ისტორიამიგრაცია

5 უჩვეულო გაქცევა საბჭოთა კავშირიდან

ცნობილია, რომ „რკინის ფარდის“ გამო საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ადამიანს სამშობლოს ლეგალურად დატოვება არ შეეძლო. 80-იან წლებში უზარმაზარი ქვეყნის მოსახლეობაზე წელიწადში მხოლოდ 2000-მდე ვიზა გაიცემოდა, ამიტომ ხშირად საბჭოთა კავშირიდან წასვლის მსურვებელს არალეგალური სქემების შედგენა და რადიკალური ზომების მიღება უწევდათ. ისტორიამ დიადი საბჭოეთიდან გაქცევის უჩვეულო შემთხვევები შემოინახა, რომელსაც ჩვენს წერილში გთავაზობთ.

წითელი საცურაო კოსტიუმი

ლილია გასინსკაია საბჭოთა კავშირიდან გაქცევაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ოცნების ასრულების საუკეთესო საშუალებად საკრუიზო ლაინერ „ლეონიდ სობინოვზე“ ოფიციანტად მუშაობა მიიჩნია. 1979 წლის იანვარში თბომავალი სიდნეის პორტში გაჩერდა. გოგონამ დრო იხელთა, წითელ საცურაო კოსტიუმში გამოეწყო, ილუმინატორიდან გადახტა და ნაპირისკენ გაცურა. საბჭოთა საკონსულომ გასინსკაიაზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა, მაგრამ ოფიციანტი გოგონა პირველად ადგილობრივმა ჟურნალისტებმა იპოვეს და გადამალეს.

ავსტრალია, რომელსაც საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის გართულება არ სურდა, გასინსკაიასთვის თავშესაფრის მიცემის საკითხს დიდხანს ვერ წყვეტდა. ამასობაში გოგონა ადგილობრივ მედიაში ინტერვიუებს არიგებდა და სამშობლოს უკანასკნელი სალანძღავი სიტყვებით მოიხსენიებდა. ამბობდა, რომ მისთვის საძულველი კომუნიზმი მხოლოდ სიცრუეზე და პროპაგანდაზეა აგებული და ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ამ სიყალბეში ცხოვრება არ შეუძლია.

საბოლოოდ, ლილია გასინსკაიამ ახალ სამშობლოში პოლიტიკური თავშესაფარიც მიიღო და პოპულარობაც. ის თავისი წითელი საცურაო კოსტუმით სიამოვნებით პოზირებდა მოდური ჟურნალებისთვის და რამდენიმე სერიალის მონაწილეც გახდა.

გაქცეული მფრინავები

1948 წელს ორი მფრინავი – ანატოლი ბარსოვი და პეტრე პიროგოვი საბჭოთა  ВВС Ту-2-ით ავსტრიის მიწაზე დაეშვნენ და ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი თხოვეს. აშშ-ის ხელისუფლებამ მფრინავების თხოვნა დააკმაყოფილა. პიროგოვმა ახალ სამშობლოში წიგნების წერა და ლექციების კითხვა დაიწყო და სამი წლის შემდეგ მასავით საბჭოთა კავშირიდან გაქცეულ თანამემამულეზე დაქორწინდა.

მეორე მფრინავის საქმე ცუდად აეწყო: ანატოლი ბარსოვმა სამსახურის შოვნა ვერ მოახერხა და სევდას ალკოჰოლის სმაში იქარვებდა. დეპრესიაში ჩავარდნილ მფრინავს საბჭოთა კავშირი ნებაყოფლობითი დაბრუნების შემთხვევაში ამნისტიას პირდებოდა. ანატოლიმ დაიჯერა და დაბრუნდა, მაგრამ ამნისტიის ნაცვლად რამდენიმე თვეში დახვრიტეს.

საოცნებო ქვეყანაში ინდოეთის გავლით

1986 წელს 25 წლის ნოვოსიბირსკელი დიმიტრი სოკოლენკო საბჭოთა ტურისტების ჯგუფთან ერთად ინდოეთში სამოგზაუროდ გაემგზავრა.

დელიში ჩასვლის პირველივე დღეს სოკოლენკომ სასტუმრო დატოვა და ამერიკის საელჩომდე სირბილით მივიდა, სადაც ორი კვირის მანძილზე აფარებდა თავს. ხანგრძლივი პროცედურების გავლის შემდეგ საბჭოთა ტურისტი ნიუ-იორკში ჩავიდა და ახალი ცხოვრება დაიწყო.

როცა ოცნებისთვის სიცოცხლეს რისკავ

1970 წელს ნიუ-იორკის სანაპიროზე საბჭოთა თავზსაჭერმა გემმა უბედურების სიგნალი გაუშვა – გემის ბორტზე მყოფი 25 წლის ლატვიელი ოფიციანტი სიკვდილს ებრძოდა. დაინა პალენა სასწრაფოდ ნიუ-იორკის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მის ორგანიზმში ძლიერმოქმედი პრეპარატების დიდი დოზა აღმოაჩინეს.

როგორც გაირკვა, გოგონამ თავი მოიწამლა, რომ თევზსაჭერი გემიდან აშშ-ის მიწაზე გადაეყვანათ და პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. პალენა ნიუ-იორკის კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირა საბჭოთა დიპლომატიური მისიის წევრების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

გონზე მოსვლის შემდეგ გოგონამ სამშობლოში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. სიცოცხლით იმიტომ არ გამირისკავს, რომ უკან დავბრუნდე – განაცხადა მან. ამერიკის ხელისუფლებამ სამკვირიანი ფიქრის შემდეგ დაინას თხოვნა დააკმაყოფილა. რამდენიმე თვის შემდეგ ლატვიელმა გოგონამ ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაიწყო მუშაობა.

100 კილომეტრი ცურვით

ოკეანოლოგი სტანისლავ კურილოვი მთელი ცხოვრება მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ საბჭოთა ბიუროკრატია ოცნების ასრულების საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ, კურილოვი რადიკალურ ნაბიჯზე წავიდა – 1974 წელს საკრუიზო ლაინერიდან წყნარ ოკეანეში გადახტა და ფილიპინების უახლოეს კუნძულამდე 100 კილომეტრი იცურა. ამ უკიდურესად საშიში და თითქმის თავზეხელაღებული  გაქცევის შესახებ იმ დროს მთელი მსოფლიოს პრესა წერდა. საბოლოოდ საბჭოთა ოკეანოლოგი კანადაში გადაიყვანეს, სადაც მოქალაქეობა მიიღო. მოგვიანებით კურილოვმა საკუთარი პიცერია გახსნა.

ცოლის მოყვანის შემდეგ კურილოვი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა და რამდენიმე წლის წინ ოკეანეში საძიებო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა.

„პროგრესნიუსი“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close