მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

კორონააგრესია ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს – რა ხდება მსოფლიოში (ვიდეო)

პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები მკვლელობის მიზეზი გახდა საფრანგეთში. ხუთმა მგზავრმა ცემით მოკლა ავტობუსის მძღოლი 58 წლის ფილიპ მონგიო, რომელიც მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გაკეთებისკენ მოუწოდებდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში მაშინ გადაიზარდა, როდესაც მძღოლის მოწოდებას მგზავრებმა ყურადღება არ მიაქციეს და არც მგზავრობის საფასური გადაიხადეს. თავდამსხმელებმა ფილიპ მონგიოს სცემეს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. უგონო მდგომარეობაში მყოფი მძღოლი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ხუთივე მგზავრს ბრალი წარედგინა, მათი სახელები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

სერბეთის დედაქალაქში კი კარანტინის გასაპროტესტებლად გამოსულმა დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის შტურმი ცადეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ისინი საკანონდებლო ორგანოდან გააძევა. ბოლო ინფორმაციით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებისას 60 პოლიციელი და 19 აქტივისტი დაშავდა. ბელგრადში, პარლამენტთან რამდენიმე ათასი ადამიანი მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო შეზღუდვები გაამკაცრა და ქალაქში შაბათ-კვირას სრული კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

კორონავირუსით ინფიცირებული პირი ახალ ზელანდიაში საკარანტინო სივრციდან მაღაზიებში გაიპარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 32 წლის მამაკაცმა ქუჩაში 70 წუთი გაატარა და სელფებიც გადაიღო. მამაკაცი ახალ ზელანდიაში ინდოეთიდან ჩავიდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, საკარანტინო წესების დამრღვევს ჯარიმა ან ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება.

სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის ერთი კვირის წინ გახსნილი საზღვრები ნიდერლანდებმა 8 ივლისს ისევ ჩაკეტა. მიზეზი ორივე ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის სწრაფი მატებაა.

გერმანიაში გუტერლოხის რეგიონი და მისი 600 000 მკვიდრი კარანტინში მოექცა. ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხორცის საწარმო „ზლაუგტერჰაუზეს“ 1500-ზე მეტ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ინფიცირების საკუთარი ანტირეკორდი მოხსნა შეერთებულმა შტატებმა. 8 ივლისს, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 60 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. CNN-ის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ აშშ-ში 3 მილიონს გადააჭარბა. ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანას ჯერჯერობით კვლავ შესწევს ძალა კონტროლქვეშ მოაქციოს პანდემია. მისი თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ვირუსისგან ინფიცირების ასაკი 15 წლით გაახალგაზრდავდა, თუმცა თუკი მოსახლეობა აქტიურად გამოიყენებს პირბადეებსა და დაიცავს საზოგადოებრივი დისტანციის წესებს, პანდემია უკან დაიხევს.

წითელ ზონად რჩება სამხრეთ ამერიკაც. კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტმა საზოგადოებას ვიდეოსესიით მიმართა. ჟაირ ბოლსონარო მკურნალობის მეთოდზე და საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი შესაძლოა მხარდამჭერებთან შეხვედრისას გადაედო.

ცნობისათვის, ჟაირ ბოლსონარუ პანდემიის არსებობას ეჭვქვეშ აყენებდა და კოვიდ-19-ს მოიხსენიებდა, როგორც სეზონურ გრიპს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close