fbpx
იტალიასაზოგადოება

3 ივნისიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება აღდგება

კორონავირუსის სტატისტიკა: 178 ინფიცირებული გასულ ერთ დღეში - ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 26 თებერვლის შემდეგ

თითქმის 3-თვიანი აკრძალვის შემდეგ, 3 ივნისიდან თავისუფალი გადაადგილება იტალიის მთელ ტერიტორიაზე აღდგება, ავტოსერტიფიკატის, საგანგებო აუცილებლობისა და სამსახურის ცნობის გარეშე – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო იტალიის მთავრობამ. ამის შესახებ „კორიერე დელა სერა“ წერს.

კარანტინში ყოფნის მოთხოვნა ძალაში რჩება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ და ჯერ კიდევ არიან ვირუსის მატარებლები.

თუმცა ზოგიერთი რეგიონის გუბერნატორს, თავისი შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად შემოაქვს გარკვეული შემზღუდავი ზომები, როგორიცაა აუცილებელი 14-დღიანი კარანტინი მათთვის, ვინც იტალიის სხვა ტერიტორიიდან მათ რეგიონში ჩადის, მაგრამ რეგიონულ საქმეთა მინისტრმა ბოჩამ უკვე განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავს,  რეგიონულ ადმინისტრაციულ სასამართლოში (TAR) გაასაჩივრებენ.

მაგ., სარდინიის გუბერნატორის ინიციატივა იყო, კუნძულზე ჩასვლამდე მოქალაქეებს ტესტი ჩაეტარებინათ, თუმცა იტალიის მთავრობამ ეს წინადადება უარყო. არსებობს გეგმა B-ც სარდინიისთვის – რეგიონის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ კუნძულზე ჩასვლის მსურველებმა საკმარისია, უბრალოდ, წინასწარ აცნობონ შესაბამის უწყებას ამის შესახებ.

მწვანე შუქს უნთებს იტალია 3 ივნისიდან, აგრეთვე, მოგზაურებს ევროპის ქვეყნებიდან. ამ მომენტისთვის საბერძნეთთან კავშირი დაბლოკილია მას შემდეგ, რაც ათენმა იტალია (აგრეთვე, ესპანეთი და საფრანგეთი) არ შეიყვანა იმ 29 ქვეყნის სიაში, რომლებისთვისაც 15 ივნისიდან ხსნის სახელმწიფო საზღვარს, თუმცა გუშინ საბერძნეთმა განაცხადა, რომ 15 ივნისიდან თავისუფლად მიიღებს იტალიიდან მოქალაქეებს 4 რეგიონის გარდა (ლომბარდია, პიემონტი, ემილია რომანია და ვენეტო), ხოლო ამ რეგიონებიდან ჩასულებს კარანტინის გავლა მოუწევთ.

დღეს ლუიჯი დი მაიომ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 9 ივნისს ათენში მიდის, სადაც მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენის საკითხსაც განიხილავს. საგარეო საქმეთა მინისტრი დაიმუქრა, რომ იტალია, თავის მხრივ, საზღვრებს ჩაუკეტავს იმ ქვეყნებს, რომელთა ხელმძღვანელები იტალიას „პატივს არ სცემენ“.

დი მაიოს თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის შიგნით იქნება მიღებული, თანაბარ უფლებებს უნდა უზრუნველყოფდეს ყველა წევრი ქვეყნისთვის. იტალიაში პიკმა დიდი ხანია გადაიარა, ეპიდემია კონტროლქვეშაა და საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების ინიციატივები იტალიის მიმართ უსამართლოა, – აცხადებენ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რაც შეეხება იტალიაში ამ დროისთვის არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას: ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. სამოქალაქო დაცვის სამსახურის ახალი მონაცემებით, რომელიც დღეს საღამოს გახდა ცნობილი, გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირება 178 ადამიანს დაუდგინდა, რაც 26 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ დროისთვის ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 233 197-ს შეადგენს (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით). მათგან 50 ახალი შემთხვევა ლომბარდიაში გამოვლინდა (4-ჯერ ნაკლები, ვიდრე გუშინ – 210).  6 რეგიონში არ დაფიქსირებულა არცერთი ახალი შემთხვევა, ესენია: მარკე, სიცილია, უმბრია, მოლიზე, კალაბრია და ბაზილიკატა.

გასულ ერთ დღეში იტალიაში 60 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ის დიაგნოზით, მათ შორის, 19 – ლომბარდიაში. ეროვნულ დონეზე მსხვერპლთა მთლიანი რაოდენობა ამ დროისთვის 33 475-ს შეადგენს. არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 9 რეგიონში, ესენია: ვენეტო, მარკე, სიცილია, ტრენტინო ალტო ადიჯე, უმბრია, ვალე დ’აოსტა, კალაბრია, მოლიზე და ბაზილიკატა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 158 355-ს მიაღწია (+848).

რეანიმაციაში მოთავსებულია 424 პაციენტი, 11-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით, მათგან 167 – ლომბარდიაში, 3-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ.

დღეს დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა რომის კოლიზეუმი, რომელიც 84 დღის განმავლობაში იყო დაკეტილი, აგრეთვე, ვატიკანის მუზეუმი. რომის კოლიზეუმს პირველივე დღეს 300 დამთვალიერებელი ესტუმრა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close