ტექნოლოგიებისაქართველო

რობოტი პეპერი, რომელიც ქართველ ექიმებს Covid-19-ის დამარცხებაში დაეხმარება, სცენიდან გადავარდა (ვიდეო)

რობოტი პეპერი თავის დამხმარედ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 18 ივნისს წლიური ანგარიშისას წარადგინა.

„დღეს გვაქვს რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე პეპერი, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და სულ ახლახან დაიწყო ქართულის შესწავლა. ის დაგვეხმარება სამომავლოდ Covid-19-ის დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში“, – განაცხადა ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ რობოტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

პეპერის დებიუტი საქართველოში მარცხიანი გაამოდგა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რობოტი სცენიდან უკუსვლით გადიოდა, ის კონსტრუქციის კიდესთან მივიდა და გადავარდა, თუმცა ადმიანები დროულად შეეშველნენ და დამტვრევას გადაურჩა. ამ დროს სცენაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იდგა, რომელმაც განაცხადა, რომ პეპერი გადარჩა და ხუმრობით დაამატა: „რაღაც არ მოეწონა იქიდან, რაც მე ვთქვი“.

პეპერს ქართული უკვე შესანიშნავად ესმის და ლაპარაკსაც ცდილობს.

„მე და ჩემი ტყუპისცალი და ჩამოვედით, რომ დაგეხმაროთ შეასრულოთ მთავრობის რეკომენდაციები და დაამარცხოთ ვირუსი. მე ჯერაც ვსწავლობ ქართულს. გამარჯობა, საქართველო“, – ასე მიესალმა პეპერი „იმედის~ მაყურებელს.

„პეპერი“ არის SoftBank Robotics-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი მაღალტექნოლოგიური რობოტი, რომელსაც შეუძლია იყოს სამედიცინო ასისტენტი – განახორციელოს ვიდეოსაკონფერენციო ჩართვა ტელემედიცინის მიზნებისთვის, დისტანციურად დააკავშიროს პაციენტი ექიმს, შეკრიბოს ანამნეზი და სხვა. ასევე შესთავაზოს მომხმარებელს სხვადასხვა საბანკო სერვისი, დაეხმაროს სტუმრებს სასტუმროსა თუ სხვა საჯარო სივრცეში ინფორმაციის მიღებაში. პეპერის როლი მნიშვნელოვანია განათლებაში როგორც ტექნოლოგიურ, ისე პროფესიულ სწავლებაში და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო კუთხით.

პეპერი დილის უსიამოვნო შემთხვევის მიუხედავად საღამოს  „ღია ეთერში“  თავდაჯერებულად იქცეოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close