საზოგადოებასაქართველო

ისრაელელი ექსპერტები საქართველოს წარმატებაზე წერენ

კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ორ კვირაში ცხადდება მკაცრი კარანტინი, დარღვევაზე წესდება ჯარიმა, ხალხი ექიმ გამყრელიძის რჩევებს ემორჩილება

კორონავირუსის შესახებ ისრაელის ეროვნულმა საინფორმაციო ცენტრმა ანალიტიკური მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის წარმატებასა და ამ წარმატების მთავარ ფაქტორებზეა საუბარი.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მაისის დასაწყისიდან საქართველოში კორონავირუსის სტაბილურად დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება – დღეში 15 შემთხვევაზე ნაკლები.

ევროკავშირი ამ მონაცემებს საიმედოდ მიიჩნევს, საქართველოს შემთხვევაში არ ეჭვობენ დაავადების სტატისტიკის ფალსიფიკაციასა და მანიპულაციებში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სწორედ ამიტომ მოხვდა საქართველო ევროკავშირის მიერ შედგენილ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, რომლის მოქალაქეებსთვისაც შენგენის ზონა ღიაა.

ეროვნული საინფორმაციო ცენტრი განმარტავს, რომ ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა ისრაელთან, თუმცა 10 ივნისს ეს მოლაპარაკებები შეჩერდა, ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ამ ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზად ისრაელელი ანალიტიკოსები, ხელსაყრელი გეოგრაფიული ფაქტორების გარდა, საქართველოს სამაგალითო ანტიეპიდემიურ პოლიტიკას ასახელებენ.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეპიდემიის დასაწყისში მართვა გადაეცა ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომლის ხელმძღვანელიც ამირან გამყრელიძეა.

„აღნიშნულმა უწყებამ იმოქმედა სწრაფად და მტკიცედ. კარანტინის მკაცრი რეჟიმი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ორ კვირაში გამოცხადდა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სრულად შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, დაიხურა სკოლები, გასართობი ცენტრები და ყველა კომერციული დაწესებულება, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ რეჟიმში ქვეყანამ ორი თვის განმავლობაში იცხოვრა, კარანტინის წესების დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმები, ხალხი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნდობით, ექიმ გამყრელიძის რჩევებს ემორჩილება.

„საზღვრები სრულად დაიხურა და აღმოცენებული კერების აღმოფხვრა მოხერხდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პანდემიის არცერთ ეტაპზე არ გადატვირთულა. მას შემდეგ, რაც დაავადების მასშტაბი შემცირდა უსაფრთხო დონემდე, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ტესტირების მასშტაბი არ შეუმცირებია, არამედ აგრძელებს მის გაფართოებას.

ზაფხულის დასაწყისში საქართველოში დღეში დაახლოებით 4500 ტესტი ტარდებოდა (რაც ისრაელის მასშტაბზე 13 000 ტესტს ნიშნავს) ზაფხულის დასასრულისთვის კი ექიმი გამყრელიძე პირობას დებს, რომ დღეში 6-8 ათასი ტესტი ჩატარდება“, – ნათქვამია ისრაელის კორონავირუსის შესახებ ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მოხსენებაში.

ცენტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს წარმატება რეგიონის სხვა ქვეყნების წარუმატებლობის ფონზე განსაკუთრებით გამორჩეულია.

1tv.ge

P. S. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის მთლიანობაში (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით) დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 986 შეთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 857 პაციენტი ანუ თითქმის 87%;  გარდაიცვალა 15 პაციენტი, რაც პროცენტულად 1,52%-ს უდრის; ამ დროისთვის ვირუსი უფიქსირდება 114 პაციენტს, მათგან ექიმები მძიმედ აფასებენ 5-ის მდგომარეობას.

გასულ ერთ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 5-ივე ახალ შემთხვევაში ინფექცია იმპორტირებულია, ინფიცირებულები საკარანტინო სივრცეებში იმყოფებოდნენ. მათგან ნაწილი არის საქართველოს მოქალაქე, ნაწილს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

„ამჯერად ახალ შემთხვევებს შორის არცერთი არ არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განმარტა გამყრელიძემ.

ბოლო დროს გაამოვლენილი შემთხვევები ხშირად სატრანზიტო სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უკავშირდება და, ძირითადად, იმპორტირებულია ან ახალი ინფიცირებულები საკარანტინო სივრცეებიდან არიან, შესაბამისად, გადაცემის წყარო, უმეტესად, ცნობილია, რაც სპეციალისტებს ინფექციის გავრცელების კონტროლის და შეკავების საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, ამირან გამყრელიძის განცხადებით, განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„გვაქვს ყოველდღიურად ერთეული შემთხვევები. უმრავლესობა არის იმპორტირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხშირად ინფიცირებულები არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც გადაზიდვებს ახორციელებენ “ , – განმარტავს გამყრელიძე.

დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით შუახნის მამაკაცი შეიყვანეს. პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close