თურქეთში არალეგალურად მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანა პირველ ივლისამდე უნდა დატოვონ
თურქეთში არალეგალურად მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანა პირველ ივლისამდე უნდა დატოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დააჯარიმებენ. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„თურქული მხარის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან მოიხსნება შეღავათი იმ მოქალაქეთათვის, რომლებმაც თურქეთში COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და 29 მარტიდან ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.
საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან ამოეწურათ, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ 1-ლი ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები“. – აცხადებს საელჩო.
კომენტარები