პოლიტიკასაქართველო

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

სავალდებულო ხდება პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გათვალისწინება

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებები მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და 94 მომხრე ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

ცვლილებებით სავალდებულო ხდება პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გათვალისწინება. კერძოდ, თუ პარტიას ყოველ ოთხეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი არ ეყოლება, ის რეგისტრაციას ვერ გაივლის.

ასევე, ცვლილებებით განისაზღვრება საარჩევნო დღეს კოორდინატორების საქმიანობის სპეციფიკა.

კერძოდ, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას, დემონტაჟს, აღებას.

ასევე, აიკრძალება 25 მეტრის რადიუსში ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.

ამასთან, ცვლილებებით, აკრძალული იქნება კენჭისყრამდე რვა საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, აგრეთვე საარჩევნო მიზნებით ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

ასევე, დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მაუწყებელთა ეთერში განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს მოემსახურება.

იცვლება პარტიების დაფინანსების წესიც. კერძოდ, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის – 15 ლარს, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის – 5 ლარს.

100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვა კი სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. ზემოთ აღნიშნულის გარდა, დაუშვებელი იქნება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დანიშნული.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close