იტალიასაზოგადოება

იტალიის პრემიერ-მინისტრს მოწმის სახით დაკითხავენ – გამოძიება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით

ბერგამოს (ლომბარდიის რეგიონი) პროკურატურის გამომძიებლები, რომლებიც პანდემიის მსვლელობას იძიებენ, აპირებენ მოწმის სახით მოუსმინონ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს, აგრეთვე, ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცას და შინაგან საქმეთა მინისტრ ლუჩანა ლამორჯეზეს. სააგენტო ANSA პროკურატურის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავრობის წარმომადგენლები გამოვლენ, „როგორც პირები, რომლებიც ფაქტების შესახებ ინფორმაციას ფლობენ“.

საუბარია გამოძიებაზე, თუ რატომ ითქვა უარი ორი დასახლებული პუნქტის, ნემბროს და ალცანოს  „წითელ ზონად“ გამოცხადებაზე ბერგამოს რაიონში (იტალიის ჩრდილოეთი) ამ დასახლებულ პუნქტებში ინფიცირების პირველივე შემთხვევების დადასტურების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ პროკურორმა მარია კრისტინა როტამ უკვე დაკითხა ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტი ატილიო ფონტანა. ამ უკანასკნელის მტკიცებით, ეპიდემიის დროს კონკრეტული რეგიონების ჩაკეტვა ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი იყო.

ზოგადად, ეს საკითხი საკამათო გახდა რეგიონულ მთავრობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

პანდემიის პირველ ეტაპზე „წითელ ზონაში“ მოექცა 10 დასახლებული პუნქტი ლოდის პროვინციაში და ერთი ქალაქი ვენეტოს რეგიონში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ამ ფაქტებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საფრთხის „ნარინჯისფერ ზონაში“ მოაქციეს ლომბარდიის მთელი ჩრდილოეთი ოლქი.

შედეგად, ბერგამოს პროვინცია ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული აღმოჩნდა პანდემიის გამო. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მარტიდან აპრილამდე პერიოდში ბერგამოს პროვინციაში სიკვდილიანობა 500%-ით გაიზარდა 2015-2019 წლების იმაზე პერიოდთან შედარებით.

ბერგამოს მერის, ჯორჯო გორის თქმით (გორი იტალიის მმართველ კოალიციაში შემავალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია), ლომბარდიის ხელისუფლებას, რომელიც ოპოზიციურ პარტია „ლიგას“ წარმოადგენს (რეგიონის გუბერნატორი ატილიო ფონტანა მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგის“ წევრია), შეეძლო დამოუკიდებლად, ცენტრალურ ხელისუფლების გვერდის ავლით გადაეწყვიტა კარანტინის შემოღება. ამასთან, ბერგამოს მერმა წინა დღით უცხოელ ჟურნალისტებთან ონლაინ პრესკონფერენციის დროს აღიარა, რომ თებერვლის ბოლოს ადგილობრივი ხელისუფლებებიდან არავინ იაზრებდა სათანადოდ კორონავირუსის გავრცელების რეალურ საფრთხეს. მასობრივი დაინფიცირების ერთ-ერთ წყაროდ ითვლება მილანის (ლომბარდიის დედაქალაქი) სტადიონი სან სირო, სადაც 19 თებერვალს მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩს 40 ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს, აგრეთვე, გულშემატკივრები დიდი კომპანიებით ბარებსა და სპორტულ კლუბებში.

ინფორმაცია პირველ ინფიცირებულზე ქალაქ კოდონიოში (მილანიდან დაახლოებით 60 კმ-ის დაშორებით, ლოდის პროვინცია) 21 თებერვალს გავრცელდა. მანამდე იტალიაში ცნობილი იყო მხოლოდ 3 კოვიდ-ინფიცირებულის შესახებ: ჩინელი ტურისტი ცოლ-ქმარი და უჰანიდან ევაკუირებული 29 წლის იტალიელი მამაკაცი. ისინი მკურნალობას გადიოდნენ რომში, სპალანაცანის ინსტიტუტის კლინიკაში და იზოლირებულები იყვნენ საზოგადოებისგან (ჩინელი ცოლ-ქმრის მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში იყო კრიტიკულად მძიმე, თუმცა იტალიელმა ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს; 29 წლის იტალიელი მამაკაცის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად წარიმართა და იგი მალე გამოჯანმრთელდა).

პანდემიის ფაქტზე იტალიაში ამჟამად რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანი კოდონიოს საავადმყოფოს ეხება, სადაც პირველი ინფიცირებული მივიდა (38 წლის მამაკაცი, სახელად მატია, რომელიც პირველ პაციენტად ითვლება; ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ იგი გამოჯანმრთელდა, გამოჯანმრთელდა მისი ორსული მეუღლეც, რომელსაც აპრილში ჯანმრთელი გოგონა შეეძინა, თუმცა მატიას მამა კორონავირუსისგან გარდაიცვალა). მთელი ამ ხნის განმავლობაში საავადმყოფო დაკეტილი იყო.

ერთდროულად რამდენიმე გამოძიებას აწარმოებენ პროკურორები სხვადასხვა ქალაქში, რომლებიც ეხება ხანდაზმულ ადამიანთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს პანსიონებს და მოხუცებულთა სახლებში. არსებობს ეჭვი, რომ ეს დაწესებულებები, რომლებიც სახელმწიფო დოტაციაზეა, კორონავირუსით ინფიცირებულ  ხანდაზმულ ადამიანებს ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე იღებდნენ, აგრეთვე, არ უზრუნველყოფდნენ თავიანთი პაციენტების უსაფრთხოებას, რამაც კორონავირუსული ინფექციის სწრაფად გავრცელება გამოიწვია, შედეგად კი უამრავი ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მთავრობის მიერ კორონავირუსის ეპიდემიის დროს გადადგმული ნაბიჯების შესწავლა ბერგამოში კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპული ადამიანების ახლობლებმა მოითხოვეს. მათ შექმნეს მოძრაობა „ჩვენ ბრალს ვდებთ“ („Noi denuncieremo“). 10 ივნისს უკვე შევიდა ბერგამოს პროკურატურაში 50 საჩივარი, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კორონავირუსის ეპიდემიის გამო შექმნილი საგანგებო სიტუაციის მართვას ეხება.

* * *

სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ დღეს საღამოს გამოცხადებული ახალი მონაცემებით, იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 236142 შემთხვევაა დადასტურებული, გასულ 24 საათში კიდევ 379 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა (მათგან 252 – ლომბარდიაში); მსხვერპლთა რიცხვი ბოლო ერთ დღეში 53-ით გაიზარდა (ლომბარდიაში 25 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა) და მთლიანობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 34 167-ს  მიაღწია; გამოჯანმრთელდა 171338 ადამიანი და  შედეგად აქტიურ პაციენტთა რიცხვი 30 637-მდე შემცირდა (ეს მაჩვენებელი 1073-ით ნაკლებია, ვიდრე გუშინ); ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 236 მძიმე პაციენტია მოთავსებული, 13-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 2 თვეზე მეტია, ყოველდღე სტაბილურად მცირდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close