მსოფლიოპოლიტიკასაბერძნეთი

აპირებს თუ არა თურქეთი აფხაზეთის აღიარებას? – ბერძენი ანალიტიკოსის საყურადღებო ფრაზა (ვიდეო)

თურქეთის ხელისუფლების მიერ სტამბოლის წმინდა სოფიას (აია სოფია) ტაძრის მეჩეთად გადაკეთებამ დიდი მღელვარება გამოიწვია მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც.

გასაგები მიზეზების გამო ყველაზე მეტად ბერძნულ საზოგადოებას დაეტყო მღელვარება. ბოლო დღეების განმავლობაში ბერძნული მედია სისტემატურად აშუქებს ამ საკითხს, მით უმეტეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ბოლო დროს ისედაც დაძაბულია და მათ შორის სადავო არაერთი თემა არსებობს, მიგრანტების ჩათვლით, თუმცა ამჟამად ამ პრობლემას არ შევეხებით. ჩვენი ყურადღება მიიპყრო ტელეარხ KONTRA-ზე ბერძენი ანალიტიკოსის, პანაიოტის თეოდორაკიდისის გამოსვლამ, რომელიც თურქეთის მიმდინარე საგარეო პოლიტიკას განიხილავდა.

საგულისხმოა, რომ ბატონი თეოდორაკიდისი არ არის რიგითი ანალიტიკოსი. მან სამხედრო განათლება მიიღო და წლების განმავლობაში ასწავლიდა ბერძნულ სამხედრო აკადემიაში, სადაც სპეციალური დანიშნულების ძალების პარაშუტისტების აღზრდა-განათლების საქმეს უძღვებოდა. ამას გარდა, მან ამერიკის შეერთებულ შტატებში ბირთვული და ქიმიური ომის პირობებში მოქმედების სპეციალიზაციით მიიღო განათლება. რაც მთავარია, პანაიოტის თეოდორაკიდისი წლების განმავლობაში იყო ნატოს პრესმდივანი და ძალიან კარგად იცნობს ამ სამხედრო ორგანიზაციის შიდა სამზარეულოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ყურადღება მიიქცია  თეოდორაკიდისის მიერ გადაცემის მსვლელობისას ორჯერ (!) აფხაზეთის ხსენებამ, თანაც საინტერესო კონტექსტში. თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის ანალიზისას მან აღნიშნა, რომ ერდოღანის მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, ამ ორგანიზაციას აშანტაჟებს.

ასეთი შანტაჟის მაგალითად მან სამი ფაქტი მოიყვანა: 1. თურქეთი იმუქრებოდა, რომ დაბლოკავდა პოლონეთში ნატოს სარაკეტო კომპლექსების განლაგებას; 2. მიუთითებს, რომ შესაძლოა აღიაროს ყირიმის შეერთება რუსეთის მიერ; 3. შესაძლოა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ცხადია, თურქთის მიერ ყირიმისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დამოკიდებულია რუსეთთან მისი ურთიერთობის გაღრმავებაზე. აქვე სრულად მოვიყვანთ ციტატას (მოუსმინეთ ვიდეოს მე-5 წუთის დასაწყისიდან):

„თურქეთმა უკან დაიხია პოლონეთში ნატოს რაკეტების განთავსების საკითხში, რაზეც ვეტოს დადებით იმუქრებოდა. ამავე დროს, ის აშანტაჟებს [ნატოს], რომ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის შეერთებას… სურს აფხაზეთის თემა…“. შემდგომში, მე-9 წუთზე ანალიტიკოსი ისევ აღნიშნავს: „… საბერძნეთმა უნდა ჩამოაყალიბოს შესაბამისი პოზიცია… როგორც თურქეთი აშანტაჟებდა [ნატოს] პოლონეთის, ყირიმის ან აფხაზეთის საკითხში“.

საინტერესოა, რაზე დაყრდნობით აკეთებს ბერძენი ანალიტიკოსი ასეთ განცხადებებს და რამდენად შეესაბამება სინამდვილეს თეოდორაკიდისის მიერ რეალურ ფაქტად გამოცხადებული ეს ინფორმაცია.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close