fbpx
პოლიტიკასაქართველო

კორონავირუსი საზღვარგარეთ საქართველოს 118 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 16 გარდაიცვალა

ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშის თანახმად, COVID-19 საზღვარგარეთ საქართველოს 118 მოქალაქეს დაუდასტურდა, აქედან 16 პაციენტი გარდაიცვალა (ავსტრია – 1, ესპანეთი – 4, თურქეთი – 1, ბრიტანეთი – 2, აშშ – 5, საფრანგეთი – 2, ლატვია – 1).

„მსოფლიოში COVID-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად შექმნილი რთული ვითარების
გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა უცხო ქვეყნების მიერ მიღებული შეზღუდვების მიზეზით უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება და ადგილებზე დახმარების გაწევა“, – წერია ანგარიშში

ამავე ანგარიშის თანახმად, საზღვარგარეთიდან 22 მაისისთვის საქართველოში 12 720 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, საჰაერო გზით – 7 107, სახმელეთო გზით – 5 223 და საზღვაო გზით – 390 ადამიანი.

დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 – შშმ პირი, 259 – ხანდაზმული, 102 – ორსული, 435 – მცირეწლოვანი, 173 – ონკოლოგიური პაციენტი, 1118 – ტრანზიტული მგზავრი, 29 – მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე – 3 517 მოქალაქე).

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 27 ქვეყნიდან 74 ავიარეისი შესრულდა, მათ შორის ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან და ა.შ.

აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობით, აშშ-იდან განხორციელდა სპეცრეისი, რომელმაც სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის და სტუდენტის და სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვის დაბრუნება უზრუნველყო.

„გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ – 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით. ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან“, – წერია ანგარიშში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close