშაო პროგრამაში მონაწილეობისთვის მიდიან, მათ სამუშაო კონტრაქტებს ვადა ერთ კვირაში გასდით, გერმანიის მიმართულებით კი ფრენები არ არის დანიშნული, პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით დანიშნული 200-ევროიანი ფრენები კი მათთვის ხელმიუწვდომელია.
„აქ მყოფი სტუდენტებისთვის გერმანიაში წასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გამომუშავებული თანხით შეგვიძლია სწავლის საფასურის გადახდა, ასევე ეს არის დიდი გამოცდილება. მივმართავ პრემიერს თხოვნით, დაარეგულიროს ფრენები, დაარეგულიროს ფასები, რომელიც იქნება სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა სტუდენტების აქციის ერთ-ერთა მონაწილემ ნიკოლოზ გაჩეჩილაძემ.
სტუდენტებმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ზემოაღნიშნულის თაობაზე წერილობით მიმართეს.
1tv.ge-ს მიხედვით
კომენტარები