იტალიამიგრაცია

„ვდარდობ, აღარ მძინავს ღამეები, ფიქრში და ტირილში ვატარებ დღეებს“ – ემიგრანტი ქალის წერილი იტალიიდან

ორიოდე დღის წინ ემიგრანტებისათვის განკუთვნილ ფეისბუქჯგუფში კითხვარი გაჩნდა. ავტორს, ქალბატონ ხათუნა შარაძეს აინტერესებდა, რას განიცდიან ემიგრანტები, რა პრობლემების დაძლევა უწევთ და რატომ გადაწყვიტეს ემიგრაციაში წასვლა. პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საბოლოოდ კითხვარში რამდენიმე ქალის ისტორია დაგროვდა. 

საერთო ბედ-იღბალის და სევდის მქონე გმირი ქართველი ქალები, დედები, დები, შვილები, ცოლები თანამედროვე საქართველოს ისტორიას წერენ, იმ საქართველოსი, რომელმაც ქალები ომში გაუშვა!

ერთ-ერთი ასეთი ძლიერი ქალი იტალიაში მყოფი ლაურა ემრაშვილია. როგორც ცნობილია, იტალიის მთვარობა ემიგრანტებს  ლეგალურად მუშაობის უფლებას  აძლევს, თუმცა საბუთების მისაღებად დამსაქმებლის თანამონაწილეობა აუცილებელია. სწორედ ამ თემას ეხება ემიგრანტი ქალის წერილიც:

„დღეს რატომღაც, ძალიან მინდა მოგიყვეთ, ცოტაოდენი რამ ჩვენი ემიგრანტული, დაუწერელი კანონებით სავსე ცხოვრებიდან!!

თითქმის ყველას ერთნაირი გზა გვაქვს გავლილი..

სამხრეთი იტალია. 2011 წელია….. მე რამდენიმე თვის ჩამოსული ვარ იტალიაში, უენო – უსაბუთო, როგორც აქ ეძახიან, ვცხოვრობ ქართველებთან ერთ დიდ ოთახში. არ უნდა შემეშალოს ოჯახის წესები, (ეს ყველა ოჯახში ალბათ განსხვავებულია, მაგრამ მთლიანობაში ერთნაირია … ოჯახის დიასახლისი გვირჩევს, ვისწავლოთ ენა, ვუყუროთ დიდხანს ტელევიზორს, (ვუყურებ, ვუსმენ, მაგრამ არ მესმის არაფერი, ვერ ვსწავლობ, ვნერვიულობ, ხან ვფიქრობ ალბათ ვერასდროს ვისწავლი)…

… 3-თვიანი უმუშევრობის შემდეგ, ერთმა ახალგაზრდა გოგომ (მან უზომოდ შემაყვარა თუშები) მომიძებნა სამსახური…ლოგინში მწოლიარე 70 წლის ქალბატონი და მისი 32 წლის შვილი…

დაიწყო საშინელების (უძილობის, ტირილის, სინანულის) პირველი დღეები, კვირები, თვეები… დედა-შვილი ერთობოდნენ ჩემს უენობაზე, დამფრთხალ მოძრაობებზე…

2 თვეში გამოცხადდა კანონი საბუთის შესახებ, მაგრამ ჩემ გარდა არავის აინტერესებს… ვთხოვ ქალბატონს დახმარებას, მპასუხობს: მე ლოგინში ვარ ვერ დაგეხმარებიო, ვთხოვ მის უწიგნურ შვილს, პასუხი ასეთია: მე არ მაწუხებს შენი უსაბუთობა, არც დრო მაქვს, ვმუშაობ, ვიღლები და ძალიან ვწუხვარ, მე არ შემიძლიაო….(წერილების დამტარებელი, ფოსტალიონი იყო)…

ამ დროს კარგ ოჯახებში მომუშავე ქართველები, სათითაოდ მიყვებიან, რომ მათი „პატრონები“ უკვე ამზადებენ ყველაფერს, რომ მათ ეს პრობლემა მოხსნილი აქვთ, თან ეს საბუთის გამოსვლის ბოლო შემთხვევაა იტალიაში და ასე შემდეგ… მოკლედ სულით ავადმყოფი გამხადეს ყველამ ერთად…იმედი არ მაქვს არაფრის, ვდარდობ არ მძინავს ღამეები, ფიქრში და ტირილში ვატარებ დღეებს.

