fbpx
ხელოვნება

ბოლივიური ორკესტრი მესამე თვეა, გერმანიის რეინსბერგის სასახლის დატოვებას ვერ ახერხებს

„ყველა ხუმრობს, რომ ფრიდრიხის მოჩვენება დაგვყვება და ოინებს გვიწყობს. აქამდე ასეთი რაღაცების არ მჯეროდა, მაგრამ ახლა მართლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ აქ სულები არიან“

ბოლივიური ექსპერიმენტული ორკესტრი, რომელიც გერმანიას 10 მარტს, ფესტივალში MaerzMusik მონაწილეობის მისაღებად ეწვია, ქვეყანაში დარჩენას მხოლოდ ორი კვირით გეგმავდა, თუმცა უკვე მესამე თვეა, მუსიკოსები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათი ჩაფრენის დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ბერლინმა მასობრივი შეკრებები აკრძალა. არტისტებმა კი თავი ქალაქის მახლობლად მდებარე 1566 წელს აგებულ რეინსბერგის სასახლეს შეაფარეს, სადაც საუკუნეების განმავლობაში სამეფო გვარის წარმომადგენლები, მათ შორის, XVIII საუკუნის პრუსიის მეფე, ფრიდრიხ II დიდი სახლობდნენ.

„იმ დღეს მაგისტრალზე ავტობუსი გაგვიფუჭდა. გავიხუმრე, ცუდის ნიშანია და ჩვენი კონცერტები გაუქმდება-მეთქი. ვერ წარმოვიდგენდი, ეს თუ მართლა მოხდებოდა. ხალხი ფიქრობს, რომ ზღაპარში ვართ. მწერენ, რომ არ უნდა ვიწუწუნო, რადგან სასახლეში ვცხოვრობ პრინცესასავით. ჩვენი ორკესტრი ამ ტურნესთვის იანვრიდან ემზადებოდა. დეპრესიაში ვარ, რადგან მთელი ჩვენი გეგმები ჩაიშალა“, – ამბობს BBC-სთან საუბარში ორკესტრის წევრი, კარლოსი.

მუსიკოსებმა სამშობლოში დაბრუნება მოინდომეს, თუმცა ბოლივიამ საჰაერო ფრენები აკრძალა, პარალელურად მათ გერმანიის მხრიდან მკაცრი იზოლაცია დაევალათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ მხოლოდ სასახლის ტერიტორიაზე შეეძლოთ გადაადგილება.

„ყველა ხუმრობს, რომ ფრიდრიხის მოჩვენება დაგვყვება და ოინებს გვიწყობს. აქამდე ასეთი რაღაცების არ მჯეროდა, მაგრამ ახლა მართლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ აქ სულები არიან“, – აცხადებს 20 წლის ქეიმიდ მარტელა.

ადგილობრივ მაცხოვრებლებში ფრიდრიხის მოჩვენების შესახებ მართლაც არსებობს ლეგენდები, თუმცა მუსიკოსებს უფრო რეალურ საფრთხეს მგლები უქმნიან, რომლებიც სასახლის მახლობლად არსებულ ტყეში ბინადრობენ.

„შიშისგან გავშეშდი, როცა სამი მგელი დავინახე, თუმცა ისინი, უბრალოდ, თამაშობდნენ, შემდეგ კი ტყეში მიიმალნენ“, – იხსენებს გამოცემასთან ორკესტრის კიდევ ერთი წევრი, ტრეისი.

 

ზოგიერთი მუსიკოსი შექმნილ სიტუაციაში დადებით მხარესაც ხედავს.

„აქაურობა ჩემი საცხოვრებლისგან მკვეთრად განსხვავდება. საოცარი სილამაზეა. ბევრად უარესი ადგილებიც არსებობს, სადაც შეიძლება, გამოიკეტო. როცა ვიღვიძებ, ტყის თავზე ამოწვერილ მზეს და ტბას ვხედავ. ჩემი სახლის ფანჯრიდან კი მხოლოდ მანქანების ხმა შემოდის“, – აღნიშნავს 25 წლის მიგელი.

ორკესტრისთვის საჭირო თანხა MaerzMusik-ის ორგანიზატორებმა კამპანიის საშუალებით შეკრიბეს. როგორც „ბიბისის“ ფესტივალის ხელმძღვანელმა, ბერნო ოდო პოლზერმა განუცხადა, ამ სასახლეში ცხოვრების ყოველთვიური ხარჯი 38 400 აშშ დოლარს უტოლდება. მუსიკოსებს საკვებს შენობის სამზარეულოში უმზადებენ, ტანსაცმლით კი ადგილობრივი მოსახლეები ამარაგებენ. ბოლივიის საელჩოს განცხადებით, ორკესტრის სამშობლოში დაბრუნება მადრიდის აეროპორტიდან ივნისის დასაწყისში იგეგმება. მანამდე კი არტისტები ყოველდღიურად სასახლის საკონცერტო დარბაზსა და ეზოში გადიან რეპეტიციებს.

popmusic.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close