იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი იტალიაში: 5 რეგიონში ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

„ამ დროისთვის არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ 3 ივნისიდან რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილების აღდგენის გადაწყვეტილება შეიცვალოს“, - ჯანდაცვის მინისტრი

29 მაისის საღამოს მონაცემებით, რომელიც სამოქალაქო დაცვის სამსახურმა წარმოადგინა, იტალიაში გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 516 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (მათგან ლომბარდიაში – 354) და ინფიცირების შემთხვევების საერთო მაჩვენებელი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 232 248-მდე გაიზარდა. 

5 რეგიონში ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, ესენიაა: აბრუცო, უმბრია, ვალე-დ’აოსტა, კალაბრია და ბაზილიკატა.

დედაქალაქ რომში გასულ ერთ დღეში კორონავირუსის მხოლოდ 2 შემთხვევა გამოვლინდა, მთლიანად ლაციოს რეგიონში კი – 16. ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია.

იტალიაში აქტიურ პაციენტთა რაოდენობა კიდევ 1811-ით შემცირდა და ამ დროისთვის 46175-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ერთი თვეა, მცირდება. მათგან 475 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია (14-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით) და რეანიმაციაშია მოთავსებული. მძიმე პაციენტთა რაოდენობა მეორე თვეა, ყოველდღე მცირდება.

კიდევ 2240 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ დროისთვის სულ 152 844-მა ადამიანმა დაამარცხა კორონავირუსი.

გასულ ერთ დღეში 87 ადამიანი კიდევ გარდაიცვალა კოვიდ-19-ის დიაგნოზით და კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 33 229-მდე გაიზარდა.

იტალიის ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) და ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შედეგების თანახმად, რომელიც ე. წ. მეორე ფაზის პერიოდს მოიცავს 2-იდან 24 მაისამდე, ამ დროისთვის იტალიაში COVID-19-თან დაკავშირებით კრიტიკული სიტუაცია არ არის. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლები ძალზე სხვადასხვაგვარია ქვეყნის ტერიტორიაზე. ზოგიერთ რეგიონში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ისევ დიდია (უპირველეს ყოვლისა, ლომბარდიაში), სიტუაცია რთულია, თუმცა კონტროლირებადი. სხვა რეგიონებში კი ინფიცირების შემთხვევების რიცხვი ძალზე მცირეა. არსებული სიტუაცია მიუთითებს იმაზე, რომ მოქალაქეებმა მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების რეკომენდებული წესები, როგორიცაა ჰირადი ჰიგიენა და სოციალური დისტანცია. ასეთია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნა.

რაც შეეხება 3 ივნისიდან რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილების განახლებას, ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ „ანსას“ შეკითხვას ასე უპასუხა:

„მოქმედი ბრძანებულება-კანონი ითვალისწინებს რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილების განახლებას 3 ივნისიდან. ამ მომენტისთვის არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ გადაადგილების დაგეგმილი განახლება შეიცვალოს. ჩვენ დავაკვირდებით [ინფიცირების] მრუდის მდგომარეობას უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში“.

უფრო ადრე, დღის პირველ ნახევრში „კორიერე დელა სერა“, თავის „სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით წერდა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა შეცვალოს გადაწყვეტილება და რეგიონებს შორის თავისუფალი მიმოსვლის აღდგენა გადაიდოს.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზოგიერთ რეგიონში (უპირველეს ყოვლისა, ლომბარდიაში) ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მართალია მცირდება, მაგრამ ისევ მაღალია, ამავე დროს, ხელისუფლებას სურს ქვეყნის ყველა რეგიონს შორის გადაადგილება ერთდროულად აღდგეს, გამონაკლისის გარეშე.

გამოცემის წყაროს ცნობით, ორი თარიღიდან ხელისუფლება ერთ-ერთს აირჩევს: ან 3 ივნისს ან 10 ივნისს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილება გამონაკლისების გარეშე განახლდება, ქვეყნის ყველა რეგიონისთვის ერთდროულად. 

უფრო მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლა 3 ივნისიდან აღდგება, მით უმეტეს, რომ იტალია 3 ივნისიდან ევროკავშირის, შენგენის ქვეყნების, აგრეთვე, შვეიცარიისა და მონაკოსთვისაც ხსნის საზღვრებს და ტურისტების მიღებას გეგმავს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close