…..ამ დროს ერთმა უკვე საბუთიანმა ქართველმა ქალბატონმა მითხრა: მე გაგაცნობ ჩემი პირველი სამსახურის, ბებიას შვილს, მე ვერ ვთხოვ ვერაფერს შენზე! თვითონ დაელაპარაკე, მოუყევი რაც გინდა, კომუნაში მუშაობს და იქნებ დაგეხმაროსო… ვერ ვიტყვი, რა გრძნობა იყო ეს, მიკვირს, როგორ არ მოვკვდი სიხარულით.

… გავიცანი ის ბატონი, საოცრად კეთილშობილი ადამიანი, მაგრამ ჩემი, “აქაიქა” იტალიურით ვერ ვაგებინებ რა მინდა: ვუხსენებ legge- ს( კანონს) და permesso (ნებართვა) ti prego (შენ გთხოვ)…

ის კი გაოცებულ სახით მეკითხებოდა, რა ნებართვა მინდოდა კანონით…. ძლივს მიხვდა.

( ახლაც მრცხვენია, რომ მახსენდება როგორ ველაპარაკებოდი იტალიურად), ასე მითხრა: მე არ ვიცი ამ კანონის შესახებ არაფერი, დამიტოვე შენი ტელეფონის ნომერი და დაგირეკავო… 2 დღე და ღამე სულ ხელში მეჭირა ტელეფონი… დარეკა, მომთხოვა i documenti…მივედი სირბილით(2 საათში უნდა მომესწრო), ჩემი პასპორტით, ძლივს გავაგებინე არ უნდათ ოჯახის წევრებს რომ გავაკეთო საბუთი, არადა ჩემთვის სიცოცხლეზე მეტად ძვირფასია9თქო…(ამ სალაპარაკო, გულის ამაჩუყებელ, დიალოგებს, ვწერდი ფურცელზე და მერე ვკითხულობდი…) მოკლედ მთხოვა ქალბატონის ან შვილის ტელეფონის ნომრები.

ქალბატონს ავუხსენი, რომ თქვენთან სურს საუბარი, კომუნის თანამშრომელს-თქო, რაზეც ძალიან გაბრაზდა, მაგრამ უარი არ მითხრა, მომცა ტელეფონის ნომერი….

დღესაც არ ვიცი, რაზე და როგორ დაელაპარაკა, ოჯახს ის დიდებული ადამიანი, ალბათ კანონიერად…

ასე რომ, ჩემო საბუთის მოლოდინში მყოფო ქართველებო, ეცადეთ ტკბილად, მოაგვაროთ ოჯახთან სიტუაცია.. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ყველა რეგიონში გვყავს ქართველებს ჩვენი გულშემატკივარი და უფლებების დამცველი ქართველთა საზოგადოებები, ასევე შეგიძლიათ ამ საკითხებზე მომუშავე იტალიელებაც, მიმართოთ… დარწმუნებული ვარ ყველა შეძლებთ ამ საბუთის გაკეთებას, რომელიც მართლაც რომ ფასდაუდებელია… წარმატებები ყველას!

მე ჩემი ემოციების გადმოცემა წერით არასდროს მიცდია, ბოდიშს გიხდით ყველა შეცდომაზე. მაგრამ მინდოდა, ჩემი თანადგომა გამომეხატა ყველა იმ ჩვენიანისთვის, ქართველისთვის, ვინც გულისფანცქალით ელოდება საბუთს!

ქართველებო, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგანაც საბუთს რამენაირად,

აუცილებლად გააკეთებთ!!!

დაკარგულ ჯანმრთელობას, ვეღარ დაიბრუნებთ!!!“ – ლაურა ემრაშვილი.

kartuli.kvira.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close