ხელოვნებასაქართველო

„ავდივარ ტრაპზე. მე არ მოვფრინავ, ეს – შენ ბრუნდები ახლა რომიდან“

ცნობილი მოქანდაკის, თემო ნაცვლიშვილის დაბადებიდან 95 წელი შესრულდა

დღეს ცნობილი მოქანდაკის, თემო ნაცვლიშვილის დაბადებიდან 95 წელი შესრულდა. მისი ვაჟი, პაატა ნაცვლიშვილი ფეისბუქზე პოსტს და ლექსს აქვეყნებს „მოგზაურობა იტალიაში“, რომელიც მამას მიუძღვნა. 

„მამაჩემის 95-ე დაბადების დღე

დღეს, 19 ივნისს, ერთი ჩემი ძველი ლექსი უნდა გავაფეისბუქო. 1986 წელს, წინა საუკუნეში, წინა ათასწლეულშია დაწერილი და რამდენჯერმე გამოქვეყნდა კიდეც. მამაჩემს ეძღვნება, თემო ნაცვლიშვილს, მოქანდაკეს.

მაშინ ცოცხალი იყო. იტალიაში მოგზაურობაზე ოცნებობდა. მოქანდაკე იქნებ ბევრ ქვეყანას ვერ ეწვიოს, მაგრამ ეგვიპტე, საბერძნეთი და იტალია კი აუცილებლად უნდა მოიაროსო, ამბობდა. ეგვიპტესა და საბერძნეთში იმოგზაურა, მაგრამ იტალიაში – ვეღარ. მე არაერთხელ ვარ ნამყოფი იტალიაში, მამაჩემის სიცოცხლეშიც და მერეც. ყველა ამ მოგზაურობას დაუფიქრებლად დავთმობდი, ოღონდ მამაჩემს ერთხელ მაინც ენახა იტალია! ეს ლექსი რომ იწერებოდა, ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ მამაჩემი აუცილებლად იმოგზაურებდა იტალიაში…

ლექსს „მოგზაურობა იტალიაში“ ჰქვია. ეს არ არის ხუთშაბათის ლექსი. ან როგორ იქნება ხუთშაბათისა! ჯერ ერთი, ძველია, 35 წლის წინანდელი, მეორეც – დღეს პარასკევია, 19 ივნისი. 19 ივნისს მამის დღე აღინიშნება. ამავე დროს 19 ივნისი მამაჩემის დაბადების დღეა. დღეს ის 95 წლისა გახდებოდა. პანდემიის გამო აღდგომას ვერა და სწორედ დღეს გავედით მის საფლავზე მე და ჩემი ძმა.

აი, ეს ლექსიც:

მ ო გ ზ ა უ რ ო ბ ა   ი ტ ა ლ ი ა შ ი

მე არ ვუყურებ, ეს – შენ უყურებ რომს და პადუას ჩემი თვალებით,
ჩემს წინ კი არა, შენს წინ დადიან იტალიელი ამორძალები.

ციცქნა კაპელის იდუმალ თაღქვეშ შენ შეგეგება ფრესკებით ჯოტო,
სან-ანტონიოს დღეს მე კი არა, შენ გადაუღე ფერადი ფოტო.

შენ გესალმება გატამელატა, გაჯერებული სისხლით და ომით,
ივსები რომით და ბოლონიით და ფლორენციით და ისევ რომით.

ეს – მე კი არა, შენ უმზერ ახლა ჯულიანოს და ლორენცოს მზერას,
ისე უბრალოდ, თითქოს ჩვენს ბაღში ძირს ჩამოცვენილს კრიფავდე ჭერამს.

აჰა, უფიცი! პონტე ვეკიო! აჰა, პერსევსის მოჭრილი თავიც!
ჩემთვის ერთია, შენ კი ანსხვავებ ერთმანეთისგან სამივე დავითს.

შენ ესალმები ბრინჯაოს მხედრებს, დაღლილებს ცხენზე ამდენხანს ჯდომით,
ივსები რომით და ფლორენციით და ვენეციით და ისევ რომით.

შენ ხედავ, როგორ ირეკლავს სხივებს სან-მარკოს ტაძრის ოქრო და ვერცხლი,
დოჟთა სასახლის აჟურულ სვეტზე შენ შეამჩნიე – ბუდეა მერცხლის.

შენ გესმის, როგორ ხმაურობს ხალხი, როგორ რეკავენ მავრები ზარებს,
როგორ სიმღერით მიდის გონდოლა სადღაც სან-ჯორჯო-მაჯორეს მხარეს.

იტალიაა! აქ ყველაფერი გაოცებს ფორმით, ფერით თუ ზომით.
ივსები რომით და ვენეციით და ფლორენციით და ისევ რომით.

შენ ესალმები პიეტას, მოსეს, სიქსტის კაპელის პლაფონს თუ ფრესკებს,
და წმინდა პეტრეს ტაძრის მტრედები ჩემსკენ კი არა, მოფრენენ შენსკენ.

შენთვის მორთულა რომის ძუ მგელი, რომის ფორუმი და რომის პაპი,
ფონტანა-ტრევი შენგანაც ელის ლირას და ლირას, კაპიკს და კაპიკს.

შენ მოგეწონა, რაც მომეწონა და შენ მოგინდა, რაც მე მომინდა.
ავდივარ ტრაპზე. მე არ მოვფრინავ, ეს – შენ ბრუნდები ახლა რომიდან.

პაატა ნაცვლიშვილი

ფოტო იური მეჩითოვისა“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close